ახალი ამბები

მოშიმშილე პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს – პენიტენციური სამსახური

22 დეკემბერი, 2018 • 1321
მოშიმშილე პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს მსჯავრდებულ ირაკლი ჩხეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეში 28-ე დღეა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით შიმშილობს.

უწყება აცხადებს, რომ ჩხეიძეს პენიტენციური სამსახური სათანადო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფს, “თუმცა დღემდე მსჯავრდებული სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებდა”.

“მიუხედავად იმისა, რომ მედპერსონალის მიერ მისი სტაციონარული მკურნალობის რეკომენდაცია გაცემული არ ყოფილა, მსჯავრდებული დღეს დილით მე-18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, რადგან მან დადო პირობა, რომ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ მედპერსონალს სამედიცინო დახმარების მიღებაზე დაეთანხმებოდა”, – აცხადებს პენიტენციური სამსახური.

აღნიშნული ინფორმაცია უწყებამ მედიასაშუალებებს დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით, 14:40-ზე მიაწოდა. ირაკლი ჩხეიძის ცოლი, თინა კობეშავიძე, “ნეტგაზეთს” უცხადებდა, რომ მსჯავრდებულის სტაციონარში გადაყვანაზე დადასტურებული ინფორმაცია დაწესებულებიდან მხოლოდ მოგვიანებით მიიღო. ჩხეიძის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ზუსტი დროის გარკვევას “ნეტგაზეთი” პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში შეეცადა, სადაც განაცხადეს, რომ მსჯავრდებული ინფორმაციის გავრცელებამდე, დაახლოებით, ნახევარი საათით ადრე მოათავსეს სტაციონარში.

უწყების ასევე აცხადებს, რომ 21 დეკემბერს ირაკლი ჩხეიძე ერთჯერადად გაესინჯა ექიმს, როცა მას რიგი ჩივილები ჰქონდა.

“უჩიოდა გულისრევას, ღებინებას, წნევა ჰქონდა 130/80, გლუკოზა სისხლში 97, ტემპერატურა 37.6. წონა 52 კგ. 21 დეკემბერს, გასინჯვის შემდეგ გაუკეთდა დროტავერინი და მეტოკლოპრამიდი, გულისრევის საწინააღმდეგოდ, გადასხმაზე უარი განაცხადა. სპეციალური პენიტენციური სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ირაკლი ჩხეიძესთან გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ მოხდეს მისი დათანხმება სამედიცინო დახმარების მიღებაზე”, – ამბობს უწყება.

გუშინ, 21 დეკემბერს, მსჯავრდებულთან სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მისმა მეუღლემ, თინა კობეშავიძემ, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ირაკლი ჩხეიძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სწორედ ომბუდსმენის წარმომადგენლისაგან მიიღო.

“სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, არის მძიმედ. ვერ ლაპარაკობს, საუბრის დროს ქოშინებს, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა უთხრა. ასევე აქვს სიცხე”, – ამბობს ის.

თინა კობეშავიძე ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, უარობდა თუ პატიმარი სამედიცინო დახმარებას გასულ დღეებში. თუმცა, მისი განცხადებით, 21 დეკემბერს ჩხეიძემ ომბუდსმენის წარმომადგენლებს უთხრა, რომ სტაციონარში გადაყვანა სურს.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სახალხო დამცველის პრესსამსახურსაც, სადაც ამცხადებენ, რომ საკითხის შესწავლას განაგრძობენ.

ჩხეიძე ბრალდებულია ნარკოტიკული საშუალების(0.000305 გრ. MDMA-ს) უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სამსახურის ინფორმაციით, იგი ასევეა ბრალდებული ქურდობის ჩადენაში.


17 დეკემბერს პატიმარი გიორგი ფასიეიშვილი, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობდა, ღუდუშაურის თერაპიულ განყოფილებაში გარდაიცვალა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულის შიმშილობის შესახებ შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ აცნობეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი