ახალი ამბები

ბერთა, მონასტერი და არჩევნები

8 ივლისი, 2014 • • 3602
ბერთა, მონასტერი და არჩევნები

15 ივნისის საარჩევნო ოქმის მიხედვით, წალკის რაიონის სოფელ ბერთაში სულ 551 ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათ უმრავლესობას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და საბერძნეთში ცხოვრობს, ასე რომ რეალურად ბერთაში 41 ოჯახი ცხოვრობს, აქედან უმრავლესობა – 33 ოჯახი აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტია, 8 – სამეგრელოდან ჩასახლებული.

 

სოფელში დედათა და მამათა მონასტრებია. ეკომიგრანტები აჭარიდან ამბობენ, რომ მათ მონასტრის წინამძღვარი მამა ნიკოლოზი (გვარლიანი) ავიწროვებს. ამას ამბობს მონასტრის მრევლიც, რომელსაც, მათივე თქმით, წინამძღვარი არ სწყალობს და ისინიც, ვინც მონასტრის მეშვეობით ლუკმა-პურს შოულობენ, ანუ სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს ასრულებენ მონასტრის მიწებზე, რის სანაცვლოდ მათ მონასტერი თანხას უხდის.

 

ბერთელების თქმით, მათ სოფელზე სამოქალაქო სამართალი თითქმის არ ვრცელდება, რადგან სოფლის ფაქტობრივი მმართველი ბერი ნიკოლოზია – ის დაუმორჩილებელ ადამიანებს არ აძლევს, მაგალითად, უფლებას, სოფლის საერთო საძოვრებზე პირუტყვი გაუშვან საბალახოდ, არ აძლევს უფლებას საერთო სარგებლობაში არსებული სახელმწიფო მიწა დაამუშავონ, მოტივით – “ეს მიწა ჩვენია”.

 

ვინც მას არ დაემორჩილება, შეიძლება მონასტერში შესვლა და ლოცვაც კი აუკრძალოს – ბერთელების ერთი ნაწილი ამ ყველაფერზე, როგორც პრობლემაზე, საუბრობს და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

 

ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ამ სოფელში 42 ამომრჩეველი ცხოვრობდა. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩევლის რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. ბერთაში ამბობენ, რომ ამომრჩევლები მონასტრის წინამძღვარმა მამა ნიკოლოზმა საგანგებოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის “მოიყვანა საიდანღაც”. იმას, რასაც სოფელში ამბობენ, “ბათუმელების” ხელთ არსებული დოკუმენტებითაც დასტურდება, – ბერთაში ამომრჩევლად 22 ადამიანი 1 ივნისს, ანუ არჩევნებამდე 15 დღით ადრე ნამდვილად დარეგისტრირდა.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ორი ძირითადი კონკურენტი იყრიდა კენჭს სოფელში – მამუკა ბერიძე და პაატა სიხარულიძე. მამუკა ბერიძე “ქართული ოცნების” კანდიდატი იყო, პაატა სიხარულიძე – დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც მონასტერი უჭერდა მხარს. მამუკა ბერიძის მამამ – ფრიდონ ბერიძემ, ისე როგორც ამ სოფლის სხვა მცხოვრებლებმა, ზუსტად იციან ხმა ვინ ვის მისცა.

 

“მამაომ იცოდა, რომ ჩემს შვილს 22 მეზობელი აძლევდა ხმას. სხვა პარტიების წარმომადგენლებს – 6 კაცი. მამაოს კანდიდატს – 14 მომხრე ეყოლებოდა, ამომრჩევლის რაოდენობა რომ არ გაზრდილიყო. მაგრამ არჩევნების წინ ჩვენი 11 მეზობელი წაიყვანეს, რომლებსაც აქამდე არ ჰქონდათ რეგისტრაცია გავლილი, გაუკეთეს პასპორტები და დაარეგისტრირეს, ხმები პაატასთვის რომ მიეცათ”.

 

თუ ეს სიმართლეა, რასაც თქვენ ამბობთ, მაშინ რისთვის დასჭირდათ კიდევ 19 ამომრჩევლის დამატება მონასტრის წინამძღვარს? – ამ კითხვაზე ბერთელი ფრიდონ ბერიძის პასუხია: “მართალია, ჩვენებს პასპორტები გაუკეთეს, მაგრამ დარწმუნებული არ იყვნენ, რომ აჭარელი მეზობლები მათ კანდიდატს დაუჭერდნენ მხარს, ამიტომ თავი დაიზღვიეს – ბერები და კიდევ 11 ადამიანი დაარეგისტრირეს, რომლებიც, როგორც ვიცი, სამეგრელოდან ჩამოიყვანეს. ეს ხალხი როგორც ჩამოვიდა, ისე წავიდა”.

 

ფრიდონ ბერიძე, რომელიც დამარცხებული კანდიდატის – მამუკა ბერიძის მამაა, უფრო მეტი სიზუსტისთვის იაშა ჩიკვაიძის ოჯახის მაგალითს იშველიებს: “ამ ოჯახში ხუთი ამომრჩეველია. იაშას 18-19 წლის ბიჭები ჰყავს. მამუკასთან ახლობლობდნენ. რომ ვკითხეთ, რატომ არ მისცეს მამუკას ხმა – მამაომ გვითხრა და სხვა გზა არ გვქონდა, თორემ პაატასთვის ხმა რატომ უნდა მიგვეცაო”.

 

სოფლის რწმუნებული მურად ნაკაშიძე, რომელიც ასევე აჭარიდან არის ჩასახლებული, ამბობს, რომ თავისი სოფლელების პრეტენზიებს ვერ შეაფასებს სატელეფონო საუბარში. თუმცა მურად ნაკაშიძე ადასტურებს, რომ, მაგალითად, პეტრე გოგოსაშვილი, ალექსანდრე გუგუშვილი და ლევან დალგაძე არ ცხოვრობენ მათ სოფელში. სამივე მოქალაქემ რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 2014 წლის 1 ივნისს გაიარა. გამგებელმა ასევე არ იცის დაზუსტებით, არის თუ არა სოფლის მცხოვრები კიდევ რამდენიმე პირი, რომლებმაც იმავე დღეს გაიარეს რეგისტრაცია.

 

არჩევნების შედეგების მიხედვით, სოფელ ბერთას წალკის მუნიციპალიტეტში შემდეგი სამი წლის განმავლობაში პაატა სიხარულიძე წარმოადგენს. ის ამბობს, რომ სოფლის უმრავლესობამ აირჩია. უკვირს, თუ ვის არ იცნობენ სოფელში: “გოგოსაშვილი პეტრეს ვიცნობ თუ არა? – რა თქმა უნდა, მაცხოვრებელია ჩვენი – მარტო ცხოვრობს”. დეპუტატი ადასტურებს, რომ ამ მოქალაქემ არჩევნების წინ გადაწყვიტა მათ სოფელში ცხოვრება და იმასაც ადასტურებს, რომ, ჯერჯერობით, ბერთაში არც სახლი აქვს და არც მიწის ნაკვეთი. ბერთელებისთვის კიდევ ერთ უცნობ ალექსანდრე გუგუშვილთან დაკავშირებით დეპუტატი ამბობს, რომ “სამი წელია ცხოვრობს ამ სოფელში და როგორ არ იცნობენ”.

 

დეპუტატი მის გამარჯვებას მანიპულაციის გზით გამორიცხავს – “ეს ხალხი აქ ცხოვრობდა წლებია. უბრალოდ, აქ მხოლოდ ოჯახის ერთი წევრი ჰყავდათ ჩაწერილი, ახლა კი ყველამ თვითონ მოინდომა და დარეგისტრირდა”.

 

პაატა სიხარულიძე არც იმას ადასტურებს, რომ აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები უმიწობაზე ჩივიან: “ყველას აქვს მიწა, თითო ჰექტარი მიიღეს პრეზიდენტისგან საჩუქრად”. შესაბამისად, ის ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვას უფლებამოსილების ვადის პერიოდში არ აპირებს.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის სულხან სალაძის შეფასებით, “თვითმმართველობის არსი ზოგადად იმაში მდგომარეობს, რომ სასურველ კანდიდატს კონკრეტული ტერიტორიის მცხოვრებლები ირჩევენ. შესაბამისად, თუკი ხდება ჩაწერა სხვა ადამიანების ამ თვითმმართველობაში, თუნდაც ეს არ იყოს კანონის დარღვევით, და შემდგომში ამ ჩაწერით ამომრჩეველთა შეცვლილი რაოდენობა სერიოზულ გავლენას ახდენს არჩევნების საბოლოო შედეგებზე, ბუნებრივია, ეს უარყოფითად აისახება ამ სოფლის მცხოვრებლების ნებაზე. მცირე ზომის უბნებში, რომელშიც შეიძლება 5,10, 20 ხმა იყოს გადამწყვეტი და თვითმმართველობის პირობებში ერთი ხმაც კი გადამწყვეტია, გარკვეული ადამიანების ჩაწერა და მათი საშუალებით არჩევნების მოგება, რა თქმა უნდა, ნიშნავს გავლენას ამომრჩეველთა საერთო ნებაზე”.

სოფელი ბერთა, არასამთავრობო ორგანიზაცია
სოფელი ბერთა, არასამთავრობო ორგანიზაცია ‘ბორჯღალის’ ფოტო

 

მიწა

 

სოფელი ბერთას ხევი ყოფს, მდინარის იქეთ – დაახლოებით 200 ჰექტარი მიწით სარგებლობენ ეკომიგრანტები აჭარიდან. ამბობენ, რომ ეს მიწები, ერთი ჰექტარი ერთ ოჯახს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საჩუქარია და ოჯახებს მაშინ გადასცეს, როცა ისინი 10 წლის წინ ჩაასახლეს. მესაკუთრეები მიწას უწოდებენ “ბალოტს”, ანუ ჭაობს და უმოსავლოს. ხეობის აქეთა სანაპიროც 200 ჰექტარია. ბერთელები ამბობენ, რომ ეს ძალიან ნოყიერი მიწაა, მაგრამ მას, როგორც სათიბს, ისე სახნავს, ეკლესია აკონტროლებს. ბერთელებმა იციან, რომ ეს მიწა მონასტრის საკუთრებაა. მათ ასე ეუბნებიან.

 

გარდა ამისა, სოფელში კიდევ არის 160 ჰექტარი ნოყიერი მიწა. ეკომიგრანტები ამბობენ, რომ მათ ამ მიწებით სარგებლობის უფლებაც არა აქვთ: “მონასტერში უთქვამთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო როცა გასაყიდად გამოიტანს, ჩვენ უნდა ვიყიდოთო”.

 

“აქ ისეთი მიწაა, არ შეიძლება ცხოვრობდე და სახელმწიფოს ჩამოეკიდო კისერზე”, – ამბობს ერთ-ერთი გლეხი, – “მაგრამ ისე გამოდის, რომ ჩამოკიდებული ვართ. გვიჭირს ძალიან”. ის და კიდევ რამდენიმე ბერთელი ადასტურებს მათი მეზობლების პრეტენზიების სამართლიანობას მონასტერთან მიმართებაში, მაგრამ ითხოვენ, რომ ნუ დავწერთ მათ სახელებს. არგუმენტი – “ვმუშაობთ მონასტერში. თუ გავაბრაზებთ, გამოგვყრიან”.

 

მათი თქმით, მონასტერს აქვს თავისი ფერმა 50-მდე ძროხით. სოფლის ქალები ამ ფერმაში წველიან ძროხებს, კაცები ბალახს თიბავენ, ზოგიც პირუტყვს აბალახებს. აქ დასაქმებულებს და კიდევ დაახლოებით ხუთ კომლს ეკლესია აძლევს უფლებას პირუტყვი აბალახონ იმ მიწაზე, რასაც საკუთარს უწოდებენ. სხვებს – არა. ადამიანების ასე დაყოფა არც ეკლესიაში დასაქმებულ ეკომიგრანტებს არ მოსწონთ, მაგრამ ამბობენ, რომ “ეს საქმე სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს. ჩვენ მრევლი ვართ, ეკლესიასთან სიახლოვეზე ვერ მივალთ”.

 

კიდევ ერთი ბერთელი ზაურ არობელიძე ამბობს, რომ მას მისცა ეკლესიამ საძოვრებით სარგებლობის უფლება, მაგრამ საკუთარი ინიციატივით თქვა ამ პრივილეგიაზე უარი: “მითხრეს, რომ შემეყვანა ჩემი პირუტყვი, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ჩემს მეზობლებს არ აძლევენ ამის უფლებას. რატომ არ აძლევენ? – საქონელი უნდა მოვიყვანოთო”.

 

ზაურისგან განსხვავებით სულიკო ზაქარიაძე ამბობს, რომ მას არ სწყალობენ: “გვეუბნებიან სხვა სოფელში ნახეთ ადგილი და გადაგასახლებთო, მიწებს ვარიანტი არაა, არ გაგიფორმებთო. ეკლესიაში კი დავდივართ ლოცვაზე, მაგრამ რა ვიცი, რა ვიცი… აქ სახლი მაქვს შესყიდული. მგონი არც მათ აქვთ ეს მიწა გაფორმებული და რა უფლებით გვიკრძალავენ”.

 

სულიკო ზაქარიაძის აზრით, როცა მონასტრის წინამძღოლი მამა დოროთე იყო, მაშინ ასეთი მკაცრი აკრძალვები არ ჰქონდათ. მამა დოროთე მონასტრიდან ერთი წლის წინ წასულა.

 

ფრიდონ ბერიძე მონასტრის წარმომადგენლებს რომ აკრიტიკებს, ამის შესახებ მონასტერშიც ზუსტად იციან. ბერიძე ღიად აყალიბებს იმ პრობლემების ჩამონათვალს, რაც მათსა და მონასტერს შორის არსებობს:

 

“მოგვცეს სათიბი ბალოტში. ფაქტობრივად, თითო ჰექტარი სახნავიც არ გვაქვს. დოკუმენტები ვნახე და ვიცი, რომ ეს მიწა არც მათია, მაგრამ სახელმწიფოს მიწით სარგებლობის უფლებას არ გვაძლევენ. მონასტრის მიერ საკუთრებად გამოცხადებულ სათიბში რომ შევრეკო პირუტყვი, მაშინ რა მოხდება? – წავა და გადარეკავს, წინააღმდეგობა როგორ გავუწიო. მეზობლები ამბობენ, დათვი რომ მოგერევა, ბაბია უნდა დუუძახოო. რა ვქნა, მე მაგას [მამა ნიკოლოზს] ბაბას ვერ დავუძახებ. ფაქტია, მამა დოროთემ თავისი ახლობლები ჩამოიყვანა აქ და სახელმწიფოს შესყიდულ სახლებში შეასახლა – ხუთი ოჯახი. კიდევ არის აჭარლების 10 ოჯახი, მათ შორის ერთ-ერთი გამგებლის, ვისაც სწყალობენ. აი, მაგათი პირუტყვი ძოვს იმ საძოვრებზე, სადაც ჩვენ გვიკრძალავენ გადასვლას. ჩვენ რომ ვკითხეთ, რატომ ხდება ასე, გვიპასუხეს – ამ ხალხმა გადაგვიხადა ქირა, თქვენც გადაგვიხადეთ და შეხვალთო. რომელი კაცი იქნება, რომ 10 ძროხის ძოვებაში 1000 ლარი გადაიხადოს. ჩვენ ვიცით ისინი რამდენსაც იხდიან – სათიბის ჰექტარზე 30 ლარს, სახნავზე – 150 ლარს. ჩვენც შევთავაზეთ მაგდენი, მაგრამ სათიბის ჰექტარზე 80 ლარი მოგვთხოვეს. აქირავებენ და ფულს აკეთებენ – ან სომხებზე აქვთ გაქირავებული, ან თათრებზე. ჩვენ კი გვეუბნებიან, რაც სააკაშვილმა მოგცათ, ის იკმარეთ, თუ არა და, სადაც გინდათ, იქ იდავეთო”.

 

კითხვაზე – რა არის იმის მიზეზი, რომ მას არ სწყალობენ, ფრიდონ ბერიძე ამბობს, “არ ვიცი, მაგრამ ერთხელ მითხრეს, რომ მე, ვითომ, სომხებს მივყიდი მიწას”.

 

მონასტერი

 

ბერთაში მამათა და დედათა მონასტრებია. ბერთელები ამბობენ, რომ გასულ წლამდე აქ 28 ბერი და 20 მონაზონი ცხოვრობდა; მამა დოროთე კი წინამძღვარი იყო. ახლა აქ წინამძღვარი მამა ნიკოლოზია და მხოლოდ სამი სასულიერო პირი ცხოვრობს – მამა თომა, მამა არსენი, მამა ალექსი.

 

მამა თომას (აბშილავა) თქმით, სოფელ ბერთას სხვა სტატუსი აქვს და სანამ ამ პრობლემაზე წერას დავიწყებთ, რუკა უნდა შევისწავლოთ კარგად.

 

“ეს არ არის ტელეფონში სასაუბრო თემა. ამ სოფლის შესახებ იცის მთავრობამაც, უშიშროებამაც თბილისში”.

 

კითხვაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების დონეზე რატომ განიხილავენ მათი მრევლის პრეტენზიებს, მამა თომა ამბობს, რომ “ამ სოფლის გარკვეული მოსახლეობა იტყუება და მათ ჭაობების გარდა კარგი მიწებიც აქვთ”.

 

მამა თომასთან დაკავშირება “ბათუმელებს” პაატა ნადარაიამ სთხოვა. ბერთას მკვიდრი პაატა ნადარაიაც 1 ივნისს გამხდარა. ის ამბობს, რომ ცუდად ერკვევა რეგისტრაციის საკითხებში და მის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია სწორედ მამა თომასგან შეიძლება მივიღოთ. პაატა ნადარაიას რეგისტრაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად მამა თომამ თქვა, რომ “მათი ხედვის შესახებ შეგვიძლია ყველა კითხვაზე მივიღოთ პასუხი იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე ვეწვევით”.

 

პრეისტორია

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “ბორჯღალის” წარმომადგენელი წალკის მუნიციპალიტეტში, თემურ მგელაძე “ბათუმელებთან” ადასტურებს ბერთელ გლეხებსა და მონასტერს შორის უკმაყოფილების არსებობას. მისი თქმით, მონასტერი შეიძლება იმიტომ არ აძლევს აჭარიდან ჩასულებს მიწის დამუშავების უფლებას, რომ “ეს მიწა სომხებს არ მიყიდონ”.

 

ბერთას “განსაკუთრებულ სტატუსთან” დაკავშირებით კი თემურ მგელაძე უახლესი წარსულიდან ერთ კონფლიქტს იხსენებს: “ამ სოფელს ყველა მხარეს სომხური სოფლები არტყია. 2004 წლის გაზაფხულზე მოხდა სერიოზული ინციდენტი. სომხური მოსახლეობა თავს დაესხა ეკომიგრანტებს – არ ასხვავებდნენ ქალს, ბავშვს, ყველას არმატურებს ურტყამდნენ. მაშინ შს მინისტრი მერაბიშვილი იყო. წამოიყვანეს სპეცრაზმი 150-200 კაცი და ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში აქ იყვნენ. აქედან არეგულირებდნენ სოფლებს. ახლა დემოგრაფიული სურათი შეიცვალა – მაშინ სოფელ ავრალოში სადღაც 42 კომლი ვცხოვრობდით ქართველები, მთლიან მუნიციპალიტეტში დიდი-დიდი 500 კომლი ვიქნებოდით. ახლა აჭარიდან ვართ 2 341 ოჯახი, სომხები კი – 3 ათასამდე არიან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი