ხადიჯა ისმაილოვა კოლეგა ჟურნალისტების გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა კოლეგების ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის აქციას იწყებს.
როგორც ისმაილოვა სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე წერს, ის საკვების დიდი ფანია, ასევე,  გატაცებულია კულინარიული ვიდეოებით, მაგრამ ჟურნალისტების უფლებების დასაცავად, შიმშილობის გარდა, სხვა გზა ვერ იპოვა.
“მე ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელსაც, ჩემი გემოვნებით, საუკეთესო საკვები აქვს. მაგრამ ეს ასევე არის ქვეყანა, რომელიც სიმართლის თქმისთვის ჟურნალისტებს ციხეში სვამს. უფრო მეტიც, პატიმრობის ვადის დასრულებისთვის მათ მიმართ ახალი საქმის ძიებას იწყებს, რათა გათავისუფლება არ მოხდეს. მე ვერ ვიპოვე პროტესტის სხვა გზა, გარდა შიმშილობის აქციისა, როგორც ამას არაერთი ჩემი კოლეგა აკეთებს გისოსებს მიღმა. ხვალიდან ვიწყებ შიმშილობას, სანამ კრიტიკისთვის დაპატიმრებულ ჟურნალისტებს არ გაათავისუფლებენ”, – წერს ისმაილოვა.
ხადიჯა ისმაილოვა ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტია აზერბაიჯანში. 2014 წელს ის ფალსიფიცირებული ბრალდებებით დაახლოებით წელიწადნახევრით დააკავეს. ამჟამად ხადიჯა ისმაილოვა თავისუფალია, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანიდან ვერ გადის.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.