ახალი ამბები

პარიზში ვითარება დაიძაბა – პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

8 დეკემბერი, 2018 • 1881
პარიზში ვითარება დაიძაბა – პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პარიზში პოლიციამ ანტისამთავრობო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. BBC-ის ცნობით, პოლიციამ აღნიშნულ ზომას ადგილზე ვითარების გამწვავების შემდეგ მიმართა.

ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამად დედაქალაქის ცენტრში 5 000 ადამიანია შეკრებილი, სულ ცოტა 272 კი დაპატიმრებული. წესრიგს პარიზში 8 000 სამართალდამცავი 12 ჯავშანმანქანასთან ერთად იცავს, ქვეყნის მასშტაბით კი ქუჩებში 90 000 პოლიციელია განლაგებული.

დღის განმავლობაში, ქალაქში ცალკეულ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი, რაც ძირითადად, ნაგვის ურნებისა და ავტომანქანების დაწვაში გამოიხატებოდა.

ყვითელჟილეტიანთა ოთხკვირიანი პროტესტი საფრანგეთში

“ყვითელჟილეტიანების” მოძრაობა თავდაპირველად დიზელის საწვავზე გადასახადის გაზრდის წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა, როგორც საფრანგეთის ხელისუფლება ამბობს, აქციები “ძალადობრივად განწყობილ დემონსტრაციებად” იქცა.

როგორც BBC-ის კორესპონდენტი იუწყება, საწვავის ფასების შესახებ დაწყებული მოძრაობა ახლა სხვადასხვა ინტერესის ჯგუფისა და განსხვავებული მოთხოვნების მქონდე, ულიდერო ჯგუფად იქცა.

დემონსტრაციებს, როგორც BBC წერდა, არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერები. EPA-ს თანახმად, “ყვითელჟილეტიანები” არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ ეკუთვნიან.

საფრანგეთის კანონმდებლობით, ყველა მძღოლს მანქანაში უნდა ჰქონდეს ყვითელი ჟილეტი იმ შემთხვევისთვის, თუკი ავარია მოუვათ ან მანქანა გაუჩერდებათ. ამ ფერის ჟილეტები მძროლებთანაა ასოცირებული, დემონსტრანტებსაც ზუსტად ასე აცვიათ და ამიტომაც უწოდებენ დემონსტრანტებს “ყვითელჟილეტიანებს”.

გასულ კვირას დემონსტრაციებზე ასობით ადამიანი დააკავეს. რამდენიმე შაბათ-კვირის დემონსტრაციების შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლებამ უკან დაიხია.

4 დეკემბერს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რეფორმა დიზელის საწვავის ფასის ზრდაზე, რის გამოც რამდენიმე კვირის განმავლობაში საფრანგეთი არეულობამ და საპროტესტო ტალღამ მოიცვა, 6 თვით შეჩერდება.

ახლა აქციების მონაწილეები სხვა მოთხოვნებს აყენებენ, რომელთა შორისაც შედის: მაღალი ანაზღაურება, დაბალი გადასახადები, უკეთესი სოციალური დახმარებები, უნივერსიტეტებში მარტივად მოხვედრა და პრეზიდენტის გადადგომა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი