ახალი ამბები |

ჰაკერებმა “მარიოტის” 500 მლნ-მდე სტუმრის პერსონალური ინფორმაცია მოიპარეს

30 ნოემბერი, 2018 | | 1690
ჰაკერებმა “მარიოტის” 500 მლნ-მდე სტუმრის პერსონალური ინფორმაცია მოიპარეს

სასტუმროების ქსელი “მარიოტი” აცხადებს, რომ  მათი სისტემა გატეხეს და, სავარაუდოდ, 500 მილიონი სტუმრის პერსონალური ინფორმაცია მოიპარეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, ჰაკერების არაავტორიზებული წვდომა Starwood-ის  მონაცემთა ბაზაზე, რომელსაც კომპანია დაჯავშნების აღრიცხვისთვის იყენებს, 2014 წლიდან ჰქონდათ, თუმცა პრობლემის შესახებ მხოლოდ გასულ კვირას შეიტყვეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი ინფორმაციით, არაავტორიზებული პირები მთელი ამ დროის განმავლობაში სტუმრების პირად მონაცემებს აკოპირებდნენ.

“მარიოტის” ცნობით, 327 მილიონი ადამიანის შემთხვევაში, მოპარული ინფორმაცია შეიცავს მათ სახელებსა და გვარებს, პირად მობილურის ნომრებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს, პასპორტის ნომრებს, დაბადების თარიღსა და სასტუმროში დარჩენის პერიოდს. მილიონი ადამიანის შემთხვევაში კი ამ მონაცემებთან ერთად ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს მათი საკრედიტო ბარათების ნომერსა და მოქმედების ვადებზეც.

“მარიოტი” აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ მათთვის უცნობია, შეძლეს თუ არა ჰაკერებმა ამ ინფორმაციის გაშიფრვა.

როგორც CNN წერს, ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი 6 პროცენტით შემცირდა. “მარიოტი” მსოფლიოს 110-ზე მეტ  ქვეყანაში 5 700 ობიექტს ფლობს, მათ შორის, საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი