ახალი ამბები

ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და იდენტობის დათრგუნვა გალში – ციხელაშვილის მოხსენება

31 ოქტომბერი, 2018 • 5505
ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და იდენტობის დათრგუნვა გალში – ციხელაშვილის მოხსენება

ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ღირსების შემლახავი მოპყრობა, მშობლიურ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვა – ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლის წინაშე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, გალის რაიონში მცხოვრები ქართველი ბავშვები დგანან.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სპეციალური მოსმენა 30 ოქტომბერს მიეძღვნა. ქეთევან ციხელაშვილმა სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ბავშვთა უფლებების მხრივ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით, გალის რაიონში არსებული მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ აქ:

  • ხორციელდება რუსიფიკაციის პოლიტიკა;
  • აკრძალულია მშობლიურ ენაზე სწავლება და კომუნიკაცია;
  • მიუწვდომელია ხარისხიანი განათლება;
  • აქტიურად მიმდინარეობს ომის პროპაგანდა;
  • ადგილი აქვს ეთნიკურ დისკრიმინაციას და ქართული იდენტობის დათრგუნვას;
  • ქართველი ბავშვების, მშობლების და მასწავლებლების მიმართ ხორციელდება ღირსების შემლახავი მოპყრობა, მუქარა და იძულება, გამოიყენება სადამსჯელო ღონისძიებები;
  • ხდება ბავშვთა ფსიქიკასა და თავისუფალ ნებაზე ნეგატიური ზემოქმედება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მათ მენტალურ განვითარებაზე.

“გალის რაიონში მთლიანად აკრძალულია სწავლება მშობლიურ ენაზე, რაც ეკვივალენტურია იმისა, რომ ბევრ სკოლაში და ათასობით მოსწავლისთვის, საერთოდ, განათლებაზე ხელმისაწვდომობა აღარ არის, ვინაიდან არც ბავშვებმა, არც მასწავლებლებმა და არც მშობლებმა არ იციან რუსული ენა, რომელზეც მათ აძალებენ, რომ სასწავლო პროცესი წარმართონ”, – ამბობს ციხელაშვილი.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 2015-18 წლებში:

  • “საპენსიო ასაკის გამო” სამსახურიდან გაათავისუფლეს გალის რაიონის საბავშვო ბაღებისა და სკოლების დირექტორები;
  • იგეგმება ქართული უმაღლესი განათლების მქონე მასაწვლებლების ჩანაცვლება АГУ-ში (დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ან რუსეთის ფედერაციაში განათლებამიღებული კადრებით;
  • მასწავლებლებს აიძულებენ რუსულ ენაში გადამზადებას და პერიოდულად უტარებენ ტესტირებას,  აფხაზური და რუსული ენების არმცოდნე მასწავლებლებს კი გათავისუფლებით ემუქრებიან.

ციხელაშვილის თქმით, ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა “კულტურისა და განათლების საკითხების კურატორად” ნაირა ამალიას დანიშვნის შემდეგ. კერძოდ, გახშირდა ე.წ. უშიშროების სამსახურების წარმომადგენლების რეიდები საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. 2018 წელს გამოკითხვაზე დაიბარეს გალის რაიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საზაფხულო ბანაკში მონაწილე 235-ივე მოსწავლე, ხოლო ლტოლვილთა დანიის საბჭოს აუკრძალეს გალის რაიონში სამშვიდობო ბანაკის მოწყობა.

“ხშირი რეიდების პირობებში, როდესაც ბავშვებთან მიდიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სპეციალური სამსახურის  წარმომადგენლები, მათ რუსულად უტარებენ ინტერვიუს. ბევრმა ბავშვმა არ იცის რუსული, თუმცა  ისინი უკვე შეჩვეული არიან [რეიდებს] და აღმზრდელებისგან იციან, რომ ასეთ შემთხვევბში უკეთესია, რომ  გაჩუმდნენ, თავი დახარონ ან თუ ეხერხებათ, ერთი-ორი სიტყვა რუსულად თქვან, რომ საკუთარი მშობლები შემდგომი სადამსჯელო საქნციებისგან დაიცვან”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

ომის პროპაგანდა

განსაკუთრებით მძიმეა გალის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ომთან დაკავშირებული ე.წ. საიუბილეო თარიღები, როცა ეთნიკურად ქართველი ბავშვები, თავი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებულნი ხდებიან, სამხედრო ფორმებში ჩაცმულებმა, ისეთ სიმულაციურ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც ომის პროპაგანდისა და ქართველებისგან მტრის ხატის შექმნას ისახავს მიზნად.

“მაგალითად, ქართველი მოსწავლე თამაშობს აფხაზი ბიჭის როლს, რომელსაც კლავს ქართველი ჯარისკაცი და სხვა. ეთნიკურად ქართველ გალელებს უწევთ ასეთ თამაშებში მონაწილეობა, რაც მანამდე ასეთი ფორმით არ ყოფილა. ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბავშვების ფსიქიკაზე და შეიძლება, დიდი ტრავმა გამოიწვიოს”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით, გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის ქართულ იდენტობაზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს.

“ეს არის სეროზული ფსიქოლოგიური ზემოქმედება და იდენტობის დათრგუნვა, რომელიც, ვფიქრობ, არავის ინტერესში არ უნდა იყოს”, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ქართული მხარის მიერ გადაგმული ნაბიჯები

გალის რაიონში და მთლიანად აფხაზეთში მიმდინარე რუსიფიკაციის  პრობლემაზე, მათ შორის, ბავშვთა უფლებების დარღვევაზე საპასუხოდ, ქართული მხარის ხელთ არსებული ბერკეტები მწირია და ძირითადად შემოიფარგლება საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებითა და ჟენევის დისკუსიებში ამ თემის განხილვით.  საერთაშორისო ორგანიზაციების (UNICEF, СOE) პროექტები კი ითვალისწინებს აფხაზეთის რეგიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელშეწყობას.

მართალია, საქართველოს მთავრობა ახორციელებს გალის რაიონის მასწავლებლების ჩართულობისა და მათი დახმარების პროგრამას, თუმცა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, არსებული ვითარება დამატებითი მექანიზმების ამოქმედებას და უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს ვერ ახოციელებს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ ის “შორს არის აზრისგან”, რომ შესაძლებელია ოკუპანტ რეჟიმს მსგავსი ქმედებები მთლიანად აუკრძალონ. თუმცა გარკვეული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას. ხოლო იმის შესახებ “უფრო თამამად” სამსჯელოდ, რა ნაბიჯები შეიძლება იყოს ეს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა დაიხურა.

სხდომის დახურვამდე თავისი რეკომენდაციების ნაწილი წარმოადგინა საქართველოს სახალხო დამცველმა. როგორც ნინო ლომჯარია მიიჩნევს, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია გაზარდოს გალის რაიონში მცხოვრები ქართული ენის პედაგოგების ფინანსური დახმარება, ასევე, უზრუნველყოს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა  (რადგან აფხაზეთში ეს სერვისი ძალიან ძვირია).

“ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის საგანგაშო.  ჩვენ შეიძლება ძალიან ეფექტურად ვერ მოვახდინოთ ამაზე რეაგირება, მაგრამ შეგვიძლია ნაბიჯების გადადგმა, რომ იქ მცხოვრები ბავშვების მდგომარეობა შევამსუბუქოთ”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სტატისტიკური ინფორმაცია

ამჟამად გალის რაიონში ფუნქციონირებს 30 სკოლა, სადაც ირიცხება 4 108 მოსწავლე და დასაქმებულია 754 მასწავლებელი. თუ შევადარებთ 2012-2013 სასწავლო წელს, მაშინ გალის რაიონში მოსწავლეების რაოდენობა 4 380 იყო. მოსწავლეების 98% და მასწავლებლების 90% ეთნიკური ქართველია.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ამჟამად გალის რაიონში ფუნქციონირებს 8 საბავშვო ბაღი, სადაც 443 აღსაზრდელი ირიცხება და დასაქმებულია 71 მასწავლებელი. გალის რაიონში არსებულ ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში ქართულ ენაზე სწავლება აკრძალულია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში გალის რაიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საჯარო სკოლებში ყოველდღიურად გადმომსვლელი ბავშვების რაოდენობა 56-დან 17-მდე შემცირდა; 2018 წელს გალის რაიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლის გასაგრძელებლად სხვადასხვა კლასის 69 მოსწავლე გადმოვიდა.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი