ახალი ამბები

სერგეენკოს თქმით, გრიპის სეზონური გამწვავება წელს ბიუჯეტს, დაახლოებით, 11 მლნ ლარი დაუჯდება

15 იანვარი, 2019 • 1454
სერგეენკოს თქმით, გრიპის სეზონური გამწვავება წელს ბიუჯეტს, დაახლოებით, 11 მლნ ლარი დაუჯდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, წელს სეზონური გრიპის გამწვავება ბიუჯეტს დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაუჯდება, რასაც დაემატება გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატის “ტამიფლუს” შეძენაში გადახდილი 1 მილიონი ლარი.

მისივე თქმით, გრიპის, მათ შორის, H1N1-ის, ავადობის დინამიკა იკლებს და შესაძლოა, თებერვალში განმეორებით პიკი აღარ დაფიქსირდეს. სერგეენკომ ასევე დასძინა, რომ სეზონური გრიპის ხანგრძლივობა დაახლოებით თვენახევარს აღწევს.

“თებერვალში მცირე პიკს ვვარაუდობთ იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაშიც იგივე მდგომარეობაა –  იზრდება გრიპით ავადობა. ჩვენ დაახლოებით სამკვირიანი პერიოდით ვასწრებთ მათ ფაზაში. ვვარაუდობთ, რომ ჩვენთან ფონური მდგომარეობის დაბრუნების შემდეგ, ადამიანთა მოგზაურობით და გადაადგილებით, შესაძლოა, ევროპიდან ეს ვირუსი ხელახლა იქნას ჩამოტანილი, თუმცა ამგვარ სიდიდეს და ხანგრძლივობას არ ვვარაუდობთ. შეიძლება არც იყოს პიკი, ჩვენ, უბრალოდ, თეორიულად ვვარაუდობთ,” – ამბობს სერგეებენკო.

რაც შეეხება ვაქცინაციას, როგორც სერგეენკო ამბობს, კანონით ვაქცინაცია ოქტომბერში ან ნოემბრის პირველ ნახევარში ხდება და სამიზნე პოპულაციის 85%-ს მოიცავს. მინისტრის განმარტებით, დანარჩენი 15% არის რისკჯგუფები, რომელთა შორის არიან ორსულებიც.

სერგეენკო ამბობს, რომ გრიპის საწინააღმდეგო დამატებითი 3 000 ვაქცინის განაწილებისას პრიორიტეტი კვლავ ორსულები და მელოგინეები იქნებიან, თუმცა სამინისტრო ვაქცინებს რეალური საჭიროების მიხედვით განსაზღვრავს.

“არავინ დარჩება ისე, რომ სჭირდებოდა და ვერ მიიღოს ეს მნიშნველოვანი ინტერვენცია,” – ამბობს ის.

რაც შეეხება დანახარჯს, დავით სერგეენკოს თქმით, ყოველი სეზონური გამწვავება სახელმწიფოს, საშუალოდ, 10 მილიონი ლარი უჯდება, წელს კი ამ თანხას პრეპარატ “ტამიფლუს” შეძენისთვის გამოყოფილი 1 მილიონი ლარიც დაემატება. ჯანდაცვის სამინისტროს 11 იანვრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული მედიკამენტი საჭიროების მიხედვით ყველა მოქალაქეს უფასოდ დაურიგდება.

როგორც ნეტგაზეთს ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, ამ დროისთვის გრიპის ან გრიპისმაგვარი დაავადებით 800 პაციენტია ჰოსპიტალიზებული. 15 იანვრის მონაცემებით, H1N1 გრიპის ვირუსით 17 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი ლაბორატორიულად დადასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი