ახალი ამბები

კიბოს გამომწვევი ნივთიერება, რის გამოც ქართული თხილის პარტია ევროკავშირიდან მოაბრუნეს

21 დეკემბერი, 2018 •
კიბოს გამომწვევი ნივთიერება, რის გამოც ქართული თხილის პარტია ევროკავშირიდან მოაბრუნეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტოქსიკური ნივთიერება აფლატოქსინის გამო 2018 წელს ქართული თხილის ევროკავშირიდან მობრუნების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც სააგენტო აცხადებს, 2017 წელთან შედარებით, აფლატოქსინის გამო მობრუნებული თხილის რაოდენობა შემცირებულია. 2016-2017 წლებში თხილში ტოქსიკური ნივთიერების შემცველობაზე ევროკავშირისგან საქართველომ 9-9 შეტყობინება მიიღო.

12 დეკემბერს აფლატოქსინის აღმოჩენის გამო ბულგარეთიდან თხილი მოაბრუნეს. სააგენტოში არ ამბობენ, რამდენი ტონა თხილი მობრუნდა ქვეყანაში, თუმცა ირწმუნებიან, რომ მობრუნებული თხილი ქართულ ბაზარზე აღარ გაიყიდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს არაცხოველური წარმოშობის სურსათისა და სასმელების სამმართველოს უფროსის, მარიამ გორდაძის თქმით, მათი წარმომადგენელი ლუქავს ტვირთს და გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, შესაძლოა, გაანადგურონ.

სააგენტოს ინფორმაციით, აფლატოქსინების გამო ევროკავშირის ქვეყნებიდან თხილი უბრუნდებათ ისეთ მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებს, როგორებიც არიან თურქეთი და იტალია. სეს-ის ცნობით, 2016 წელს თურქეთმა კაკლოვან კულტურებში (თხილი, მიწის თხილი, ფსტა, ნუში) აფლატოქსინების შემცველობაზე ევროკომისიის 74 შეტყობინება მიიღო,  აქედან 37 შემთხვევა თხილში დაფიქსირდა. რაც შეეხება იტალიას, იმავე წელს თხილსა და კაკლოვან კულტურებზე 58 შეტყობინება მიიღო.

“რადგან თხილის მოსავალი საქართველოში შემცირებულია, ხშირ შემთხვევაში, აზერბაიჯანული თხილის ექსპორტი ხდება. აზერბაიჯანი ევროპას აფლატოქსინის თვალსაზრისით მაღალი რისკის მქონე ქვეყნად აქვს დასახელებული. ზოგჯერ ადგილობრივ ექსპორტიორებს თხილი აზერბაიჯანიდან შემოაქვთ და ქართულთან ერთად ევროკავშირის ქვეყნებში ყიდიან, ამ შემტხვევაში, გამგზავნი ქვეყანა საქართველოა,” – ამბობს მარიამ გორდაძე.

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ლევან ქარდავს თქმით, აფლატოქსინი ნიადაგიდან მოდის, ამ ნივთიერებით ნაყოფის დაავადებას ხელს უწყობს თხილის არასწორი გაშრობა. დასაწყობების შემდეგ კი ტოქსიკური ნივთიერება ვრცელდება მთელ ნაყოფზე. მისი თქმითვე, აფლატოქსინის გამო მობრუნებული თხილი მთლიანი ექსპორტის 1%-ზე ნაკლებს შეადგენს.

“აფლატოქსინი ნიადაგიდან მომდინარებს და უკავშირდება შენახვა-გაშრობას. ეს ნივთიერება წლებია გვხვდება თხილში, ანუ ეს ამბავი წელს არ დაწყებულა. ბუნებრივია, ამ საკითხს მეწარმეები ყოველთვის ვაკონტროლებდით. ვატარებდით ანალიზს, რათა  აფლატოქსინიანი თხილი ევროპაში არ გაგზავნილიყო. ტოქსიკური ნივთიერების თავიდან ასაცილებლად, წარმოების პროცესში მეწარმეები აფლატოქსინზე ლაბორატორიულ ანალიზს აკეთებენ, რათა დაავადებული პროდუქციის ევროპაში გაგზავნა არ მოხდეს,” – ამბობს ქარდავა ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში არსებობს ლაბორატორიები, სადაც აფლატოქსინზე შემოწმება ხდება. ასეთი ლაბორატორიები თბილისში და ბათუმშია. როგორც ლევან ქარდავა ამბობს, ერთი ანალიზის ღირებულება 150 ლარია.

“წარმოების პროცესში იმისთვის, რომ რისკები დააზღვიოს ბიზნესმენმა, პროდუქციას ამოწმებს, რათა პროდუქციის ტყუილად გაგზავნა არ მოუწიოს, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი მეწარმეს ერთი გზა მინიმუმ 3000 ევრო უჯდება, ამას ემატება უკან დაბრუნების ხარჯები, ბიუროკრატია და ა.შ. ასე რომ, პროდუქციის შემოწმების გარეშე ექსპორტზე გაგზავნა ძალიან დიდი რისკია. ამიტომ ყველა მეწარმე ამ რისკს გამორიცხავს და თხილს ამოწმებს,” – ამბობს ქარდავა.

კომპანია “კარტლისის” სამეცნიერო კონსულტანტის, რევაზ შონიას თქმით, აფლატოქსინის გავრცელება ხდება იმ თხილში, რომელშიც ტენის შემცველობა მაღალია. ნიადაგის შემთხვევაშიც ფერმერებმა ყურადღება ტენიანობას უნდა მიაქციონ, რადგან როგორც რევაზ შონია ამბობს, მშრალ ნიადაგში აფლატოქსინის განვითარების შესაძლებლობა ნაკლებია.

“აფლატოქსინი არის აზერბაიჯანულ, თურქულ და სხვა ნებისმიერი ქვეყნის თხილში. ეს არის ნიადაგის სოკო, რომელიც შეიძლება, თხილის გარდა, სხვა პროდუქტებსაც მოჰყვეს. ამ ტოქსიკური ნივთიერებისთვის ხელსაყრელი პირობა ტენია, რაც უფრო ჭარბია ტენი, მით უფრო ვითარდება აფლატოქსინი. თხილის შემთხვევაში, სასურველია ჩატარდეს შრობა იმ კონდიციამდე, რაც არის სტანდარტით გათვალისწინებული, ანუ 6%. გაშრობის პროცესში რაიმე განსაზღვრული დღე არ არსებობს, ანუ რამდენი დღე უნდა შრებოდეს თხილი, ეს დამოკიდებულია ამინდზე. ზოგადად, ნაყოფი მშრალ ამინდში უკეთესად შრება,” – ამბობს ის.

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ინფორმაციით, აფლატოქსინი მავნე ნივთიერებაა, რომელიც გრძელვადიან პერიოდში  თითქმის ყველა ორგანოზე ახდენს გავლენას. აფლატოქსინი შეიძლება ისეთი დაავდების გამომწვევი მიზეზი გახდეს, როგორიც ღვიძლის კიბოა, რადგან ძლიერი კარცინოგენია. ამასთან, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ნივთიერება იმუნიტეტს აქვეითებს, შედეგად ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის რეზისტენტულობა ქვეითდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი