ნეტგაზეთი | სისხლის ბანკი ცდილობს, ტრაგედია საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს – სერგეენკო სისხლის ბანკი ცდილობს, ტრაგედია საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს – სერგეენკო – Netgazeti

სისხლის ბანკი ცდილობს, ტრაგედია საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს – სერგეენკო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი სისხლის ბანკს ადანაშაულებს უბედური შემთხვევის საკუთარი მარკეტინგისთვის გამოყენებაში. ამის შესახებ განცხადება დავით სერგეენკომ ტელეიმედთან ინტერვიუში გააკეთა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საჯარო მოხელის კოდექსი არ აძლევს უფლებას, შესაბამისი შეფასება გააკეთოს:

სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს. თან, ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული და უამრავმა ადამიანმა უანგაროდ შესთავაზა დახმარება ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს. ამ ფაქტის შეფასებას საზოგადოებას შევთავაზებ.”

მინისტრის განცხადებით, ბავშვების მკურნალობის პროცესში დაიხარჯა ერთი ერთეული სისხლის პროდუქტი, რაც ძალიან ცოტაა და ამაზე ნაკლები მოცულობა უბრალოდ არ არსებობს. დავით სერგეენკოს თქმით, მარაგი შეფერხების გარეშე მიეწოდა საავადმყოფოს, თუმცა მას თავისი რესურსიც აქვს და კლინიკაში ერთეული ყოველთვის არის.

აფეთქება დიდ დიღომში – ყველა სიახლე

სისხლის ბანკის დირექტორი, დავით ლოლიაშვილი ჯანდაცვის მინისტრის ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, დიდი დიღმის ტრაგედიამდეც იყო დეფიციტი და მანამდეც სთხოვდა ჟურნალისტებს ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

“მარკეტინგული ხრიკი რას ნიშნავს, არ ვიცი. გუშინწინ ტვ პირველზე გადავეცით ჩვენ ინფორმაცია, რომ სისხლის დეფიციტია. პირადად მე ვთხოვე ინგა გრიგოლიას, როგორც ხდება ხოლმე საქართველოში. სულ რამდენიმე დღის წინ რუსთავი 2-ზე და სხვაგანაც გამოვაცხადეთ, რომ სისხლის ფეფიციტია. ამ ბავშვის ამბავი დაემთხვა, უბედურება და საშინელება მოხდა. ზოგადად დეფიციტია სისხლის, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ ნამდვილად არ უკავშირდება მაინცდამაინც ამ ბავშვს. შეიძლება გაუგებრობა მოხდა ჩვენი მხრიდანაც. ზოგადად, წლებია უკვე და იანვრიდანაც ჭირს, სისხლს არ აბარებს ხალხი. მე ვთვლი, რომ მინისტრიც, ჩვენც, თქვენც ერთი გუნდი უნდა ვიყოთ. ეს არის საზოგადოებრივი აზროვნება და უნდა მივხედოთ იმას, რომ ბავშვებს ჰქონდეთ სისხლი.

ათი წელიწადია იაშვილის კლინიკას ვემსახურებით და ჩავარდნა არ ყოფილა. პრობლემა სისხლის მიწოდებაზე არ ყოფილა და რატომ შექმნეს ეს აჟიოტაჟი… დღეს დაგვრჩა ერთი ცალი პაკეტი და ვთხოვეთ ინტერპრესნიუსს, რომ იქნებ გაავრცელოთ და ხალხმა ჩააბაროს სისხლი; ხვალ კიდევ რომ რამე მოხდეს: ავარია, უბედურება, მშობიარე, ტრავმა… სისხლი უნდა გვქონდეს. ეს იყო და ეს. ამას რატომ მოჰყვა ასეთი ცხარე რეაქცია, ვერ ვიგებ. პირიქით, მე მგონია, რომ კარგი საქმე უნდა გვეკეთებინა ყველას, რომ გამოვაცხადოთ და მოსახლეობა იყოს ინფორმირებული, რომ ჩააბაროს სისხლის კომპონენტი.

ჩვენ წუხელ გვქონდა სამი ცალი იმ ჯგუფის სისხლი, რომელიც ბავშვს სჭირდებოდა. მანამდე ქირურგიის ინსტიტუტმა მოითხოვა და ჩემმა მენეჯერმა არ გასცა. ეს სისხლები რომ გაეცა ჩემს მენეჯერს სხვაგან, მაშინ აქ მოხდებოდა საშინელება და იქნებოდა სალაპარაკო. ჩვენ ხელშეუხებელ მარაგს ყოველთვის ვინახავთ. ახლაც გვაქვს 2-2, 3-3 და თითო პაკეტი. ის, რომ აქ ვიღაცას სხვა რამე ინტერესი აქვთ, ქართულად გეტყვით, ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ ასე არაა,” – ამბობს სისხლის ბანკის დირექტორი.

დავით ლოლიაშვილის თქმით, სისხლის ჩაბარება მოქალაქეებს უფასოდაც შეუძლიათ და ამისთვის თანხის მოთხოვნაც შეუძლიათ:

“მაგრამ ფასიანი დონორი ითვლება რისკფაქტორად. ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ და მითითებაა სამინისტროსი და ევროსაბჭოსი, რომ რაც შეიძლება მეტი უანგარო დონორი იყოს. ესეც ტექნიკური საკითხია. რა თქმა უნდა, ასე ჯობია, მაგრამ არცერთ ქვეყანაშია ანგარებიანი დონორი.

ამ ბავშვს რეალურად გადაესხა 640 მილილიტრამდე სისხლის კომპონენტი. იმიტომ ვთხოვეთ დილით ინტერპრესნიუსს ინფორმაციის გავრცელება, რომ ერთი ცალი გვქონდა დარჩენილი დილით იმ ჯგუფის სისხლი, რომელიც ბავშვს გადაესხა. ამიტომ მივწერეთ, რომ რამე არ მოხდეს. რომ გართულებულიყო სიტუაცია და 10 დასჭირვებოდა… ამიტომ, ჩემი მითითებით მისწერა ჩემმა მენეჯერმა ინტერპრესნიუსს, რომ გაევრცელებინა ინფორმაცია. იქ თუ ტექნიკურად სწორად და დახვეწილად არ დაიწერა, ეს უკვე მეორე საკითხია. ვთვლი, რომ ამაზე არ უნდა იყოს ასეთი მწვავე რეაქცია. პირიქით, ყველა წესიერი ჟურნალისტი გვერდით უნდა გვედგეს.”

ხატზე დავიფიცებ, რომ კომერციული ინტერესი არ გვქონია – სისხლის ბანკის დირექტორი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.