ახალი ამბები

შეიძლება ზოგს ჰგონია, რომ უარესად ცხოვრობს, მაგრამ ეს ასე არ არის – გიორგი ქობულია

20 დეკემბერი, 2018 • 2327
შეიძლება ზოგს ჰგონია, რომ უარესად ცხოვრობს, მაგრამ ეს ასე არ არის – გიორგი ქობულია

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, 2012 წლის შემდეგ სიღარიბე 30%-ით შემცირდა.

ამის შესახებ ქობულიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“2012 წლიდან დღემდე სიღარიბე საქართველოში 10 პროცენტული ერთეულით, დაახლოებით 20-დან 30%-მდე შემცირდა. ეს ნიშნავს, თუ 2012 წელს ყოველი მესამე ითვლებოდა ღარიბად, დღესდღეობით ეს არის ყოველი მეხუთე. ამ შემცირების ძირითადი მიზეზი იყო ეკონომიკური ზრდა და ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ეკონომიკური ზრდა იყო დაბალი ტემპებით. ჩვენ 2017 წელს გავიზარდეთ 5%-ით, 2018-შიც, ალბათ, 5%-იანი ზრდა გვექნება. თვითონ ზრდის ტემპები საკმაოდ მაღალია. რომ დავაკვირდეთ ერთ სულ მოსახელზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, ის არის სტაბილურად მზარდი. ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე სტაბილურად იზრდება”, – განაცხადა ქობულიამ.

მინისტრი არ ეთანხმება პოზიციას, რომ ხალხს უფრო დაბუფრო უჭირს და მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ზრდა სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზეც აისახება.

“ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აუდირებული ფაქტები და სტატისტიკა, რომ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ მოსახლეობის ცხოვრების დონეს. ეს არ არის შეძლება მარტო ჩვენი მთავრობის დამსახურება, ეს არის იმის [დამსახურება], რომ ბევრი მიმართულებით ძაან კარგად ვვითარდებოდით, ვვითარდებით, ყოველწლიურად გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რაც აისახება მოსახლეობაზე. შემოსავლები იზრდება. ასეთი სიდიდის ეკონომიკა საქართველოს  არ ჰქონია”, – განაცხადა ქობულიამ.

მინისტრის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა შედეგით კმაყოფილია, თუმცა მოლოდინები რეალისტური უნდა იყოს.

“ინფლაცია, მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის კურსიც შეუცვალა, არის ფაქტობრივად არაუმეტეს 2-2,5%-ისა.  კი, რაღაცა პროდუქტებზე ფასი გაიზარდა, რაღაც პროდუქტებზე დაეცა, მაგრამ ჩვენ  უნდა ვნახოთ სამომხმარებლო კალათა. დიახ, გარკვეულ წამლებზე ფასი გაიზარდა, მაგრამ სუბსიდირებას ვაკეთებთ. ხალხს,  რა თქმა უნდა, უჭირს და ამიტომ ზოგს ჰგონია, რომ უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ვნახოთ ფაქტები, ეს ასე არ არის. ფაქტები უჩვენებს, რომ სამომხმარებლო კალათა იმდენად არ იზრდება ფასში”, – განაცხადა ქობულიამ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი