ახალი ამბები

წულუკიანმა გენდერის აღიარებაზე, სავარაუდოდ, ტრანსფობიურ განწყობებზე თამაში სცადა – HRW

17 იანვარი, 2019 • 1550
წულუკიანმა გენდერის აღიარებაზე, სავარაუდოდ, ტრანსფობიურ განწყობებზე თამაში სცადა – HRW

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის შეფასებით, იუსტიციის მინისტრმა 2018 წელს გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე გაკეთებული კომენტარით, “სავარაუდოდ, საზოგადოებაში არსებულ ტრანსფობიურ განწყობებზე თამაში სცადა”.

საქმე ეხება თეა წულუკიანის მიერ 2018 წლის ივნისში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც “ენჯეოები მას სთხოვენ, ადამიანი მამაკაცის ორგანოებით გაატაროს ქალად”. ამ თემას Human Rights Watch დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში შეეხო, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით 2018 წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს. ანგარიშის ერთ-ერთ თავში, სახელწოდებით “სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა”, ვკითხულობთ:

“სახალხო დამცველის თანახმად, ლგბტ თემის წარმომადგენლები ხშირად განიცდიან ძალადობას და დისკრიმინაციას ცხოვრების ყველა სფეროში. საჯარო პირების ჰომოფობიური განცხადებები აძლიერებს საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმულ ჰომოფობიას.

ივნისში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მისი საქმიანობის მიმართ კრიტიკის საპასუხოდ გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე საკუთარი კონსერვატიული პოზიცია გამოხატა, რითიც, სავარაუდოდ, საზოგადოებაში არსებულ ტრანსფობიურ განწყობებზე თამაში სცადა. წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მინისტრის გადადგომა მოითხოვა მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების, მათ შორის სასამართლო რეფორმის წარუმატებლობის გამო. წულუკიანმა ამ ჯგუფების უკმაყოფილება საჯაროდ ახსნა თავისი უარით, დაერეგისტრირებინა „ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები… ქალად“ და პირიქით. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ტრანსგენდერი ადამიანების სქესის სამართლებრივ აღიარებას, თუმცა მათ მოეთხოვებათ, წარადგინონ სქესის შეცვლის ოპერაციის დამადასტურებელი საბუთი”, – ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

ამავე თემაზე

წულუკიანი: ენჯეოები მთხოვენ, ადამიანი მამაკაცის ორგანოებით გავატარო ქალად

მასალების გადაბეჭდვის წესი