ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: უგულავა ახორციელებდა შავი ფულის უკანონოდ შემოტანას

3 ივლისი, 2014 • • 1308
საგამოძიებო სამსახური: უგულავა ახორციელებდა შავი ფულის უკანონოდ შემოტანას

საქმე ეხება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაფინანსების საქმეს, რაზეც უკვე დაკავებულია გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი:

 

“გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი უგულავა როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, დანაშაულში ჩართულ სხვა წევრებთან ერთად, მათ შორის ამავე საქმეზე დაკავებულ მის ქვისლ გიორგი ღონიაშვილთან და ლატარიის კომპანიის ყოფილ დირექტორთან, დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორ, ალექსანდრე გოგოხიასთან ერთად, ახორციელებდა ერთ-ერთი ოფშორული კომპანიიდან საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ე.წ. „შავი ფულის“ მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანას, რაც შემდგომში უნდა მოხმარებოდა პოლიტიკური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას.


კერძოდ, ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანიიდან, „ექსიმუს ჰოლდინგიდან“, რომლის დირექტორიც არის ბრალდებულის სახით ძებნილი ალექსანდრე გოგოხია, ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე თანხა ირიცხებოდა ასევე ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის, „ბრუქთრეიდის“ ანგარიშზე, საიდანაც ფიქტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა უკვე ხვდებოდა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში, ხდებოდა აღნიშნული თანხის კონვერტაცია და გიორგი ღონიაშვილზე გადაცემა. პატიმრობაში მყოფი ღონიაშვილი, თავის მხრივ, უკანონო შემოსავალს გადასცემდა გიორგი უგულავას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მიზნით.


საერთო ჯამში, ოფშორული კომპანიიდან საქართველოში ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე ფულის გათეთრების გზით უნდა გადმორიცხულიყო 1 500 000 აშშ დოლარი, ხოლო გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად შეძლო მხოლოდ  760 000 აშშ დოლარის გადმორიცხვა. აღნიშნული თანხა გიორგი უგულავამ გამოიყენა პარტიული მიზნებისთვის”, – განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის უფროსმა.

 

მისივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9–დან 12 წლამდე ვადით.

 

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 3 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ამავე საქმეზე გიგი უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი დააკავა.

 

“დღეს მეც, ისე როგორც მთელმა საზოგადოებამ, ვიხილეთ მორიგი ტაკიმასხრობა დადგმული ფინანსური პოლიციის მიერ. როგორც ჩანს, წაცდენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა დააანონსა ცხელი ზაფხული, და ის, რომ არც ერთ რაიონში ნაციონალურმა მოძრობამ არ უნდა გაიმარჯვოს, მოქმედება დაიწყო. არჩევნებამდე 10 დღით ადრე აბსოლიტურად დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, მათ გადაწყვიტეს “ერთიანი ნაციონალური მოძრობის”, მთავარი ოპოზიციური პარტიის, რომლის მიმართ პირადად ივანიშვილს, როგორც ჩანს, დიდი შიში და ძრწოლა აქვს, ვინაიდან დილაობით, სარკეში რომ იხედებიან, ისევ “ნაციონალური მოძრაობა” ელანდებათ.  ამგვარი მეთოდებით მათ სურთ პარტიის დისკრედიტაცია”, – ეს განცხადება უგულავამ გიორგი ღონიაშვილისთვის ამ საქმეზე ბრალის წაყენების შემდეგ გააკეთა. უგუალვას თქმით, ეს საქმე “საპნის ბუშტივით გასკდება”  

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი