ახალი ამბები

ადამიანი ვერ ვნახე ჩემს რაიონში, თურქული წამლის ყიდვა რომ შეძლო – კახიშვილი

11 მაისი, 2022 • 6051
ადამიანი ვერ ვნახე ჩემს რაიონში, თურქული წამლის ყიდვა რომ შეძლო – კახიშვილი

პარლამენტის დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”, კახა კახიშვილი აცხადებს, რომ ადამიანებარ აქვთ შესაძლებლობა, აფთიაქებში თურქული წამლები იყიდონ.

ამის შესახებ მან დღეს, 11 მაისს, პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოსმენისას განაცხადა.

კახიშვილის თქმით, ადამიანი ვერ ნახა თავის რაიონში, რომელმაც თურქული წამლის ყიდვა შეძლო.

ამიტომ კახიშვილმა მინისტრს მიმართა, რომ აფთიაქებს მონიტორინგი გაუწიონ.

„მივესალმები თურქული წამლების შემოტანას იმიტომ, რომ ნამდვილად ძალიან მაღალი ფასები იყო და მოსახლეობას უჭირდა ამ წამლების ყიდვა, მაგრამ მეორე პრობლემა შეიქმნა. ყოველ შემთხვევაში, მე გთხოვთ, რომ გადაამოწმოთ.

ჩემთან ასეთი ინფორმაციები მოდის არამხოლოდ ერთი წყაროდან – კონკრეტულად, როცა ადამიანი შედის აფთიაქში და თხოვს, რომ თურქული წამალი მომეცით, ეუბნებიან, რომ „უი, ახლა გათავდა… არ გვაქვს, მაგრამ აგერ, აიღე ძვირიანი წამალი“. ხომ არ სჯობს, რომ შექმნათ რაღაც მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ამ ფაქტებს შეისწავლის? იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის მონაყოლი ამბავი, საკმაოდ ხშირად და ფაქტობრივად, ვერც ერთი ადამიანი დავინახე ჩემს რაიონში, ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა ამ თურქული წამლების ყიდვის. ყველა აფთიაქში ეუბნებიან, ახლა გათავდა, მორჩა, ხვალ მოდით ან ძვირიანი წამალი იყიდეთ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა უკვე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 50 მილიონი ლარის ნაცვლად გადაიხადა დაახლოებით 15 მილიონი ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი