საფრანგეთმა საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებაზე შეთანხმება დაამტკიცა – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას საფრანგეთში ლეგალურად მუშაობისა და ბინადრობის დროებითი მოწმობის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

“საქართველოს მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების კუთხით შეთანხმების მიღწევის მიმართულებით. ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ საფრანგეთთან გაფორმებული გვაქვს შეთანხმება, რომლის რატიფიციკაციაც მოახდინა საფრანგეთის პარლამენტმა, ხოლო გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას, რომელიც უკვე კანონის სახით იქნება წარმოდგენილი. ის საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდნენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა სპეციალისტებს, მათ შორის მათ, ვისაც განათლება მიღებული აქვს საფრანგეთში, შესაძლებლობა ექნებათ, ლეგალური დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის მოწმობა მიიღონ”, – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთში დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებზე, ასევე, საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის (მათ შორის ფილიალის) კურსდამთავრებულ სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება, შემდგომში საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით.

შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე პირიქით, საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმებას საქართველოში.
ხელშეკრულება არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ბინადრობის მოწმობის ვადები, სამუშაო ადგილის კვოტები. შეთანხმებით, ახალგაზრდა სპეციალისტებზე წელიწადში გამოყოფილია 150 კვოტა, როგორც საფრანგეთის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის, ხოლო ყველა სხვა კატეგორიაზე – 500 კვოტა, ჯამში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების რატიფიცირების პარალელურად ფრანგული და ქართული მხარეები განაგრძობენ მუშაობას ცალკეულ საკითხებზე შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაციისთვის, მათ შორის, საფრანგეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირების, საქართველოში შესაბამისი სპეციალისტების შერჩევის და სხვა ტექნიკური საკითხების მიმართულებით.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს ევროპელ პარტნიორებთან და სხვა სახელმწიფოებთან დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით. IOM-ის მხარდაჭერით, შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს პოლონეთთან, სადაც უკვე დასაქმებულია 30-მდე საქართველოს მოქალაქე. პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოლონურ მხარესთან აღნიშნულ სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმების მიზნით. 2018 წლის აგვისტოში, საქართველოში განხორციელებული ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია შექმნის საქართველოსთვის სამუშაო კვოტებს, დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზების უზრუნველსაყოფად. საქართველო აგრძელებს მოლაპარაკებებს გერმანიასთან ამ მიმართულებით. ამ კუთხით ასევე მიმდინარეობს მუშაობა ისრაელთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთსა და ბულგარეთთან”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დროებითი ცირკულარული/შრომითი მიგრაციის სფეროში გააქტიურება ხელს უწყობს ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებას, მუშახელის კვალიფიკაციის განვითარებას და შემდგომ საქართველოში დაბრუნებას, საზღვარგარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვასა და ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.