ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის საწინააღმდეგო “ტამიფლუს” ყველასთვის უფასოდ დაარიგებს

11 იანვარი, 2019 • 1553
ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის საწინააღმდეგო “ტამიფლუს” ყველასთვის უფასოდ დაარიგებს

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს, 11 იანვარს, განაცხადა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტ ტამიფლუს საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.

როგორც მინისტრმა თქვა, აქამდე აღნიშნული მედიკამენტი უფასოდ მხოლოდ სოციალურად დაუცველებზე, ორსულებზე, ბავშვებზე, მოხუცებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე გაიცემოდა.

“ბოლო დღეებში ცხადი გახდა, რომ ამ მედიკამენტის შეძენა სხვა ჯგუფებისთვის გარკვეულ ფინანსურ ბარიერს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქეზე ანტივირუსული პრეპარატი გაიცემა უფასოდ”, – თქვა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, მან ეს დავალება პრემიერ მამუკა ბახტაძისგან 10 იანვარს, გვიან ღამით მიიღო, უკვე დაიწყო გაცემის მექანიზმის შემუშავება და, შესაბამისად, მედიკამენტის გაცემა 12 იანვრიდან დაიწყება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში.

როგორც სერგეენკომ თქვა, ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს და გრიპის ახალი შემთხვევების შემცირების ტენდენციაც გამოიკვეთა, თუმცა მძიმედ მიმდინარეობს გრიპის არსებული შემთხვევები.

11 იანვრის მონაცემებით, უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა H1N1 გრიპის ვირუსით 15 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი. გარდაცვლილთა უმრავლესობას ჰქონდა ქრონიკული დაავადება, ან იყო დაგვიანებით მკურნალობის შემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი