ახალი ამბები

2018 წლის I ნახევარში შენგენში უკანონოდ დარჩენის ფაქტები მნიშვნელოვნად გაიზარდა – ევროკომისია

19 დეკემბერი, 2018 • 2991
2018 წლის I ნახევარში შენგენში უკანონოდ დარჩენის ფაქტები მნიშვნელოვნად გაიზარდა – ევროკომისია

2018 წლის პირველ ნახევარში შენგენში უკანონოდ დარჩენის ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის II ანგარიშში ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის.

ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებშია მომზადებული და გამომდინარეობს კომისიის ვალდებულებიდან, გაუწიოს მონიტორინგი მესამე ქვეყნების მიერ ვიზების ლიბერალიზაციით გათვალისწინებული მოთხოვნების უწყვეტ შესრულებას და მისი შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინოს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს სულ მცირე წელიწადში ერთხელ მაინც.

ევროკომისიის განცხადებით, 2018 წლის პირველ ნახევარში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადთა რაოდენობა გაორმაგდა. კერძოდ,  2018 წლის პირველ ნახევარში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 9 680 იყო , როცა ეს რიცხვი 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში  4 770 იყო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ძირითადად ეს ზრდა გერმანიასა და საფრანგეთს შეეხო.

რაც შეეხება არალეგალურ მიგრაციას, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2017 წლის მაჩვენებელი 2016-თან შედარებით, 200 პროცენტით გაიზარდა (810-დან 2 655-მდე), ხოლო უკანონოდ დარჩენის მაჩვენებლების ზრდა ამ პერიოდში უმნიშვნელო იყო – 2016 (5,240), 2017 (5,860).

თუმცა ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის პირველ ნახევარსა და 2018 წლის პირველ ნახევარში ტენდენციები მიუთითებს შესვლაზე უარის და უკანონო დარჩენის მაჩვენებლის მნიშვნელოვნად ზრდას.

რაც შეეხება თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელს, ანგარიშის მიხედვით, ეს მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, რასაც დოკუმენტის ავტორები საქართველოს თანამშრომლობას უკავშირებს რეადმისიასა და ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებში:

“თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი  2016 წელს იყო 14,09%, 2017 წელს კი – 5,48%, რაც მნიშვნელოვან შემცირებას გვაჩვენებს. საქართველოს თანამშრომლობა რეადმისიასა და დაბრუნებასთან დაკავშირებით კარგად მიმდინარეობს და უნდა გაგრძელდეს. დაბრუნების მაჩვენებელი (2017 წელს 63%) გაიზარდა 2016 წელთან შედარებით (დაახლოებით 56%), და 2017 წელს ქმედითად დაბრუნებული იყო 4,560 საქართველოს მოქალაქე.

საქართველომ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში პირველ ანგარიშში განსაზღვრული ქმედებები განახორციელა და გააგრძელა თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული უსაფუძვლო განაცხადების პრობლემის გადაწყვეტა და არალეგალური მიგრაციით ყველაზე მეტად დაზარალებულ წევრ სახელმწიფოებთან ოპერატიული თანამშრომლობის გააქტიურება” – წერია ანგარიშში.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადთა გაზრდის საკითხის მოსაგვარებლად და არალეგალური მიგრაციის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ასახელებს 2018 წლის აპრილში სამოქალაქო აქტების შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს, (რომელმაც გვარის შეცვლის პირობები შეზღუდა).

ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განახორციელებაში მიღწეულია პროგრესი.

ევორკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ, საერთო ჯამში, გრძელდება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესრულება.  თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იყო კონკრეტული ზომები არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევების მოსაგვარებლად, საჭიროა შემდგომი დაუყოვნებლივი ქმედებები ამ პრობლემების გადასაჭრელად, თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადების გაზრდილი რაოდენობის ჩათვლით.

ევროკომისიის განცხადებით, ყურადღებას საჭიროებს შემდეგი სფეროები:

  • დაინტერესებულ ქვეყნებთან ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერება შენგენ+ ზონაში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის
    მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადების სწრაფი შემცირების მისაღწევად;
  • სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება ფუნდამენტური უფლებების სრული გათვალისწინებით;
  • უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არსებული უფლებისა და ვალდებულებების შესახებ საინფორმაციო კამპანიების ორგანიზების გაგრძელება;
  • ტრანსსასაზღვრო სამართალდაცვითი თანამშრომლობის გაძლიერების გაგრძელება საქართველოდან ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან საბრძოლველად;
  • ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობის რეფორმის დასრულება და დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება პრიორიტეტის
    სახით;
  • ანტიკორუფციული ჩარჩოს გაძლიერების გაგრძელება, მათ შორის აქტივების აღდგენის დამოუკიდებელი სამსახურის შექმნის გზით.

მასალების გადაბეჭდვის წესი