კახა კახიშვილი

პანთეონსა და მემორიალთან ვიზიტი ზურაბიშვილის პერსონალური გადაწყვეტილება იყო – კახიშვილი

სალომე ზურაბიშვილის საინაუგურაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის განცხადებით, არჩეული პრეზიდენტის პანთეონსა და გმირთა მემორიალთან მისვლა მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.

კახიშვილმა ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა, რომ საორგანიზაციო კომისია აღნიშნული აქტივობის დაგეგმვაში ჩართული არ ყოფილა.

„რაც შეეხება კონკრეტულად დღეს სალომე ზურაბიშვილის მიერ თბილისში, პანთეონში მისვლისა და გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის პროცედურას, მე გუშინაც განვაცხადე, რომ ეს არ არის საინაუგურაციო კომისიის ორგანიზების საკითხი და მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ქალბატონმა სალომემ ასე გადაწყვიტა და აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება ისეთი იყო, როგორიც იყო.

…ეს იყო ქალბატონი სალომეს პერსონალური გადაწყვეტილება, ალბათ, მის შტაბთან ერთად, რა თქმა უნდა. კონკრეტულად ჩვენ ამ ღონისძიებაში არ ჩავრთულვართ“, – განაცხადა მან.

არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, მედიის თანდასწრების გარეშე მივიდა გმირთა მოედანსა და მთაწმინდის პანთეონში. ამ ადგილებში ვიზიტი ინაუგურაციის პროტოკოლის ნაწილია.

ინფორმაცია მოგვიანებით გაავრცელა ზურაბიშვილის პრესსამსახურმა, წინასწარ კი მედია გაფრთხილებული არ იყო და მისი მისვლის დრო არც საჯაროდ დაუანონსებიათ.

“იცოდა, რომ დღეს საღამოს 9 საათიდან ვაპირებდით იქ ღამის გათენებას, რომ არ მიგვეცა საშუალება ზურაბიშვილისთვის მისულიყო მემორიალზე”, – ასე ხსნის ოპოზიციის წევრი ლევან ხაბეიშვილი ზემოაღნიშნულ ფაქტს.

საბოლოოდ, ოპოზიციამ მემორიალთან ზურაბიშვილის წინააღმდეგ აქცია მაინც გამართა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან