ახალი ამბები

რეალური თვითმმართველობა რეალური შედეგით მოაქვს მხოლოდ 18-ს

14 ივნისი, 2014 •
რეალური თვითმმართველობა რეალური შედეგით მოაქვს მხოლოდ 18-ს

ისე სწრაფად გაიარა ამ პერიოდმა, ვერც შევამჩნიეთ. სამაგიეროდ, უკეთ გავიცანით ერთმანეთი. რამდენი შეხვედრა, რამდენი აქცია, რამდენი პრობლემა, რამდენი სურვილი, რამდენი იმედი დაგვიგროვდა საერთო და ერთად მოსაგვარებელი?!

მე და ჩემი გუნდი პირველად ვართ საარჩევნო კამპანიის ეპიცენტრში. აქამდე პოლიტიკასთან მხოლოდ რეალობა და ამომრჩევლის როლი გვაკავშირებდა.

არასოდეს გვიფიქრია აქამდე შემოვჭრილიყავით იმ პროცესებში და სივრცეში, რომელიც მუდამ პოლიტიკოსების  ასპარეზი იყო. ალბათ, ასეც გაგრძელდებოდა,  რომ არა  ჩვენი თანამოაზრეების, ჩვენი თანამოქალაქეების სურვილი და მოთხოვნა – მათი სახელით აქტიურობის, მიმდინარე პროცესებში მათი  აზრის დაფიქსირების.

არ შეიძლება განზე იდგე, იყო პასიური და გულგრილი, როცა ხედავ, რომ ყველაფერი შეიძლება იყოს გაცილებით უკეთ, მაგრამ არ არის.  ჩვენ ვერ დავუშვებთ, უსასრულოდ გაგრძელდეს  ის უმოქმედობა  და რეალური ცვლილებების დეფიციტი, რომელსაც თითოეული ბათუმელი დიდი ხანია ელის.

ხვალ, 15 ივნისს ყველა ბათუმელს აქვს შანსი, შეცვალოს თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ.

ნებისმიერი მოქალაქე ამ ქალაქის ვალდებულია, რომ ჩაერიოს მომავლის ჩამოყალიბების პროცესში. ჩვენ გვინდა  წარმატებული, მდიდარი, კომფორტული, განათლებული, სიკეთით და სითბოთი სავსე ქალაქი და ვალდებული ვართ ვიზრუნოთ ამაზე თითოეულმა პირადად!

ბათუმი დიდი ტრადიციების,  ტოლერანტობის,  კულტურათაშორისი ურთიერთობების ქალაქია.  ბათუმი უნდა გახდეს რეალურად  თვითმმართველი ქალაქი – გამჭვირვალე ბიუჯეტით, დემოკრატიული და ეფექტური მართვით და კვალიფიციური მენეჯმენტით;

ბათუმს უნდა ყავდეს ბათუმელების  რჩეული მთავრობა, რომელიც მიიღებს გადაწყეტილებებს და მართავს ამ ქალაქის მკვიდრთა ნება-სურვილით. საჭიროებისა და აზრის გათვალისწინებით.

ბათუმს დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ ამ ქალაქში არ იყვნენ გაჭირვებული, დაჩაგრული, მზრუნველობამოკლებული და უმუშვარი ადამიანები.

ბათუმში ნებისმიერმა  ბათუმელმა უნდა მოახდინოს თვითრეალიზაცია თავისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სოციალური სტატუსის, ეროვნების,  აღმსარებლობის, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.

ბათუმში უნდა აყვავდეს ბიზნესი და შექმნას დოვლათი, რომელიც მოხმარდება ისევ ჩვენს ქალაქს.

ბათუმი უნდა იყოს  – განათლებული,  ჯანსაღი, მიზანდასახული, ბედნიერი  ახალგაზრდობის ქალაქი.

ბათუმს უნდა მართავდნენ ბათუმელები, რადგან ეს მათი უფლებაცაა და მოვალეობაც.

ამ და უამრავი სხვა მიზეზის გამო, შემოგვიერთდით!

ჩვენ ვირჩევთ რეალურ თვითმმართველობას რეალური შედეგით!

ხვალ მნიშვნელოვანია ყოველი თქვენგანის ხმა და პირველი შედეგი – ნაბიჯი რეალური თვითმმართველობისკენ.

პატივისცემით და დიდი სიყვარულით, 

ბათუმის მერობის კანდიდატი

გოჩა გუგუნავა 

და მისი გუნდი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი