ახალი ამბები

დიღომში აფეთქების საქმეზე “ყაზტრანსგაზის” დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი წარუდგინეს

19 იანვარი, 2019 • 1462
დიღომში აფეთქების საქმეზე “ყაზტრანსგაზის” დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი წარუდგინეს

“ყაზტრანსგაზის” ორ თანამშრომელს, რომლებიც დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დააკავეს, ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. ამის შესახებ მედიას დაკავებულების ადვოკატმა დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ განუცხადა.

ადვოკატ თამარ ჯაფარიძის თქმით, ორივე დაკავებულს ბრალი სსკ–ს 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა. მუხლი გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 3–დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ადვოკატის ცნობით, ბრალდებულები ჯერ არ დაკითხულან და ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ. დაცვის მხარე მათთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

“ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები დიდ დიღომში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით გუშინ, 18 იანვარს დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილის ქუჩა N8-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე „ყაზტრანსგაზის“ ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რადგან კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა.

ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა – ვ.მ-მ და თ.ტ-მ კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ. სპეციალისტების წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია”, – ვკითხულობთ შსს-ის განცხადებაში”, – აცხადებს შსს.


აფეთქება დიდ დიღომში 16 იანვრის საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 პირმა, რომელთაგან 6 ბავშვია. შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობას მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძნობს, დანარჩენი პაციენტები ექიმებმა სახლში გაწერეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი