ახალი ამბები

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა, მერი შვებულებაში გავიდა

4 დეკემბერი, 2018 • 1895
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა, მერი შვებულებაში გავიდა

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. ნეტგაზეთს მერიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ გაუშვებენ თუ არა თანამშრომლებს სამსახურიდან, ჯერ უცნობია. მათივე ინფორმაციით, სამსახურის უფროსებმა  ამის თაობაზე წინადადებები უნდა მოამზადონ.

“როგორც მოგეხსენებათ, 2018 წლის დასაწყისში მერიაში რეორგანიზაცია ჩატარდა, რომლის შედეგად დამტკიცდა მერიის ახალი სტრუქტურა, რომელთა მუშაობამ ნათელყო, რომ მერიის და მისი სამსახურების გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მოხდეს სტრუქტურის კიდევ უფრო მეტად ოპტიმიზაცია. რეორგანიზაცია თავის თავში ნამდვილად არ გულისხმობს ვინმეს სამსახურიდან გაშვების აუცილებლობას. კანონის თანახმად, თუკი რეორგანიზაციის დროს მოსალოდნელია შტატების შემცირება, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია, ამის თაობაზე წერილობით აცნობოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს,”-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ნეტგაზეთის კითხვაზე, დატოვებს თუ არა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას, პრესსამსახურში ამბობენ, რომ არჩეული მერი არსად წასვლას არ აპირებს და ამ პოსტზე მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. მათივე ცნობით, ამჟამად მერი შვებულებაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი