ახალი ამბები

ავარიისას დაშავებულებს შორის 2 ექიმია – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი

9 იანვარი, 2019 •
ავარიისას დაშავებულებს შორის 2 ექიმია – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი დღეს ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.

“აღნიშნული შემთხვევის მომენტში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტომანქანაში იმყოფებოდა პაციენტიც, რომელიც არ დაშავებულა და გადაყვანილია დანიშნულების ადგილზე. მოგეხსენებათ, მომხდარის შედეგად დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2 ექიმი. ყველა მათგანს უკვე გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება”, – ნათქვამია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის განცხადებაში.

ჭავჭავაძის გამზირზე, “აქსის თაუერთან”, სასწრაფო დახმარების მანქანა ტროტუარზე მდგარი მუშების ჯგუფს დაეჯახა. შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების/ექსპლუატაციის წესის დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი