ახალი ამბები

სწორი პრივატიზაცია, ან მუზეუმის გადატანა – ფოფხაძე ავლაბრის რეზიდენციაზე

30 ნოემბერი, 2018 • 1300
სწორი პრივატიზაცია, ან მუზეუმის გადატანა – ფოფხაძე ავლაბრის რეზიდენციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ ავლაბრის რეზიდენციას, რომელშიც ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული, გარკვეული ჰუმანიტარული ფუნქციები დაეკისრება, ან მასში მუზეუმების გადატანა მოხდება. დეპუტატი არც შენობის პრივატიზაციას ეწინააღმდეგება:

“თუ სწორი პრივატიზება მოხდება და ადეკვატურ თანხას მიიღებს სახელმწიფო იმისათვის, რომ შემდეგ კონკრეტული მიზნებისთვის ეს თანხები დაიხარჯოს, ამაში ცუდი არაფერი იქნება. მაგრამ თუ ჩვენ ამას სახელმწიფო შენობად დავტოვებთ და რაიმე ფუნქციას ისევ დავაკისრებთ, ალბათ, ყველაზე სწორი იქნება, გარკვეული ჰუმანიტარული ფუნქციები დაეკისროს, ან მუზეუმების გადატანა და ამ ფუნქციის შეძენა ამ შენობისთვის”, – ამბობს დეპუტატი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან.

ცესკოს წინასწარი შედეგებით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში მუშაობაზე უარს ამბობს. არჩეული  პრეზიდენტი  ადმინისტრაციის გადატანას ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანის სასახლეში გეგმავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი