“სადღაც 4 დღის წინ გარკვეული სეგმენტი მეტალის ე.წ. ბოძების, რომელიც იყო ჩასობილი და რომელსაც ამ ღობეებისთვის იყენებდნენ, ამის დემონტაჟი გააკეთეს. იქ არის განთავსებული დროებითი სადგომი”, – აცხადებს გოჩა რატიანი. მისი თქმით, ასეთი სახის დროებითი სადგომები რუსი სამხედროების მხრიდან დიდი ხანია გამოიყენება და ეს არ არის საგუშაგოს ტიპის ნაგებობა:
“ასეთი სახის სადგომს ისინი 2008 წლიდან მოყოლებული ხმარობენ. არის 4 ბოძი ჩასობილი და გადაჭიმულია ლაბადა, დროებითი სადგომია და მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხან ერთ ადგილას, ხან მეორე ადგილას ხმარობენ”, – აცხადებს გოჩა რატიანი.
შსს–ს არ ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია ამ ქმედებას მოყვეს მავთულხლართების გადმოწევა. გოჩა რატიანის თქმით, შსს–მ ინფორმაცია მიიღო მონიტორინგის ჯგუფისგან და ცხელი ხაზის მეშვეობით. ისინი აცხადებენ, რომ ეს არის სამხედროების დროებითი ღონისძიება:
“იმასთან დაკავშირებით, რომ გადმოწევას აპირებენ და ასეთი საფრთხე ამჟამად არსებობს, ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ არანაირად. შსს თავის ფუნქციას ასრულებდა თავიდანვე, დღესაც ამას აკეთებს და მომავალშიც ამას გავაკეთებთ. ვართ გარანტები უსაფრთხოების. საოკუპაციო ძალები რას იზამენ, რას მოიმოქმედებენ, ეს უკვე სხვა თემაა და სხვა ფორმატია არა მხოლოდ მსჯელობის, არამედ მოქმედების. ჩვეულებრივად მიმდინარეობს პატრულირება, ვმოქმედებთ ყველა უსაფრთხოების ფაქტორის დაცვის გათვალისწინებით. ასე რომ, ჩვენი გადმოსახედიდან დღესდღეობით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მათი მოქმედება გინდა ერთი მხრივ, გინდა მეორე მხრივ არის უკანონო, ამას ჩვენ ვაპროტესტებთ. გავაპროტესტებთ, მაგრამ დღესდღეობით რაც გვაქვს, ამას ვხედავთ და მომავლისთვისაც შევხედავთ, რა დინამიკა იქნება”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ასევე არ ადასტურებს “რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითების და სამხედრო მანქანებით პატრულირება ხდება.
