შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ქალი პოლიციელები ისევე კარგად იცავენ მართლწესრიგს, როგორც კაცები. თუმცა, მეზვრიშვილის თქმით, ის პირადად დაინტერესდება საკითხით, შეგნებულად მოხდა სექსისტური მოტივაციით ქალი პოლიციელების წინ წამოწევა, თუ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო.
“წინასწარ ვერანაირად ვერ იქნებოდა ცნობილი, დავით კირკიტაძის მიმართ აღკვეთის რა ღონისძიება იქნებოდა გამოყენებული. ოპოზიციამ დააანონსა აქციები. როგორც ვიქცევით ხოლმე აქციების დაანონსების წინა დღეებში, გუშინაც გავავრცელეთ ინფორმაცია და დღესაც, რომ პოლიცია დაიცავდა საზოგადოებრივ წესრიგს. თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, რა რაოდენობის პოლიციაც მივიჩნიეთ საჭიროდ იმისთვის, რომ მართლწესრიგი დაგვეცვა, იმ რაოდენობის პოლიცია მივიყვანეთ გურჯაანში. რაც შეეხება ქალების ყოფნას, მე მოვისმინე განცხადებები, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიდან, არასამთავრობოების მხრიდან, რომ თითქოს ქალები იქ არ უნდა მდგარიყვნენ. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს არის ქალი პოლიციელის როლის დაკნინება პოლიციის სიტემაში”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, ქალ პოლიციელებს ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციების შესრულება, როგორც კაცებს.
რაც შეეხება მეორე შეკითხვას, იყო თუ არა ეს შეგნებულად გაკეთებული? – “არ ვიცი, ვერ გეტყვით, დილიდან კონფერენციაზე ვიმყოფები. ეს თუ არ იყო უბრალოდ დამთხვევა, ვინაიდან კახეთში საკმაოდ მეტი რაოდენობის პოლიციელი ქალი მუშაობს, და ამის მიღმა რაღაც სექსისტური მოტივაცია იყო, რაზეც ზოგიერთები მიუთითებენ, ამ საკითხით პირადად მე დავინტერესდები. თუმცა, მე ვფიქრობ, ალბათ, ეს თემა არ უნდა იყოს იმიტომ, რომ ჩვენ საკმაოდ მკაცრი პოლიტიკა გვაქვს ამ მიმართულებით სამინისტროში”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
გურჯაანში, დავით კირკიტაძის სასამართლოს პარალელურად, სასამართლოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე წინა რიგებში ქალი პოლიციელების კორდონი იდგა. “რადიო თავისუფლების” ცნობით, ქალ პოლიციელებს აქციის ორგანიზატორებმა მიხაკები მიუტანეს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს ყვავილები იმის ნიშანია, რომ მათ სურთ მშვიდობა და არ სურთ დაძაბულობა.
ქალთა უფლებების დამცველების, ანა კამლაძისა და ბაია პატარაიას აზრით, ოპოზიციის აქციის წინა ხაზზე მხოლოდ ქალი პოლიციელების დაყენება შსს-ს მხრიდან შინაარსობრივად სექსისტური.