ახალი ამბები

ვალების განულების ვებგვერდი ჩაირთო

10 დეკემბერი, 2018 • 3922
ვალების განულების ვებგვერდი ჩაირთო

ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანისთვის ვადაგადაცილებული სესხის ჩამოწერასთან დაკავშირებული საიტი 18:00 საათზე უნდა ამუშავებულიყო, თუმცა საიტის გაშვება დაგვიანდა. როგორც “ნეტგაზეთს” ფინანსთა სამინსიტროში განუცხადეს, საიტი დამუშავების პროცესში იყო. მოგვიანებით საიტი ჩაირთო, თუმცა ის შეფერხებით მუშაობდა.

ვებგვერდზე საქართველოს მოქალაქეებმა პირადი ნომერი და დაბადების თარიღი უნდა მიუთითონ. ამ დროისთვის ბაზა მოიცავს „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკის“, „ლიბერთი ბანკის“, „სილქ როუდ ბანკის“, „ხალიკ ბანკი საქართველოს” და „იშბანკი საქართველოს“ სესხების შესახებ ინფორმაციას.

ვებგვერდზე ასევე მითითებულია, რომ უახლოეს პერიოდში სიას დაემატება სხვა საფინანსო ორგანიზაციები, რადგან ამ დროისთვის მიმდინარეობს ბაზების დაზუსტების პროცედურები.

აღნიშნული საიტი, რომლის დომენის მფლობელია “ქართუ”, 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმუშავებს:

“ვებ-გვერდი შექმნილია და განკუთვნილია სოციალური მიზნებისთვის, კერძოდ, „სესხების პატიების პროექტის“ ფარგლებში მოქცეული პირებისთვის/მსესხებლებისთვის ინფორმაციის მიწოდების, მსესხებლების მიერ პროექტში მოქცეულ დავალიანებაზე მონაცემების გადამოწმების და პროექტის ფარგლებში სასესხო ვალდებულებების პატიების პროცესის ხელშეწყობის მიზნით. ვებ-გვერდი იფუნქციონირებს 2019 წლის 31 დეკემბრის 18:00 საათამდე. ზემოხსენებული თარიღის შემდგომ ვებ-გვერდი წყვეტს ფუნქციონირებას” – წერია ვებგვერდზე.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განმარტა, ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები გრძელდება და ამ ვებგვერდზე არსებულ ბაზას ყოველდღიურად დაემატებიან ადამიანები.

“მე განვაცხადე, რომ წლის ბოლომდე მოხდებოდა ჩვენი მოქალაქეების ამოღება ე.წ შავი სიიდან. დღეს საღამოს, 6 საათზე გაეშვება ვებ-გვერდი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი დარეგისტრირებას შეძლებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციაზე. კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს ბანკის, ლიბერთი ბანკისა და თიბისი ბანკის მომხმარებლები,” – აცხადებს ბახტაძე.

19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 600 ათას მოქალაქეს ვადაგადაცილებული სტატუსის მქონე სესხი ჩამოეწერება. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სესხის ჩამოწერა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხებათ, ვისი კრედიტის ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს. ამ სესხების საერთო მოცულობა დაახლოებით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს.

ამასთან, ფინანსთა სამინისტრო ვერ აზუსტებს, თუ რეალურად რა თანხას ხარჯავს ფონდი “ქართუ” ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის ვალების გასანულებლად. სამინისტროს თანახმად, ეს “ქართუსა” და საფინანსო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკების საკითხია.

19 ნოემბერს ივანე მაჭავარიანმა თქვა, რომ 3 დეკემბრისთვის მზად იქნება სპეციალური ვებსაიტი, საიდანაც მოქალაქეები შეძლებენ გაგებას, სესხების ჩამოჭრა მათ შეეხებათ თუ არა.

მასალების გადაბეჭდვის წესი