მეუფე პეტრე

მიტროპოლიტი პეტრე მის მიმართ ცილისწამებაზე საუბრობს და სინოდისადმი მიმართვას ასაჯაროებს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ასაჯაროებს 2018 წლის 4 ივნისს მის მიერ სინოდისადმი მიმართვას.

წერილში ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მის მიმართ წარმოებულ ცილისწამებაზე საუბრობს. მეუფე პეტრე ამბობს, რომ გასული წლის 4 ივნისის შემდეგ სინოდის ორი კრება გაიმართა, თუმცა მის მიმართვაზე არცერთ სხდომაზე არ უმსჯელიათ.

“2017 წლიდან მოყოლებული მასმედიის საშუალებით ღიად და საჯაროდ ხორციელდება მცხეთა-თბილისის ეპარქიის სასულიერო პირებისაგან ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებები, რისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ საქართველოს საპატრიარქოს კარის ეკლესიის მოძღვარი, უღირსი დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი, რომელმაც მღვდელმთავრისგან მხილებაც იუკადრისა, შენდობის თხოვნის მაგიერ გამოხატა აგრესია და მუქარა, ღვთისმსახურისთვის ყოვლად შეუფერებელი და კადნიერი საქციელით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის საკურთხეველში ამა წლის 3 ივნისს, ხოლო ერისკაცთაგან საქართველოს საპატრიარქოს იურიდიული სამსახურის თანამშრომელი ედიშერ ქარჩავა, რომელიც მის უწმინდესობის მოკვდინებაში და საქართველოს ეკლესიის ე.წ. კონსტანტინოპოლიზაციაში მდებდა ბრალს ცილისმწამებლურად, დღემდე დაუსჯელია, ჩემი ინფორმაციით”, – წერს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი თავის მიმართვაში.

მეუფე პეტრე აღნიშნავს, რომ წმინდა სინოდის საეკლესიო სასამართლომ უნდა განსაჯოს “მღვდლების უღირსება, უნდა შეჯერდეს საღვთო კანონებთან მათი სიტყვა და საქციელი”.

“ცილისწამებასა და სიცრუეში შემჩნეული ადამიანები რომ კიდევ მსახურობდნენ, ეს არის საეკლესიო განწესების დარღვევა. უფრო მეტიც, ისინი ხშირად სარგებლობენ მასმედიის საშუალებით და ზოგიერთ შემთხვევაში აკეთებენ ღვთისმსახურისთვის შეუფერებელ განცხადებებს, რომელიც ასევე მოითხოვს შესწავლას და შეფასებას საეკლესიო სამართლის ნორმებით, რამეთუ მსგავსი საქციელით მათ შემოაქვთ შფოთი ეკლესიაში და ერში, რომელიც უნდა აღიკვეთოს”, – წერს მიტროპოლიტი პეტრე.

მეუფე პეტრე წერს, რომ “სიმკაცრის განდევნის” შემთხვევაში საეკლესიო საქმეები აირევა და წმინდა სინოდს სთხოვს, უახლოეს სხდომაზე განიხილოს აღნიშნული საკითხი.

ედიშერ ქარჩავამ, რომელსაც მეუფე პეტრე წერილში ახსენებს, “რუსთავი 2″-ს განუცხადა, რომ საკითხი, რომლის შესახებაც მეუფე საუბრობს, უკვე განიხილეს და მის წამოწევას აღარ აპირებს.

„ვიცი, რომ ჩემზე საუბრობს, მაგრამ ახლა შეგნებულად ხელმეორედ ამ თემის წამოწევა, მაშინ როდესაც უკვე გაირკვა და არის შესწავლილი და გადაწყვეტილება მიღებული… სინოდზე რატომ არ იქნა მიღებული და რატომ არ იქნა განხილული და რატომ არ იქნა ჩათვლილი საფუძვლიანად მისი ეს საკითხი, ეს არის სინოდის გადასაწყვეტი. მე ერთი რამით შემიძლია შემოვიფარგლო, ყველამ თავისი თავის ლუსტრაცია საბოლოოდ მოახდინა, ამიტომ ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – ამბობს ედიშერ ქარჩავა.

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თქმით კი,  მეუფე პეტრეს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა მისი საკითხის სინოდის სხდომაზე განხილვა, თუმცა “არ შეიძლება, წმინდა სინოდს მისივე წევრები დირექტივებით ესაუბრებოდნენ”.

“არსებობს საეკლესიო ეთიკა დ არცერთ მღვდელმთავარს და არცერთ სასულიერო პირს არ აქვს უფლება, საეკლესიო ეთიკა დაარღვიოს. იყო შემთხვევები, როდესაც ეთიკის წესები იყო დარღვეული, რაც ძალიან სამწუხაროა. მღვდელმთავარს როდესაც აქვს განსხვავებული პოზიცია, მან თავისი პოზიცია უნდა გადაამოწმოს სხვა მღვდელმთავრებთან. რაც უკვე სცილდება მღვდელმთავრის ეპარქიას. მას აქვს ერთადერთი შესაძლებლობა, რომ სინოდის წევრებთან ისაუბროს და, რა თქმა უნდა, ისაუბროს არა დირექტივებით, არამედ მოკრძალებით, და მან ითხოვოს, რომ თუ შესაძლებელი იქნება, ესა თუ ის საკითხი რომ იქნას განხილული. რაც შეეხება იმას, რომ ყველა მღვდელმთავარი ლოცვა-კურთხევის გარეშე, სინოდის თანხმობის გარეშე აკეთებდეს განცხადებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი”, – განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.

ცილისწამების თაობაზე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეშია საუბარი. ილია მეორემ 2019 წლის საშობაო ეპისტოლეში თქვა, რომ ადამიანები სიტყვის თავისუფლებას ხშირად ბოროტად იყენებენ და ცილისწამება არის პრობლემა. ვრცლად ნახეთ აქ:

განცხადება სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.