ახალი ამბები

საპროცესოს მოთხოვნით მოშიმშილე პატიმარი: პროკურატურის განცხადება და ადვოკატის პასუხი

23 დეკემბერი, 2018 •
საპროცესოს მოთხოვნით მოშიმშილე პატიმარი: პროკურატურის განცხადება და ადვოკატის პასუხი

საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მოშიმშილე პატიმარ ირაკლი ჩხეიძესთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, პატიმარს შესთავაზეს პირობითი შეთანხმება, რომლის პირობებზეც თავად განაცხადა უარი. თავის მხრივ, მსჯავრდებულის ადვოკატი “ნეტგაზეთთან” აღნიშნულის მიზეზებს განმარტავს.

პროკურატურის ცნობით, ჩხეიძის მიმართ სისხლის სამართლის ორი სხვადასხვა საქმე განიხილება, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში.

პირველ ინსტანციაზე ჩხეიძის მიმართ არსებითად განიხილება სისხლის სამართლის საქმე მანქანის სარკეების ქურდობის ბრალდებით. ის აღნიშნულზე 2015 წელს დააკავეს და ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

სააპელაციო სასამართლოში კი მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომლის ფარგლებშიც ბრალდების მხარე ჩხეიძეს ნარკოტიკული საშუალების(0.000305 გრ. MDMA) უკანონო შეძენა–შენახვას ედავება. საქალაქოს 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით, ამის გამო მსჯავრდებულს 6 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, სსკ–ს 260–ე მუხლის მესამე ნაწილით. გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარეს მეორე ინსტანციაზე აქვს გასაჩივრებული.

პროკურატურა ამბობს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ირაკლი ჩხეიძეს ამ ორი საქმის გაერთიანება და საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზეს, 3 წლიან რეალურ სასჯელსა და 3 წლით პირობით მსჯავრზე, თუმცა მან ამ პირობაზე უარი განაცხადა.

ბრალდების მხარის მიერ გავრცელებულ ცნობას ირაკლი ჩხეიძის ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აფასებს. მისი თქმით, იმ პერიოდისათვის, როცა მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა, სისხლის სამართლის სისტემისა და შესაბამისი პროცედურების შესახებ “არასწორი აღქმა და მოლოდინები” ჰქონდა. ამას გარდა, ის სასჯელის არაპროპორციულობას უჩიოდა.

რაც შეეხება პროტესტის მიზეზს, როგორც ირაკლი ჩხეიძე, ისე მისი იურისტი მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკული საშუალების მოცემული დოზის გამო 6 წლიანი პატიმრობა არამართლზომიერია.

“მე, როგორც ადვოკატი, მივიჩნევ, რომ არაა თანაზომიერი ეს სასჯელი, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ითვალისწინებს აღნიშნულს. პროკურატურა უფლებამოსილია, შეუთანხმდეს მსჯავრდებულს. 6 წლით ამ ხარისხის ნარკოტიკზე არ უნდა იჯდეს ირაკლი ჩხეიძე. მან  ბოლოს დაინახა არასამართლიანი დამოკიდებულება და ამის გამო დაიწყო შიმშილობა”, – აცხადებს ის.

ადვოკატის თქმით, გარკვეული ხნით ადრე მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ მორიგების პროცესი უნდა შეწყდეს.

“ვფიქრობ, გუშინწინ თუ 1 წლით ადრე უარი არ უნდა იყოს საპროცესო შეთანხმების არწარმართვის ხელჩასაჭიდი.

“ჩვენ იმედი გვაქვს და ველოდებით მათ ლმობიერ და სამართლიან, გულისხმიერ დამოკიდებულებას, რომ დავასრულებთ საქმე საპორცესო შეთანხმებით.”, – აცხადებს ის.

გიორგი ტურაზაშვილი ავტომობილის სარკეების ქურდობის მცდელობის ბრალდებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს ამის დასამტკიცებლად საკმარისი საფუძველი და მტკიცებულებები არ გააჩნია:

“ქურდობა ვერ დამტკიცდება, რადგან ამაზე მტკიცებულებები არ ლაპარაკობენ. არ არსებობს პირდაპირი მოწმე. ერთადერთი პოლიციელი საუბრობს ამაზე, [თუმცა]  ვერ ამბობს ადგილს, ვერ ამბობს, რომელ მანქანაზე იყო მოხსნილი სარკე, იყო მოხსნილი მთლიანად თუ ნაწილობრივ. საქმეში ჩართულია გამომძიებელი, რომელიც პროკურორის ზედამხედვეკლობის ქვეშაა, შესაბამისად ის დაინტერესებული პირია. უფრო მეტად გვაქვს ნივთის დაზიანების მტკიცებულებები და არა ქურდობის”.


ირალი ჩხეიძე, რომელიც 29–ე დღეა, შიმშილობს, სამკურნალო დაწესებულებაში გუშინ, 22 დეკემბერს მოათავსეს.

უწყება აცხადებს, რომ ჩხეიძეს პენიტენციური სამსახური სათანადო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფს, “თუმცა დღემდე მსჯავრდებული სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებდა”.

სამსახურის ცნობით, 21 დეკემბერს ჩხდეიძე ერთჯერადად გასინჯეს და ის პირღებინებას უჩიოდა, გლუკოზა სისხლში შეადგენდა 97-ს, ტემპერატურა 37.6-ს, წონა კი – 52 კგ-ს.

21 დეკემბერსვე ჩხეიძე ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინხარულა. მსჯავრდებულის ცოლი თინა კობეშავიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას სახალხო დამცველის წარმომადგენელზე დაყრდნობით ამბობს, რომ პატიმარი არის მძიმედ, სრულფასოვნად ვერ საუბრობს და ლაპარაკის დროს ქოშინებს.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სახალხო დამცველის პრესსამსახურსაც, სადაც ამცხადებენ, რომ საკითხის შესწავლას განაგრძობენ.

მოშიმშილე პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს – პენიტენციური სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი