ახალი ამბები

თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ქუთაისის აეროპორტში თავს დაესხნენ

1 დეკემბერი, 2018 • 3955
თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ქუთაისის აეროპორტში თავს დაესხნენ

ქუთაისის აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის წევრ თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარს თავს დაესხნენ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი2″-ს განუცხადა.

მისი თქმით, ინციდენტი პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. ჩარკვიანის ინფორმაციით, ინციდენტში 5 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან 4 უშუალოდ ფიზიკურად უპირისპირდებოდა მათ. ოპოზიციური გაერთიანების წევრი ამბობს, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილს ახსენებდნენ.

„5 კაციანი ბანდა იყო ჩვეულებრივი, როგორც ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, პრობაციონერი ვარო, ერთმა თქვა. ერთი არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ უფრო ნასვამს არ ჰგავდა. პოლიტიკურ ნიადაგზე – აეროპორტში რომ დაგვინახეს, მე გოგონას ვაცილებდი და თქვენ დატოვეთ ქალაქიო, გვეუბნებოდნენ…

…[ახსენეს] მიშა სააკაშვილი, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს არის გაერთიანება და აქ არავითარ შუაში სააკაშვილი არ არის და გირგვლიანის დროს არ მახსოვდა არავინ ჩემს გვერდით მათი სახეებიდან”, – აცხადებს ის.

ჩარკვიანის თქმით, ინციდენტი პოლიციის თანდასწრებით მოხდა, თუმცა სამართალდამცავებს აგრესიის აღსაკვეთად არაფერი გაუკეთებიათ, მას და მის ქმარს კი მხოლოდ ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეები დაეხმარნენ.

“აგრესია იყო ძირითადად, ჩემზე და რა თქმა უნდა, უფრო ჩემს მეუღლეზე… აქ იყო ჩვეულებრივი ცემა-ტყეპა აეროპორტში, რომ არ ყოფილიყვნენ ეს ქალბატონები, მეც პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ აბსოლუტურად ჩაქოლილი იქნებოდა ეს ერთი მამაკაცი.

…[მოტივი] აბსოლუტურად პოლიტიკურია. პირადპირ გვითხრეს, ისე კი  არ ვამბობ ამას, რომ ჩვენ ვართ ჩამოსულები ამის გამო, ჩვენ ამიტომ ჩამოვედით, რომ ვიცავთ რაღაცებს, უბნებს… ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ძველი ბიჭები.”, – აღნიშნავს ჩარკვიანი.

“ნეტგაზეთი” შსს-სგან დამატებით ინფორმაციას ამ წუთებში ელის.

მასალების გადაბეჭდვის წესი