ახალი ამბები

ინდონეზიაში მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა, დაღუპულია, სულ მცირე, 35 ადამიანი

15 იანვარი, 2021 •
ინდონეზიაში მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა, დაღუპულია, სულ მცირე, 35 ადამიანი

დღეს, 15 იანვარს, ინდონეაზიაში  6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. საერთაშორისო მედიის თანახმად, შემთხვევას, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა.

მიწისძვრის ეპიცენტრი სულავესის კუნძულზე იყო, რომელიც ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია.

გარდაცვლილების გარდა, დაშავებულია ასობით ადამიანი. სამაშველო ბრიგადები ნანგრევებიდან მოქალაქეების ამოყვანას ცდილობენ, მათ შორის არიან ბავშვებიც.

როგორც ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, 15 ათასამდე მოქალაქე ამ დროისთვის ევაკუირებულია. დაზიანებულ შენობებს შორის კი არის როგორც კერძო სახლები, ასევე, საჯარო და ჯანდაცვის დაწესებულებებიც.

ოფიციალური სამსახური ასევე დასძენს, რომ მოქალაქეთა ნაწილი სასტუმროშია გადაყვანილი, ნაწილს კი ჰუმანიტარული დახმარების სახით გადაეცა როგორც საკვები, ასევე, ტანსაცმელი და სხვა აუცილებელი ნივთი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც წელს ინდონეზიას ადამიანურ დანაკარგთან და ტრაგედიასთან მოუწია გამკლავება. რამდენიმე დღის წინ ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავი ჯაკარტადან ინდონეზიის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა.

როგორც „ალჯაზირა“ წერს, მაშველებმა იპოვეს თვითმფრინავის ნაფლეთები და ასევე – „გარდაცვლილთა სხეულების ნაწილები“. თუმცა ყველა გარდაცვლილის იდენტიფიცრება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

გავრცელებული ცნობებით, თვითმფრინავის ბორტზე 56 მგაზვრს შორის 10 ბავშვი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი