ახალი ამბები

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, საპარლამენტო მდივნად გაბუნიას არ დანიშნავდა

19 დეკემბერი, 2018 • 2340
დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, საპარლამენტო მდივნად გაბუნიას არ დანიშნავდა

“ქართული ოცნების” დეპუტატის და გენდერული საბჭოს წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, არჩევანი პირადად მასზე რომ ყოფილიყო, დიმიტრი გაბუნიას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად არ დანიშნავდა. ცქიტიშვილმა ამის შესახებ დღეს, 19 დეკემბერს, მთავრობიეს მიერ სექსუალური შევიწროების კანონპროექტის შესახებ მოწყობილ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრა.

ადვოკატი დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის საპარლამენტო მდივნად 18 დეკემბერს დანიშნა. დანიშვნამდე ზურაბიშვილს ფემინისტურმა გაერთიანებამ “ქალთა მოძრაობამ” მიმართა და ამ კანდიდატურაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება დიმიტრი ცქიტიშვილს, ის განმარტავს, რომ საპარლამენტო მდივანის არჩევა პარლამენტის პრეროგატივა არ არის და, შესაბამისად, კანდიდატურის შეფასება მათი მხრიდან არასწორი იქნებოდა. თუმცა პირადად ის არჩევანს გაბუნიაზე არ შეაჩერებდა.

ნეტგაზეთმა დეპუტატს ჰკითხა, თუ რატომ არ აარჩევდა დიმიტრი გაბუნიას.

“მე არ დავნიშნავდი. მისი განცხადება საკმაოდ ორაზროვანი იყო, მაგრამ არ ჩავუღრმავდები იმ თემას, დასანიშნი იყო თუ არა, ვინაიდან ეს არის მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივა. თვითონ გადაწყვეტს, ვინ იქნება ეფექტური და კვალიფიციური პარალმენტთან ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში ჩვენ არჩევანს არ ვაკეთებთ. მე ვფიქრობ, ჩვენგან გამოხატული დამოკიდებულება არ იქნება სწორი.

რაც შეეხება ჩემს განცხადებას, ვიტყვი იმას, რომ მე არ მომეწონა მისი განცხადება,” – პასუხობს ცქიტიშვილი ნეტგაზეთს.

განცხადება, რომელზეც დიმიტრი ცქიტიშვილი საუბრობს, გაბუნიას ერთ-ერთ კომენტარს ეხება, რამაც ფემინისტური ორგანიზაციების, მათ შორის, “ქალთა მოძრაობის” კრიტიკა გამოიწვია.

“რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?” — “ქალთა მოძრაობის” ცნობით, დიმიტრი გაბუნია რამდენიმე თვის წინ სწორედ ამ ფრაზით გამოემხაურა ზვიად დევდრიანის წინააღმდეგ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს.

სალომე ზურაბიშვილის მიერ გაბუნიას დანიშვნის შემდეგ კი “ქალთა მოძრაობამ” 22 დეკემბერს საპროტესტო აქცია დააანონსა.

ნეტგაზეთთან საუბარში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ფემინისტი იდა ბახტურიძე განმარტავს, რომ მიუხედავად მათი თხოვნისა, სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა “ქალთა მოძრაობის” აზრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ის პირი დანიშნა, რომლის ღირებულებებიც ფემინისტური ორგანიზაციებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სალომე ზურაბიშვილს უფრო ხმამაღლა გავაგონოთ ჩვენი მოთხოვნები და, ზოგადად, ქალების ხმა. ვუთხრათ მას, თუ რატომ არის პრობლემური ასეთი ადამიანების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა იმ ფაქტის გათვალისწინების გარეშე, რომ გაბუნიას დამოკიდებულება ისეთი საკითხის მიმართ, როგორიცაა სექსუალური შევიწროება, საჯარო და ყველასთვის ცნობილია,” – ამბობს იდა ბახტურიძე.

აქცია 22 დეკემბერს გაიმართება, მაგრამ დრო ჯერ დაზუსტებული არ არის. ღონისძიების ერთ-ერთ ადგილად ათონელის ქუჩაზე არსებული პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი