ახალი ამბები

ჩამოცუნცულდეს კენწეროდან და დავილაპარაკოთ – დუმბაძე ივანიშვილზე

2 დეკემბერი, 2018 • 2119
ჩამოცუნცულდეს კენწეროდან და დავილაპარაკოთ – დუმბაძე ივანიშვილზე

გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე ჩატარდა, შეკრებილებს სიტყვით “ძალა ერთობაშია”-ს წევრმა მურმან დუმბაძემ მიმართა. მან ხელისუფლებისათვის ოპოზიციის მიერ მიცემულ ვადაზე ისაუბრა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ოპონენტებთან დიალოგისაკენ მოუწოდა.

“ბიძინა ივანიშვილს ცუდს არაფერს არ ვეუბნები. გამოცდილება მეუბნება, კენწეროში რომ ახვალ, იქიდან ჩამოვარდნა ძალიან ძნელია. მიიღებ პოლიტიკურ გვამს. ჩვენ ვეუბნებით, 16 დეკემბრამდე ვაძლევთ ვადას: ჩამოჩოჩდეს უკან, წამოვიდეს დიალოგზე, საკუთარი ფეხით ჩამოცუნცულდეს კენწეროდან დაბლა, დავჯდეთ, დავილაპარაკოთ, გავაკეთოთ წესიერი, პროპორციული საარჩევნო კოდექსი და ჩავატაროთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ასეთ შემთხვევაში არის შანსი, მინიმალური დოზით დარჩეს პოლიტიკურ ველზე. სხვა შანსი არ არსებობს”, – თქვა მან.

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას “პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად” სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. აღნიშნული გადაწყვეტილება  კოალიციის ლიდერმა და არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან ჩატარებულ აქციაზე გაახმიანა. სწორედ ამ დღეს დაანონსდა მომდევნო აქციაც.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ ცნობს არჩევნების შედეგებს და ამზადებს სარჩელს, რომელსაც სასამართლოში შეიტანს მათი გაბათილების მოთხოვნით. მისი განცხადებით, ოპოზიცია კვლავ ითხოვს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი