ახალი ამბები

უამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტი ისევ საგანგებო რეჟიმში მუშაობს

1 დეკემბერი, 2018 • 2590
უამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტი ისევ საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ძლიერი ქარისა და უამინდობის გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეს, 1 დეკემბერს, ავიაკომპანია “ვიზეარმა” უკვე შეასრულა რეისები ქუთაისი-პარიზისა და “ქუთაისი-სალონიკის მიმართულებით. რაც შეეხება ბუდაპეშტის მიმართულებას, რომელი 06:30-ზე უნდა შესრულებულიყო, 14:00-მდე გადაიდო.

ძლიერი ქარის გამო აეროპორტი მეორე დღეა, შეფერხებით მუშაობს. 30 ნოემბერს, ჯამში, “ვიზეარის სამი რეისი გაუქმდა: ქუთაისი-მილანი-ქუთაისის, ქუთაისი ბარსელონა-ქუთაისი და ქუთაისი- რიგა. ამავე ავიაკომპანიის რიგის რეისი კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

გაუქმებულ ფრენებთან დაკავშირებით “ვიზეარში” აცხადებდნენ, რომ ასეთ დროს მგზავრები ბილეთებს ინდივიდუალურად ცვლიან და კონკრეტულ ვადებზე ვერ ისაუბრებდნენ.

მანამდე, სტიქიის გამო, ავიაკომპანია “ვიზეარსა” და მის მგზავრებს სხვა პრობლემებიც შეექმნათ: კომპანიის კუთვნილი ლაინერებიდან ბარგის გადმოტვირთვა ვერ ხერხდებოდა. თუმცა, უკვე დღეს, აეროპორტების გაერთიანება აცხადებს, რომ ბარგი სრულად გადმოტვირთულია და ის ადრესატებს საკუთარ მისამართებზე დაურიგდებათ.

დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა გუშინ, 30 ნოემბერს, არაერთი პრობლემა შექმნა: სახურავები გადახადა შენობებს, მოგლიჯა ხეები და დააზიანა ავტომობილები. 1 დეკემბრის 00:00 საათის მონაცემებით, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონებიდან 465 შეტყობინებაა შესული. აქედან, 350 შეტყობინება იმერეთიდან, 110 – სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, 15 კი- გურიიდან.

სტიქია დას. საქართველოში: ყველაზე რთული ვითარება ქუთაისშია

მასალების გადაბეჭდვის წესი