ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხადიჯა ისმაილოვამ პოლიციას ჩვენება არ მისცა 

14 მარტი, 2024 • 1582
ხადიჯა ისმაილოვამ პოლიციას ჩვენება არ მისცა 

ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა 14 მარტს სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციაში დაკითხვაზე, თუმცა ჩვენების მიჩემაზე უარი თქვა. 

ხადიჯა ისმაილოვა ამჟამად აზერბაიჯანული  Toplum TV-ის მთავარი რედაქტორია. გასულ კვირას ამ გამოცემის 9 ჟურნალისტი დააკავა აზერბაიჯანის პოლიციამ. დღეს პოლიციიდან  გამოსულმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დაკითხვაზე  ალიბალ გაჯიევას საქმეზე დაიბარეს. 

“დაკითხვის დროს ჩვენ ვიკამათეთ პროცედურულ საკითხებზე. ამიტომ დიდი დრო დასჭირდა”, – ისმაილოვას მოკლე კომენტარს turan.az ავრცელებს. 

“აზერბაიჯანის კონსტიტუცია მაძლევს იმის უფლებას, რომ არ მივცე ჩვენება.  ჩემი ჩვენება შემდგომ შეიძლება გამოიყენონ ჩემ წინააღმდეგ. მე ჩემი კონსტიტუციური უფლება გამოვიყენე”, – განაცხადა მან. მისი თქმით, პოლიციაში მისთვის არაფერი უთქვამთ დაკითვაზე განმეორებით დაბარების თაობაზე. 

ხადიჯა ისმაილოვა ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტია აზერბაიჯანში. 2014 წელს ის ფალსიფიცირებული ბრალდებებით დაახლოებით წელიწადნახევრით დააკავეს. ეს საქმე ჟურნალისტმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრა და 2020 წელს მოიგო კიდეც – ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისმაილოვას უფლებები რამდენიმე მუხლით დაირღვა, მათ შორის: თავისუფლების უფლება და პირადი ხელშეუხებლობა; სამართლიანი სასამართლოს უფლება; გამოხატვის თავისუფლება. სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისთვის 25 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი