ნეტგაზეთი | დამანგრეველი ცუნამი ინდონეზიაში – დაიღუპა 168, დაშავდა ასობით ადამიანი დამანგრეველი ცუნამი ინდონეზიაში – დაიღუპა 168, დაშავდა ასობით ადამიანი – Netgazeti
სტიქიის შედეგები ინდონეზიაში. ფოტო: EPA/BANTEN POLICE HEADQUARTERS / HAN

დამანგრეველი ცუნამი ინდონეზიაში – დაიღუპა 168, დაშავდა ასობით ადამიანი

ინდონეზიაში ცუნამის ნგრევა და დიდი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. BBC-ის ცნობით, მოვარდნილმა ტალღებმა 168 ადამიანი შეიწირა, 745 მოქალაქე კი დაშავდა.

ქვეყნის კატასტროფის მართვის სააგენტოს ცნობით, შაბათს, ადგილობრივი დროით 21:30–ზე მომხდარი სტიქიის შედეგად ასობით შენობაა დანგრეული.

სპეციალისტები ცუნამის სავარაუდო მიზეზად კრაკატაუს ვულკანის ამოფრქვევასა და შემდგომ წარმოქმნილ ბიძგებს ასახელებენ. ვულკანი სწორედ ზონდის სრუტეში, კუნძულებს, სუმატრასა და ჯავას შორის მდებარეობს.

დამანგრეველმა ტალღებმა საცხოვრებელი სახლები წალეკა, ავტომობილები ამოატრიალა და ხეები წააქცია.

სტიქიის შემდეგ სოციალურ მედიაში დრამატული კადრები გავრცელდა. ერთ–ერთი ვიდეო Tanjung Lesong–ის სანაპიროზე, ადგილობრივი ბენდის კონცერტზეა გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ შევარდა ტალღა საკონცერტო სივრცეში და სცენა დაანგრია. სტიქიის შედეგად დაკარგულებს შორის ბენდის წევრებიც არიან.

ოფიციალური პირები ზონდის სრუტის გარშემო მცხოვრებ მოსახლეობასა და ტურისტებს მოუწოდებენ, სანაპირო ზოლიდან მოშორებით დარჩნენ. საგანგებო გაფრთხილება ადგილზე 25 დეკემბრამდე იმოქმედებს.

კრაკატაუს ვულკანი ერთ–ერთია 127 აქტიურ ვულკანს შორის, რომელიც ინდონეზიაში მდებარეობს.

ცუნამი ქვეყანას მიმდინარე წლის სექტემბერშიც დაატყდა. მაშინ ტალღები 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად წარმოიქმნა. მაშინ მსხვერპლის რიცხვმა 2 000–ს გადააჭარბა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან