10 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თანამშრომლობს “ქართუსთან” – ბესიკ შენგელია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე ბესიკ შენგელია ამბობს, რომ 15 კომპანია მზად არის, სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს “ქართუსგან” ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩამოაწეროს ვალები. საუბარია იმ მოვალეებზე,  ვისი კრედიტის ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს

მისივე თქმით, აქედან 10 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფონდ “ქართუსთან” თანამშრომლობასაც აპირებს. შენგელია ჯერჯერობით ამ კომპანიებს არ ასახელებს.

მისივე თქმით,  იმ მისო-ების [ასეთი ამ დროისთვის ათია] მოვალეების ბაზები, რომლებიც ვალების ჩამოწერის პროგრამაში მონაწილეობენ, საიტზე [vali.ge] მალე აიტვირთება. რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, ორგანიზაციები ამ ადამიანების შესახებ ინფორმაციას სოციალური სააგენტოსგან ელოდება. შენგელია იმედს გამოთქვამს, რომ ეს პროცესი ახალ წლამდე მოესწრება.

საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაცია, რომლის ხელმძღვანელიც ბესიკ შენგელიაა, 24 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აერთიანებს. მათ შორის არიან “კრისტალი”, “კრედო”, “ფინკა ბანკი”, “სვის კაპიტალი”, “გიროკრედიტი” და სხვა.

19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 600 ათას მოქალაქეს ვადაგადაცილებული სტატუსის მქონე სესხი ჩამოეწერება. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სესხის ჩამოწერა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხებათ, ვისი კრედიტის ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს. ამ სესხების საერთო მოცულობა დაახლოებით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ამასთან, ფინანსთა სამინისტრო ვერ აზუსტებს, თუ რეალურად რა თანხას ხარჯავს ფონდი “ქართუ” ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის ვალების გასანულებლად. სამინისტროს თანახმად, ეს “ქართუსა” და საფინანსო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკების საკითხია.

გუშინ, 10 დეკემბერს, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანისთვის ვადაგადაცილებული სესხის ჩამოწერასთან დაკავშირებული საიტი Vali.ge ამოქმედდა.

ვებგვერდზე საქართველოს მოქალაქეებმა პირადი ნომერი და დაბადების თარიღი უნდა მიუთითონ. ამ დროისთვის ბაზა მოიცავს “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკის”, “ლიბერთი ბანკის”, “სილქ როუდ ბანკის”, “ხალიკ ბანკი საქართველოს” და “იშბანკი საქართველოს” სესხების შესახებ ინფორმაციას.

ვებგვერდზე ასევე მითითებულია, რომ უახლოეს პერიოდში სიას დაემატება სხვა საფინანსო ორგანიზაციები, რადგან ამ დროისთვის მიმდინარეობს ბაზების დაზუსტების პროცედურები. აღნიშნული საიტი, რომლის დომენის მფლობელია “ქართუ”, 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმუშავებს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.