ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სკოლებში ბავშვები ომზე სპექტაკლებში არ უნდა მონაწილეობდნენ – აფხაზი ომბუდსმენი

20 დეკემბერი, 2018 • 2135
სკოლებში ბავშვები ომზე სპექტაკლებში არ უნდა მონაწილეობდნენ – აფხაზი ომბუდსმენი

ასიდა შაკრილი აფხაზეთში ომბუდსმენის პოსტზე დეპუტატებმა 2018 წლის მარტში აირჩიეს. აფხაზეთში ადამიანის უფლებებზე საუბარიც ფაქტიურად სწორედ მაშინ დაიწყეს.

სახალხო დამცველი გვიყვება იმ ძირითადი პრობლემების შესახებ, რომელთა გამოც აფხაზეთში ომბუდსმენს მიმართავენ:

“ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ჩემი თანამოსაუბრეებისგან ხშირად მესმის აღშფოთება აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ სხვა სახელმწიფოების მხრიდან. ჩვენს ახალგაზრდობას აღელვებს, რომ არ გვაძლევენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მსოფლიო მასშტაბით; რომ ჩვენი უფლებები ირღვევა ჩვენივე სახელმწიფოს მიერ”, – ამბობს ასიდა.

შაკრილი ამბობს, რომ აფხაზეთში იმდენად მწვავედ არ იგრძნობა ადამიანის უფლებების დარღვევა, როგორც, მაგალითად, ევროპაში, იმიტომ, რომ “ჩვენი ხალხი მიჩვეულია ექსტრემალურ სიტუაციებს”.

“ომმა და მთელმა ომისშემდგომმა პერიოდმა ადამიანებს მოთმინება და ტოლერანტობა ასწავლა და, ასე ვთქვათ, პრობლემებს შეაჩვია. ეს არც კარგია და არც ცუდი. ეს რეალობაა. მაგრამ ახლა, როდესაც წინ მივდივართ, ადამიანის უფლებების უპირობო დაცვა უნდა მოვითხოვოთ იმიტომ, რომ ადამიანის უფლებები, პირველ რიგში, ადამიანის ღირსებაა”.

ასიდა შაკრილი; ფოტო: ნეტგაზეთი

ასიდა შაკრილის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მის ოფისს მიმართავენ ადამიანები ძალიან სერიოზული პრობლემებით, რომელთა გადაჭრაც შეუძლებელია აფხაზეთში არსებულ პირობებში.

“ძირითადად ეს არის სოციალურად დაუცველი ბავშვების პრობლემა. ვხედავთ, რომ ბავშვი ვეღარ დარჩება ასეთ პირობებში, მაგრამ სად წავიყვანოთ?

აფხაზეთში არ გვაქვს ბავშვთა სახლები ან მსგავსი ტიპის დაწესებულებები. ამავე დროს, გვესმის, რომ ამ ბავშვების ცხოვრება განწირულია და ვეღარ გადავარჩენთ მათ”.

როგორც აფხაზი ომბუდსმენი ამბობს, 25 წლის წლის განმავლობაში აფხაზეთში არცეთი შესაბამისი დაწესებულება არ აშენებულა, რადგან იქამდე არავინ აღიარებდა, რომ პრობლემა არსებობს.

“ნორმალურ სახელმწიფოში არ უნდა არსებობდეს გადაუჭრელი საკითხები, აფხაზეთში კი არსებობენ, მაგალითად, მარტოხელა მიტოვებული შშმ პირები. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად დიდია რაოდენობა ჩვენთან ასეთი მიტოვებული ადამიანებისა. მათთვის არავის სცალია. როდესაც ჩინოვნიკთან მიდიხარ მათი საკითხის გადასაჭრელად, პასუხად იღებ რაღაც ლოგიკურ პასუხებს, იწყებ მათ მდგომარეობაში შესვლასაც, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგან თუ ჩინოვნიკმა დაიკავა სავარძელი, უნდა შეეძლოს მის კომპენტენციაში არსებული საკითხების გადაჭრაც”.

ასიდას თქმით, აფხაზეთში ადამიანის უფლებები ყოველ  ნაბიჯზე ირღვევა.

“მაგალითად, ჩვენ გვაქვს უფასო ჯანდაცვის მიღების უფლება, ფორმალურად უფასოა ის, მაგრამ რეალურად, ნებისმიერ მიღებაზე, თითოეულ წამალში და პროცედურაში შენ უნდა გადაიხადო. ასეთივე სიტუაციაა განათლებასთან დაკავშირებით”.

აფხაზი სახალხო დამცველი ცალკე საკითხად გამოყოფს გალის რაიონის მცხოვრებლების პრობლემებსაც.

ასიდა ამბობს, რომ აქამდე არსებობდა გახმაურებული შემთხვევები მოქალაქეობის მასობრივ ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რაც მაშინ კონიუნქტურული გადაწყვეტილება იყო – “გალელები ორი პოლიტიკური ბლოკის შიდა ბრძოლას ეწირებოდნენ”.

რაც შეეხება მშობლიური ენის სწავლებას, ომბუდსმენი ამბობს, რომ ამ თვალსაზრისითაც ხედავს დარღვევებს.

“ქართველებს, ისევე როგორც მსოფლიოში ყველა ეროვნებას, აქვთ უფლება, მშობლიურ ენაზე ისწავლონ. თუმცა ამასთან დაკავშირებით არც ისე ბევრი პრობლემა არსებობს ჩვენთან. პრობლემას სხვა რამ წარმოადგენს. სკოლებში ბავშვებს აიძულებენ მონაწილეობა მიიღონ საომარ თემატიკაზე გამართულ სპექტაკლებსა და კონცერტებში. ეთიკურად ეს არ არის სწორი, მე ვერ დავუჭერ მხარს ასეთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ რთულია ჩემთვის ამის შესახებ საუბარი.

მე წინასწარგანწყობა მაქვს ყველაფერში, რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ ურთიერთობებს საქართველოსთან, იმიტომ, რომ ეს ქვეყანაც არღვევს ჩვენს უფლებებს. ისინი ყველა შესაძლო საშუალებით ბლოკავენ ჩვენი ბავშვების მონაწილეობას საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში, იმის მიუხედავად, რომ ეს არ არის პოლიტიკური ღონისძიებები”.

მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ომბუდსმენი, მეზობელი რუსეთისგანაც განსხვავებით, აფხაზეთში მეტ სიტყვის თავისუფლებას ხედავს, სადაც არ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები.

“ბევრი ქვეყნისთვის ეს დიდი პრობლემაა. ამ კუთხით ჩვენი თავისუფალი ვართ. ჩვენს ჟურნალისტებს ნებისმიერ პოლიტიკოსთან აქვთ წვდომა და თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ აზრი”.

ასიდა შაკრილი, როგორც სახალხო დამცველი, ხშირად ხვდება ახალგაზრდებს და ფიქრობს, რომ ადამიანის უფლებები უნდა ასწავლოს, უნდა მიიტანოს ახალგაზრდებამდე ამ სიტყვების აზრი.

ადამიანის უფლებების დაცვა დასავლეთიდან შემოსული ტენდენცია არ არის და ის არ ეწინააღმდეგება ტრადიცულ აფხაზურ კულტურას, როგორც ბევრს ჰგონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი