ახალი ამბები

თურქეთში პოლიციამ დააკავა აკადემიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები

17 ნოემბერი, 2018 •
თურქეთში პოლიციამ დააკავა აკადემიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები

თურქეთის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად აკადემიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები დააკავა. შესაბამისი ღონისძიებები სტამბოლსა და სამ სხვა პროვინციაში 16 ნოემბერს ჩატარდა.

დაკავებულებს პატიმრობაში მყოფ თურქ ბიზნესმენთან და უფლებადამცველთან, ოსმან კავალასთან და მის არასამთავრობო ორგანიზაციასთან კავშირს ედავებიან. კავალას თურქეთის ხელისუფლება მთავრობის დამხობის მცდელობასა და 2013 წლის მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. ის 1 წლის წინ დააპატიმრეს, თუმცა ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ.

სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ სულ 13 ადამიანი აიყვანა. აქედან ოთხი, მათ შორის სტამბოლის ბოსფორის უნივერსიტეტის პროფესორი თურგუთ თრაჰანლი და კავალას არასამთავრობო ორგანიზაციის სამი წარმომადგენელი უკვე თავისუფალია.

სხვები ამ დრომდე დაკავებულები რჩებიან. მათ შორის არიან სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტის პროფესორი ბეთიულ თანბაი, ჟურნალისტი ჩიღდემ მათერი და თურქეთის “ღია საზოგადოების” დამფუძნებელი ჰაქან ალთინაი.

თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სწორედ ეს და სხვა ადამიანები უწყობდნენ ხელს 2013 წელს თურქეთში მიმდინარე მასობრივი პროტესტის გავრცელებას. გამოცემა Ahval-ის ცნობით, სახელმწიფო მათ ნაწილს ედავება, რომ უცხოეთიდან სპეციალურად ჩამოჰყავდათ “მწვრთნელები” და “პროფესიონალი აქტივისტები”, რომელთაც დემონსტრაციების ორგანიზება ჰქონდათ დავალებული.

ერთ-ერთ დაკავებულს, პროდიუსერ იუსუფ ჩივირს კი გამოძიება ედავება სპექტაკლის დადგმაში მონაწილეობას, რომელმაც “2013 წლის პროტესტის გაღვივებას” შეუწყო ხელი.

დაკავებებს უკვე გამოეხმაურა ევროკომისია, რომელმაც მომხდარს შემაშფოთებელი უწოდა. ასევე შეაფასა მომხდარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც, რომელმაც თურქეთს მოუწოდა, პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებას.

მომხდარს გამოეხმაურა თურქეთის საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარი  კატი პირიც, რომელმაც დაკავებები “თურქეთის სამოქალაქო საზოგადოების კიდევ ერთ სასტიკ თავდასხმად” შეაფასა.

ერდოღანის ხელისუფლების ეს ქმედება გააკრიტიკა რამდენიმე გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამაც, მათ შორის “Amnesty International”-მა და თურქეთის “ადამიანის უფლებათა ასოციაციამ”.

თურქეთის ხელისუფლებამ მსგავსი პრაქტიკა სამოქალაქო სექტორისა და სხვა, კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ განსაკუთრებით გააძლიერა 2016 წლის ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ. ბოლო 2 წლის მანძილზე აღნიშნულ პროცესში ჩართულობის თუ მასთან კავშირის ბრალდებით ათობით ათასი ადამიანი დააკავეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. დაიხურა ათასობით სკოლა, უნივერსიტეტი და საერთო საცხოვრებელი, 200-მდე მედიაორგანიზაციამ კი ფუნქციონირება შეწყვიტა.

რაც შეეხება საპროტესტო გამოსვლებს, რომელთა ხელშეწყობასაც ერდოღანის ხელისუფლება ამჟამად დაკავებულებს ედავება: დემონსტრაციები თურქეთში 2013 წლის მაის-აგვისტოში მიმდინარეობდა.

აქციები თავდაპირველად სტამბოლის ცენტრში მდებარე გეზი პარკში ხეების გაჩეხვის წინააღმდეგ დაიწყო, თუმცა მალევე გაფართოვდა, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები გააერთიანა, ქვეყნის სხვა ქალაქებიც მოიცვა და ანტისამთავრობო ხასიათი მიიღო. აქციებს თან სდევდა მძიმე შეტაკებები პოლიციასთან, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი