ახალი ამბები

ჯგუფები საქართველოდან ისევ ჩართულნი არიან საკუთრების ხელყოფის დანაშაულში – ევროკომისია

19 დეკემბერი, 2018 • 1544
ჯგუფები საქართველოდან ისევ ჩართულნი არიან საკუთრების ხელყოფის დანაშაულში – ევროკომისია

“ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან კვლავ ერთ-ერთ ყველაზე ხშირად წარმოდგენილ ჯგუფებს შეადგენენ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან მძიმე და ორგანიზებულ დანაშაულში ევროკავშირის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით- საფრანგეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და შვედეთში”, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის II ანგარიშში ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის.

ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებშია მომზადებული და გამომდინარეობს კომისიის ვალდებულებიდან, გაუწიოს მონიტორინგი მესამე ქვეყნების მიერ ვიზების ლიბერალიზაციით გათვალისწინებული მოთხოვნების უწყვეტ შესრულებას და  მისი შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინოს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს სულ მცირე წელიწადში ერთხელ მაინც.

საქართველოს თაობაზე მომზადებული ანგარიშის მეორე თავი საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას ეხება.

დოკუმენტში ვკითხულობთ:

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან ისევ ჩართულნი არიან საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებულ დანაშაულში და ამასთანავე ისინი აქტიურად განაგრძობენ კრიმინალური შემოსავლების გათეთრებას. ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევა კვლავ რჩება საკითხად, რომელიც მონიტორინგს მოითხოვს. ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით მოახდინა საქართველოში დაფუძნებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების გაუვნებელყოფა”.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში პირველ ანგარიშში განსაზღვრული ქმედებები განახორციელა და ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისთვის და მასთან საბრძოლველად თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე გააძლიერა.

დოკუმენტში წერია, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის 2017- 2020 წლების ახალი ეროვნული სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დროულად და ეფექტიანად უნდა განხორციელდეს.

“უკანასკნელი წლების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს პოლიციის რეფორმები ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობასა და საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიციასთან დაკავშირებით და ასევე დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება”.

ანგარიშის მიხედვით, პოლიციის ატაშეები წარიგზავნენ ძირითად წევრ ქვეყნებში და სამართალდაცვით სფეროში ახალი შეთანხმებები იდება.

“საჭიროა საპოლიციო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება მეტად დაზარალებულ წევრ სახელმწიფოებთან, რათა საქართველოდან ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ევროკავშირზე გავლენის შემცირება გაგრძელდეს. 2018 წლის მარტში ხელი მოეწერა „საქართველოსა და ევროკავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე“ ურთიერთგაგების მემორანდუმს და „საქართველოსა და ევროკავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის მეკავშირეობის შესახებ“ შეთანხმებას. 2018 წლის სექტემბერში მეკავშირე ოფიცერი ევროპოლის შტაბ-ბინაში განთავსდა. დასრულდა მოლაპარაკებები თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოსთან”.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს, საერთო ჯამში, კარგი დოსიე აქვს ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების მხრივ, თუმცა მაღალი დონის კორუფცია და სამოქალაქო საზოგადოების შემდგომი ჩართულობის სფეროები კვლავაც გასაუმჯობესებელია.

“2017 წლის იანვარში დანერგილი ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმების მექანიზმი ეფექტიანად ხორციელდება და შემდგომშიც იქნება მხარდაჭერილი ევროკავშირის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის ივლისში საქართველომ აქტივების აღდგენის ეროვნულ სამსახურად მთავარი პროკურატურის ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო შეარჩია, უნდა შეიქმნას აქტივების აღდგენის დამოუკიდებელი სამსახური.

საერთო ჯამში, ევროკომისიის შეფასებით, გრძელდება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესრულება. ანგარიშში საუბარია არალეგალური მიგრაციის გამოწვევებზეც.

“მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იყო კონკრეტული ზომები არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევების მოსაგვარებლად, საჭიროა შემდგომი დაუყოვნებლივი ქმედებები ამ პრობლემების გადასაჭრელად, თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადების გაზრდილი რაოდენობის ჩათვლით. ყურადღებას საჭიროებს შემდეგი სფეროები:

  • დაინტერესებულ ქვეყნებთან ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერება შენგენ+ ზონაში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადების სწრაფი შემცირების მისაღწევად;
  •  სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება ფუნდამენტური უფლებების სრული გათვალისწინებით;
  • უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არსებული უფლებისა და ვალდებულებების შესახებ საინფორმაციო კამპანიების ორგანიზების გაგრძელება;
  • ტრანსსასაზღვრო სამართალდაცვითი თანამშრომლობის გაძლიერების გაგრძელება საქართველოდან ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან საბრძოლველად; ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობის რეფორმის დასრულება და დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება პრიორიტეტის სახით; ანტიკორუფციული ჩარჩოს გაძლიერების გაგრძელება, მათ შორის აქტივების აღდგენის დამოუკიდებელი სამსახურის შექმნის გზით.

ამავე თემაზე

2018 წლის I ნახევარში შენგენში უკანონოდ დარჩენის ფაქტები მნიშვნელოვნად გაიზარდა – ევროკომისია

მასალების გადაბეჭდვის წესი