ახალი ამბები

ანა სუბელიანმა სამინისტროსთან დავა შეწყვიტა, თამაზ ახობაძე – აგრძელებს

29 დეკემბერი, 2018 • 4046
ანა სუბელიანმა სამინისტროსთან დავა შეწყვიტა, თამაზ ახობაძე – აგრძელებს

ანა სუბელიანმა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს გაათავისუფლეს, სამინისტროსთან დავა შეწყვიტა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა და აღნიშნა, რომ დათანხმდა იმაზე ნაკლებ კომპენსაციას, ვიდრე ეკუთვნოდა.

“ნეტგაზეთთან” საუბრისას ანა სუბელიანმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ კიდევ კიდევ ერთი მორიგების შეთავაზების შემდგომ მიიღო.

“სასამართლომ შემოგვთავაზა მორიგება, ისევე როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში გვთავაზობდა, თუმცა დანაშაულის პრევენციის ცენტრი არ მოდიოდა ხოლმე მორიგებაზე.

ამჯერად დავა მიდიოდა აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ და საქმეში მესამე მხარედ იყო ჩართული დანაშაულის პრევენციის ცენტრი. ერთ-ერთ სხდომაზე მოსამართლის მიერ მორიგების რეკომენდაციას მოჰყვა უკვე ცენტრის მხრიდან კონკრეტული მოლაპარაკების მცდელობა. შევთანხმდით პირობებზე და მორიგების ოფიციალურად გაფორმებით დასრულდა საქმე სასამართლოში”, – აღნიშნა მან.

იუსტიციის სამინისტროს სუბელიანისთვის კომპენსაციის სახით 74 250 ლარის გადახდა მოუწია. სუბელიანის ინფორმაციით, თანხა შეთანხმებულ ვადებში, სრულად ჩაირიცხა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ანა სუბელიანი წარმატებას უსურვებს თამაზ ახობაძეს, რომელიც 2014 წელს მასთან ერთად გაათავისუფლეს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან და ამ დრომდე დაობს სასამართლოში.

“აქვე – სრული მხარდაჭერა ჩემგან თამაზს[ახობაძეს], ზუსტად ვიცი, ბოლომდე იბრძოლებს, გაიმარჯვებს და ეს მაინც ჩვენი, ორივეს გამარჯვება იქნება!” – წერს ის.

თამაზ ახობაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ დავას ჩვეულებრივ განაგრძობს. მისივე თქმით, ანა სუბელიანის გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული იყო.

ახობაძის განცხადებით, დანაშაულის პრევენციის ცენტრი დღემდე სთავაზობს განაცდურის ანაზღაურებას, თუ სამსახურში აღდგენაზე უარს იტყვის, რაზეც ის არ თანხმდება  და  სტრასბურგში დავისათვის ემზადება.

“დავას ვაგრძელებ. დეკემბრის შუა რიცხვებში ვიყავით მორიგებაზე, სადაც შევთავაზე ჩემი პირობები, თუმცა დანაშაულის პრევენციის ცენტრი გვთავაზობს მხოლოდ განაცდურის ანაზღაურებას, თუ [პოზიციაზე] აღდგენაზე უარს ვიტყვი. რა თქმა უნდა, ამაზე მე არ ვთანხმდები და ვაგრძელებ ბრძოლას. 8 იანვარს ჩანიშნული მაქვს შეხვედრა სტრასბურგის ადვოკატთან “საიაში”, ამიტომ თუ ასე გაგრძელდა და მანამდე ჩემთვის მისაღები წინადადება არ შემომთავაზეს, გავაგრძელებ დავას ბოლომდე”, – აღნიშნა მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

თამაზ ახობაძის განცხადებით, ანა სუბელიანის შემთხვევაში, დანაშაულის პრევენციის ცენტრი ამბობდა, რომ მისი თანამდებობა ამჟამად არ არსებობს და სამსახურში ვერ აღადგენს. თუმცა, ახობაძის შემთხვევაში ასე არ მომხდარა.

“ჩვენი საქმეები გაიყო, რადგან ანას უკვე ეუბნებოდნენ, რომ მისი პოზიცია არ არსებობს. ანას აღსრულებამ მისწერა, რომ შენი პოზიცია არ არსებობს და ვერ აღვასრულებთ სასამართლო გადაწყვეტილებას, თუ ამაზე თანახმა არ ხართ, წადით და გაასაჩივრეთ ეს ყველაფერი სასამართლოშიო.

ჩემი საქმე ასე არაა. თუ ანას უთხრეს გადაჭრით, რომ შენი პოზიცია გაუქმებულია და ვერაფერს ვიზამთ, ჩემი საქმე ჯერ არაა გაუქმებული. მე მეორე წრეზე უზენაესი მაქვს მოგებული. ჩემი პოზიცია არსებობს, თუმცა აღდგენას არ მთავაზობენ”, – აღნიშნავს ახობაძე.

ახობაძისა და სუბელიანის საქმე მოკლედ

ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს დაითხოვეს. მათ სასამართლოში დავა დაიწყეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მომჩივანთა მიმართ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მხოლოდ 4-თვიანი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. 2017 წლის 9 მარტს სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და დანაშაულის პრევენციის ცენტრს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა (დაახლოებით, 46 თვე).

იუსტიციის სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო, რაც ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

როგორც მოსარჩლე მხარე განმარტავს,  დანაშაულის პრევენციის ცენტრი არ ასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

მათივე განცხადებით, ცენტრი ერთ შემთხვევაში იმ დასაბუთებით ამბობდა უარს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომ 2017 წელს სხვა პირი დაასაქმა შესაბამის პოზიციაზე, რომლის გათავისუფლებაც არ ხდებოდა, ხოლო მეორე შემთხვევაში მიუთითებდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად აღარ არსებობდა აღსადგენი პოზიცია. თუმცა, საიას განცხადებით, ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები ცენტრს არ წარუდგენია სასამართლოში საქმის განხილვისას.

“ აღნიშნული ქმედებით იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ სასამართლოსადმი მიმართვა არაეფექტური გზაა დარღვეული უფლებების აღსადგენად. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობა კიდევ უფრო მეტ ფინანსურ ზიანს აყენებს ქვეყნის ბიუჯეტს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლებულ პირებს იძულებითი განაცდური უნდა აუნაზღაურდეს ცენტრის მიერ მათ აღდგენამდე პერიოდისთვის,”- განაცხადა ბრიფინგზე საიამ.

4 აპრილს, თამაზ ახობაძის თქმით, სააპელაციო სასამართლომ მათი  თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის მიღების გადაწყვეტილება ბათილად ცნო. თამაზ ახობაძის თქმით, სასამართლომ დააკმაყოფილა მორის ბარამიას შუამდგომლობა და დაადგინა, რომ ბარამია სასამართლო პროცესში უნდა იყოს ჩართული. მორის ბარამია სწორედ ის ადამიანია, რომელმაც  დანაშაულის პრევენციის ცენტრში თამახ ახობაძის გათავისუფლების შემდეგ მისი ადგილი დაიკავა.

სარჩელის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება ახობაძემ უზენაესში გაასაჩივრა. როგორც ახობაძემ ნეტგაზეთს უთხრა, 23 ივლისის გადაყწვეტილებით, სასამართლომ თქვა, რომ მესამე მხარის ჩართულობა “არაფერ შუაშია და არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს,”.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევდა, რომ ახობაძე–სუბელიანის გათავისუფლება იყო კანონიერი და მომჩივნებს პოლიტიკურად ანგაჟირებულობაში ადანაშაულებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი