ახალი ამბები

ევროპა დემოკრატიის კლასში ჩაიჭრა – ერდოღანი პარიზის მოვლენებზე

9 დეკემბერი, 2018 • 1819
ევროპა დემოკრატიის კლასში ჩაიჭრა – ერდოღანი პარიზის მოვლენებზე

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საფრანგეთის ხელისუფლებას პარიზში, საპროტესტო აქციებზე პოლიციის ქმედებების გამო აკრიტიკებს. ამის შესახებ მან სტამბოლში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ერდოღანის თქმით, ევროპა თურქეთის პოლიციას აკრიტიკებდა, თუმცა ახლა “დემოკრატიის კლასის ტესტში თავად ჩაიჭრა”.

“ჩვენ არასდროს დავეთანხმებით უფლებების მოთხოვნას ძალადობრივი გზით, თუმცა დემოკრატიის პირობებში ყველა მოთხოვნა და მოსაზრება შეიძლება გამოიხატოს”, – აღნიშნა მან და დაამატა:

“ისინი, ვინც აკრიტიკებდნენ ჩვენს პოლიციას, ადანაშაულებდნენ ძალის გადამეტებასა და სისასტიკეში, ახლა თავად შეხედონ თავიანთ პოლიციურ ძალებს. ევროპა ჩაიჭრა დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა კლასში”, – თქვა მან

გუშინ, 8 დეკემბერს, საპროტესტო აქციების მეოთხე კვირას, საფრანგეთის პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის კვლავ შეტაკებები მოხდა. ძალოვნებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრმლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

როგორც BBC ადგილობრივი საავადმყოფოებზე დაყრდნობით წერს, 126 ადამიანი დაშავდა, თუმცა “არცერთი სერიოზულად”. დაკავებულთა რიცხვი, მხოლოდ შაბათს, 1 000-ს შეადგენს.

შეტაკებების დროს, პარიზის ქუებში ცალკეულ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეთა ნაწილმა მაღაზების ვიტრინები ჩაამსხვრია, ავტომანქანები და ნაგვის ურნები კი ცეცხლში გახვია.

“ყვითელჟილეტიანების” მოძრაობა თავდაპირველად დიზელის საწვავზე გადასახადის გაზრდის წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა შემდგომ მოძრაობამ ანტისამთავრობო ხასიათი შეიძინა. ისმის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნებიც.  პარალელურად, საფრანგეთის ხელისუფლება ამბობს,  რომ აქციები “ძალადობრივად განწყობილ დემონსტრაციებად” იქცა.

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა თურქეთში

ეს ერდოღანის პასუხია ევროპელი ლიდერებისადმი, რომლებიც ანკარას წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2016 წლის ივლისის გადატრიალების შემდეგ აკრიტიკებენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და თავისუფალი აზრის დევნის გამო.

კრიტიკა ისმოდა 2013 წელს თურქეთის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისას სახელმწიფოს ქმედებების მიმართაც. მაშინ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და სხვა საშუალებები გამოიყენა.  დემონსტრაციები კვირების განმავლობაში გაგრძელდა და მძიმე შეტაკებებში გადაიზარდა. დაახლოებით, 8 000 ადამიანი დაშავდა.

აღნიშნულ დემონსტრაციებთან დაკავშირებით აქტივისტების, ჟუსნალისტების, აკადემიკოსებისა და სხვათა დაკავებები ახლაც გრძელდება .

თურქეთის ხელისუფლებამ მსგავსი პრაქტიკა სამოქალაქო სექტორისა და სხვა, კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ განსაკუთრებით გააძლიერა 2016 წლის ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ. ბოლო 2 წლის მანძილზე აღნიშნულ პროცესში ჩართულობის თუ მასთან კავშირის ბრალდებით ათობით ათასი ადამიანი დააკავეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. დაიხურა ათასობით სკოლა, უნივერსიტეტი და საერთო საცხოვრებელი, 200-მდე მედიაორგანიზაციამ კი ფუნქციონირება შეწყვიტა.

Freedom House-ს დემოკრატიის ინდექსით, თურქეთი არათავისუფალ ქვეყნებს შორისაა და 100-დან 32 ქულა აქვს. მონაცემი წლიდან წლამდე უარესდება. ამ შედეგით, თურქეთს უსწრებს საფრანგეთიც(90 ქულა) და საქართველოც(64 ქულა).

ანკარას გასული წლის შეჯამებისას Human Rights Watch-იც აკრიტიკებს პრეზიდენტის ხელში არსებული ფართო ძალაუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კი დასძენს:

“[2017 წელს] ოფიციალური პირები ხშირად კრძალავენ საჯარო შეკრებებს და ძალადობრივად შლიან მშვიდობიან დემონსტრაციებს”.

საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს თურქეთამდე რუსეთიც გამოეხმაურა: საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარია ზახაროვამ საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ძალის გადამეტებისგან თავი შეიკავოს.

რუსეთი, თურქეთის მსგავსად, არათავისუფალი ქვეყნების ნუსხაშია Freedom House-ს მიხედვით, 100-დან 20 ქულით.

დევნა რიცხვებში – თურქეთის 2 წელი გადატრიალების მცდელობიდან[ინფოგრაფიკა]


 

მასალების გადაბეჭდვის წესი