ახალი ამბებისაზოგადოება

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, როგორც საარჩევნო აისბერგის წვერი

6 დეკემბერი, 2018 • 3175
კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, როგორც საარჩევნო აისბერგის წვერი

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების ძირითადი პრინციპებია კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების I და განსაკუთრებით II ტურის ერთ-ერთ პრობლემად ოპოზიცია და სადამკვირვებლო ორგანიზაციები სწორედ ამ პრინციპების დარღვევას ასახელებენ, ხოლო მათი ნაწილი ამას შესაძლო ზეწოლად/მუქარად აფასებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე სხვადასხვა რეგიონებისა და დედაქალაქის არაერთ უბანში გამოიკვეთა ამომრჩევლის ნების კონტროლი, რაც ფაქტების განზოგადებულად შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს.

შესაძლო ზეწოლა ამომრჩეველზე?

იმის გამო, რომ საარჩევნო კოდექსით ვერავის მოეთხოვება პასუხისმგებლობა, თუკი ამომრჩეველი საარჩევნო კაბინიდან გამოსვლის შემდეგ კომისიის წევრს ან რომელიმე ორგანიზაციის/პარტიის დამკვირვებელს შემოხაზულ ბიულეტენს უჩვენებს, ამომრჩევლის ნების კონტროლსა და კენჭისყრის ფარულობის შესაძლო დარღვევაზე ბევრი საჩივარი არ იწერება. არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები ძირითადად შენიშვნებით შემოიფარგლებოდნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩევლის ნების კონტროლისა და კენჭისყრის ფარულობის შესაძლო ფაქტებზე სულ 10 საჩივარი დაიწერა მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა ამ ათი საჩივრის უმრავლესობას ცესკო, სავარაუდოდ, არც განიხილავს სწორედ ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო –  თუკი საარჩევნო კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი თვითონ აჩვენებს ვინმეს შემოხაზულ ბიულეტენს, ამის გამო ვერავის მოეთხოვება პასუხი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირმა პავლიაშვილი ფიქრობს, რომ ამომრჩევლის ნებისა და კენჭისყრის ფარულობის პრინციპების დარღვევა გამოწვეული იყო ამომრჩეველზე სავარაუდო ზეწოლით. იურისტი კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობს, რომლებიც საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს.

სავარაუდო სქემა მარტივია – ამომრჩეველთან  წინასწარაა შეთანხმებული (იქნება ეს ზეწოლითა თუ მოსყიდვით), რომ ის საარჩევნო კაბინაში კონკრეტულ ნომერს შემოხაზავს, ამის დასამტკიცებლად კი შემოხაზულ ბიულეტენს საარჩევნო უბანზე ამ საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს აჩევნებს, ან სურათს უღებს.

როდესაც ამომრჩეველი გამოდიოდა კაბინიდან, ის გახსნილ ბიულეტენს რიგ შემთხვევებში აჩვენებდა კომისიის წევრებს, ხოლო რიგ შემთხვევებში- კონკრეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლებს”, – ამბობს ირმა პავლიაშვილი.

საიას ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის წინა დღეს, 27 ნოემბერს, მათთვის ცნობილი გახდა, რომ გურჯაანის ოლქში ამომრჩეველს დაავალე,ს კაბინიდან ბიულეტენები გახსნილ მდგომარეობაში გამოეტანა, რათა კონკრეტულ პირებს დაენახათ დაფიქსირებული არჩევანი.

საიას ცნობით, კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი მის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ცალკეული ორგანიზაციების დამკვირვებლებს ან/და კომისიის წევრებს აძლევდა (ახალქალაქის #1, ახმეტის #4 და #12, გურჯაანის #19, წალენჯიხის #15, ზუგდიდის #53 საარჩევნო უბნები); კაბინაში ფოტოგადაღების 2 ფაქტი დაფიქსირდა ახალქალაქის #4 საარჩევნო უბანზე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კი აცხადებს, რომ მათმა დამკვირვებლებმა 15 უბანზე დააფიქსირეს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები.

პრობლემური იყო საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის შემთხვევბი. ბევრ უბანზე კენჭისყრის კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი შემოხაზულ ბიულეტენს აჩვენებდა ან კომისიის რომელიმე წევრს, ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, ან რომელიმე დამკვირვებელს”, – ნათქვამია TI-ის დასკვნაში.

კიდევ ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, “სამართლიანმა არჩევნების” წარმომადგენლებმა 8 უბანზე დააფიქსირეს კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ფაქტი, თუმცა, მათი ინფორმაციით, აღნიშნული უბნებიდან რამდენიმეზე ამ პრინციპების დარღვევას მრავალჯერადი ან სისტემატური ხასიათი ჰქონდა.

ISFED-ის იურისტის, ელენე ნიჟარაძის განცხადებით, მათ ორგანიზაციას 650 უბანზე ჰყავდა გადანაწილებული დამკვირვებლები, თუმცა ვერ გამორიცხავენ, რომ სხვა უბნებზეც დაფიქსირებულიყო ამომრჩევლის ნების კონტროლისა და კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ფაქტები.

“წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც ავსახეთ ანგარიშებში, რომ რადიკალურად გაზრდილი იყო ზეწოლა/მუქარის ფაქტები, რაც სხვადასხვანაირად გამოიხატებოდა. მათ შორის, ერთ-ერთი ინფორმაცია, რაც მივიღეთ, იყო ის, რომ მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, გადაეღოთ ბიულეტენებისთვის ფოტოსურათი, ან საარჩევნო კაბინიდან გამოსვლისას გამოეტანათ გახსნილი ბიულეტენი და ეჩვენებინათ იქ მყოფებისთვის, თუ ვინ შემოხაზეს,” – ამბობს ელენე ნიჟარაძე.

იურისტის თქმით, ყველა არჩევნების წინ არის ხოლმე საუბარი, რომ მოქალაქეებს აშინებენ და სთხოვენ კაბინაში ბიულეტენის გადაღებას და რეალურად ადრეც ყოფილა რამდენიმე მსგავსი შემთხვევა. ამ შემთხვევაში, როგორც ელენე აცხადებს, წინასწარი ინფორმაცია ჰქონდათ მეორე ტურის წინ, რომ მოქალაქეებს აშინებდნენ და აიძულებდნენ, ასეთი რამ გაეკეთებინათ:

“მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით აკრძალულია კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, ამ მიმართულებით პასუხისმგებლობა გათვალისწინებული არ არის, რადგან ეს მოქალაქის გადაწყვეტილებაა და კომისიას ამის გამო პასუხს ვერავინ მოსთხოვს და ვერ დააკისრებს. ძირითადად აქ მითითება კეთდებოდა იმაზე, რომ კომისიის წევრებსაც უმეორებდნენ ამას, რაც ერთგვარ წახალისებად ჟღერდა, რომ ამის გამო მათ პრობლემა არ შეექმნებოდათ და არ შეშინებოდათ.”

რას აკეთებს ცესკო კენჭისყრის ფარულობის დასაცავად

ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს, რომელიც არამხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნებამდეც ხორციელდება.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ რამდენიმე საინფორმაციო კლიპი გადაიღო, სადაც სხვადასხვა პროცედურებთან ერთად ასახულია ხმის მიცემის პროცედურაც, სადაც ხაზგასმულია, რომ ხმის მიცემა არის ფარული. მათ საინფორმაციო რგოლებიც მოამზადეს უშუალოდ კენჭისყრის ფარულობასთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოს სწავლების ცენტრი ატარებდა საგანმანათლებლო ტრენინგებს საუბნო კომისიის წევრებისთვის და არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარეებისთვის, ხოლო ტრენინგის დროსაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სწორედ ხმის მიცემის ფარულობის დაცვა იყო, არჩევნების დღეს ყველა უბანთან გამოკრული იყო ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი. ანა მიქელაძის თქმით, არჩევნების დღესაც არაერთხელ აღნიშნეს, რომ ხმის მიცემა არის ფარული და დაუშვებელია კენჭისყრის ფარულობის დარღვევა:

“თუმცა, თუკი ამომრჩეველი საკუთარი სურვილით აჟღერებს იმას, თუ ვის მისცა ხმა, ან საკუთარი სურვილით ანახებს ვინმეს ბიულეტენს, არ არსებობს არცერთი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც განსაზღვრავს სანქციას ამ ტიპის ქმედებაზე. ფარულობისგან დაცვა ნიშნავს იმას, რომ ამომრჩევლის ხმა არის დაცული და ეს არის ფარული  სხვა პირებისგან. მაგალითად, თუ მე ვარ დამკვირვებელი და დაგირღვიე შენ ფარულობა, შემოვიხედე კაბინაში ან მოგთხოვე, რომ მანახო ბიულეტენი, რა თქმა უნდა, ეს არის ფარულობის დარღვევა და იწერება საჩივარი და არის შესაბამისი მოთხოვნები. მაგრამ, მე, როგორც ამომრჩეველი, თუ გამოვედი და განახე ბიულეტენი, შესაძლოა, ფარულობა დავარღვიე, მაგრამ ეს არ არის სამართლებრივად აკრძალული, რადგან სანქცია არ არსებობს. აქ საუბარია იმაზე, რომ ამომრჩეველმა არ უნდა თქვას, ვის მისცა ხმა, მაგრამ თუ ამბობს, ვერაფერს უზამ. ყველა ამომრჩეველს წინასწარ ვერ აფრთხილებ, რომ არ გაჩვენოს ბიულეტენი.”

ანა მიქელაძის განცხადებით, ამომრჩეველმა ზოგადი წესი იცის, გაფრთხილებულია და ინფორმაცია მიწოდებული აქვს, მაგრამ თუ საარჩევნო კაბინიდან გამოსვლისას მაინც გიჩვენებს ბიულეტენს და ეს შესაძლო მუქარას/მოსყიდვას უკავშრდება, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ, ცესკოს პრესსპიკერის თქმით, მაშინ ეს უკვე სცდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციას.

პოლიტიკური ნება, კანონონმდებლობის გადახედვა თუ მოსახლეობის ინფორმირება – რა არის საჭირო პრობლემის მოსაგვარებლად

როგორც ISFED-ის იურისტი ამბობს, პირველ რიგში, ამ პრობლემის გადაჭრა პოლიტიკური ნებითა და საარჩევნო კულტურის ზრდით არის შესაძლებელი იმისთვის, რომ არ ხდებოდეს ამომრჩეველზე ზეწოლა და მუქარა.

ელენე ნიჟარაძის თქმით, ასევე, შეიძლება იმაზე დაფიქრებაც, ხომ არ საჭიროებს კანონმდებლობა გადახედვას, რადგან ნამდვილად არის პრობლემა იმაში, რომ კენჭისყრის ფარულობის დარღვევის გამო არავის პასუხისმგებლობა არ არის გათვალისწინებული:

“სულ მინიმუმ, შესაძლოა, მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, მოვიფიქროთ რაღაც პასუხისმგებლობის კონკრეტული ზომის დაწესება იმ შემთხვევაში, თუკი საარჩევნო უბანზე გამოვლინდება კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ფაქტი.”

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი კი პრობლემის მოგვარების გზად შეძლებისდაგვარად ამომრჩევლის უკეთესად ინფორმირებაში ხედავს. ანა მიქელაძის თქმით, საარჩენო ადმინისტრაცია ეცდება, რომ ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველყოფის მიმართულებით სხვადასხვა დამატებითი ღონისძიებები/აქტივობები დაგეგმოს და განახორციელოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი

გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმაციას არ აღიარებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პროცესი მოსყიდვის, დაშინებისა და სხვა უსამართლო ქმედებების ფონზე წარმართა. ისინი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ, ხელისუფლება გარკვეულ საარჩევნო ხარვეზებს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ ლეგიტიმაციის საკითხი არ დგას და მთლიანობაში არჩევნები შედგა.  ისინი პირობას დებენ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი