ახალი ამბები

აფეთქებისას დაშავებული ერთი ბავშვის მდგომარეობა უმძიმესია – ექიმი

16 იანვარი, 2019 • 1412
აფეთქებისას დაშავებული ერთი ბავშვის მდგომარეობა უმძიმესია – ექიმი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის, ივანე ჩხაიძის ცნობით, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ჩხაიძის თქმით, ბავშვის მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ მას რეანიმაციული ღონისძიებები “იმედის” კლინიკაში უტარდება და მისი ტრანსპორტირება იაშვილის კლინიკაში ვერ ხერხდება. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც ექიმი ამბობს, იაშვილის კლინიკაში ამ დროისათვის 6 ბავშვი იმყოფება, რომელთაგან შედარებით საყურადღებო დაზიანება აქვს ერთ ბავშვს, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. რაც შეეხება დანარჩენ ბავშვებს, მათ ნაწილს აღენიშნება ზედაპირული დაზიანებები, ნაწილ კი აქვს ემოციური სტრესი. დაზიანების არმქონე ბავშვები რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას.

ამ დროისათვის ერთი ზრდასრული დაზიანებებით გადაყვანილია ღუდუშაურის კლინიკაში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას 20:30 საათზე ნგრევა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა გაზის კომპანიის წარმომადგენლებმა ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს. “ყაზტრანსგაზი” განცხადებას მომხდართან დაკავშირებით უახლოეს საათებში გაავრცელებს.

საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, დაღუპულია 3 ადამიანი, არიან დაშავებულები.

საცხოვრებელი კორპუსი ამ დროისათვის სრულად ევაკუირებულია. ტერიტორია პოლიციის ლენტებით არის შემოსაზღვრული.

განახლება: 23:08 – აფეთქებისას დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა

მასალების გადაბეჭდვის წესი