ახალი ამბები

ციხეში მყოფ ტრანსგენდერ პირს საჭირო ჰორმონალურ მედიკამენტებზე უარი ეთქვა – სახალხო დამცველი

7 მაისი, 2021 • 1586
ციხეში მყოფ ტრანსგენდერ პირს საჭირო ჰორმონალურ მედიკამენტებზე უარი ეთქვა – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ციხეში მყოფ ტრანსგენდერ პირს უარი ეთქვა აუცილებელ ჰორმონალურ მედიკამენტებზე და ენდოკრინოლოგთან ვიზიტზე.

საუბარია საქმეზე, რომელიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ დაწესებულებაში განთავსებულ ტრანსგენდერ პირს ეხება. მას სქესის ტრანზიციის პროცესში მუდმივად ესაჭიროება ჰორმონული მედიკამენტებით უზრუნველყოფა, პენიტენციურმა დაწესებულებამ უარი განუცხადა მედიკამენტების მიწოდებაზე.

„მას ასევე ეთქვა უარი ენდოკრინოლოგის მომსახურებით სარგებლობაზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტმა უარის საფუძვლად დაასახელა, ერთი მხრივ, ის გარემოება, რომ კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროდ არ ჩაითვალა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, ხოლო, მეორე მხრივ, დასახელებული არ ყოფილა კონკრეტული პრეპარატები, ასევე ვერ მოხერხდა ჩატარებული ჰორმონული თერაპიის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის წარდგენა“. – ამბობს სახალხო დამცველი.

ტრანსგენდერ ადამიანებს ესაჭიროებათ განსხვავებული, მათ საჭიროებაზე მორგებული სამედიცინო მომსახურება.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ „ტრანსსექსუალი, ტრანსგენდერი და არაკონფორმული გენდერის პირებისთვის სამედიცინო დახმარების სტანდარტების (SOC)“ თანახმად, ჯანდაცვა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, რომლებიც ინსტიტუციონალიზებულ (მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებები) გარემოში ცხოვრობენ, იმ მომსახურების იდენტური უნდა იყოს, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა იმავე საზოგადოებასა და რეინსტიტუციონალიზებულ პირობებში რომ იმყოფებოდნენ.

„პირებს, რომლებიც ინსტიტუციებში უკვე დანიშნული ჰორმონული თერაპიის სათანადო სქემით ხვდებიან, იგივე ან მსგავსი თერაპია უნდა გაუგრძელდეთ.მოცემულ შემთხვევაში, ენდოკრინოლოგის მომსახურებასა და მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე უარის თქმამ კი, უგულებელყო განმცხადებლის სპეციფიკური მახასიათებლები.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა, გენდერული იდენტობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რათა გაატაროს სათანადო ღონისძიებები განმცხადებლისთვის როგორც სპეციალიზებული ენდოკრინოლოგის მომსახურებით, ასევე ჰორმონული მედიკამენტების შეუფერხებლად და უწყვეტად მიწოდების უზრუნველსაყოფად“, – წერია სახალხო დამცველის შეფასებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი