ახალი ამბებირეკლამა

კომპენსაცია უმუშევრებს – პროფკავშირები ინიციატივით გამოდის

30 ნოემბერი, 2018 • 3086
კომპენსაცია უმუშევრებს – პროფკავშირები ინიციატივით გამოდის

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება “უმუშევართა შემწეობის” შემოღების ინიციატივით გამოდის  და ხელისუფლებას კანონმდებლობაში ცვლილებებს სთავაზობს.

ინიციატივის თანახმად, საჭიროა შემწეობა იმ მოქალაქეებს დაენიშნოთ, რომლებიც ბოლო 12 თვის განმავლობაში მუშაობდნენ, მაგრამ სამსახური დაკარგეს. შემწეობის მინიმალურ თანხად 200 ლარი სახელდება, რომელიც უმუშევრებმა უსამსახუროდ დარჩენიდან ექვსი თვის განმავლობაში უნდა მიიღონ.

პროფკავშირების გაანგარიშებით სახელმწიფოს ეს მომსახურება დაახლოებით 48 მლნ. ლარი დაუჯდება.  ექსპერტების აზრით გარდა ამისა ყველას, ვინც დღეს უმუშევარია საშუალება უნდა ჰქონდეს გაიაროს გადამზადების პროგრამა. მართალია ასეთი პროგრამა მცირე მასშტაბით დღესდღეობით არსებობს, თუმცა პროფკავშირების მოსაზრებით ის მნიშვნელოვნად უნდა გაფართოვდეს. პროფკავშირების მონაცემებით, წელიწადში უმუშევართა სულ მცირე 10%-ის გადასამზადებლად საჭირო იქნება ბიუჯეტიდან დამატებით 27 მილიონი ლარის გახარჯვა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ  უმუშევრობის შემწეობა ამცირებს სიღარიბეს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთათვის გასაცემი საარსებო შემწეობის მოცულობა შემცირდება. დღევანდელი მდგომარეობით საარსებო შემწეობაზე იხარჯება 257,7 მლნ. ლარი, კვლევის ავტორთა აზრით უმუშევრობის შემწეობის შემოღებით ეს თანხა მინიმუმ 17 მლნ. ლარით შემცირდება.

ფაქტია, რომ უმუშევრობის პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას. თუმცა რამდენად რეალური გამოსავალია შექმნილი ვითარებიდან უმუშევრობის შემწეობა? რას მოგვიტანს ეს?! ხომ არ გააზარმაცებს აქტიურ, თუმცა უმეშევარ მოსახლეობას,  ეს კითხვები მაშინვე ჩნდება, როგორც კი ინიციატივის შესახებ მსჯელობა იწყება.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ უმუშევრობის შემწეობის მიზანი სიღარიბის დონის შემცირებაა.  ინიციატივაზე მომუშავე ექსპერტთა თქმით უმუშევრობის დაზღვევის სისტემის საქართველოში დანერგვის შემთხვევაში – შემცირდება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, მოხდება გაღარიბების პრევენცია ადრეულ ეტაპზევე და  სამუშაოს მაძიებელთა მინიმალური საარსებო საშუალებებით უზრუნველყოფა, ასევე რაც მთავარია შესაძლებელი იქნება საზოგადოების სტაბილური განვითარება; ინიციატივის თანახმად უმუშევრობის შემწეობით სარგებლობას ისინი შეძლებენ, ვინც ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებში ჯდება და სამსახურს კანონის ამოქმედების შემდეგ დაკარგავს.

საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებამდე პროფკავშირებმა სპეციალური კვლევა საკითხზე ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა. მკვლევარებმა შეისწავლეს საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოში უმუშევრობის დონე მაჩვენებლები. ნაშრომი სახელწოდებით”უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა” სულ ახლახან გამოქვეყნდა. ოფიციალური მონაცემებით ჩვენს ქვეყანაში სამუშაოს წელიწადში საშუალოდ კარგავს 40,8 ათასი ადამიანი.  მსოფლიო ბანკის მონაცემებით ასაკით პენსიონერთათვის პენსიის 20 ლარიანმა ზრდამ 741 ათასი პენსიონერის სიღარიბის 2,8%-ით შემცირება გამოიწვია. შესაბამისად, 200 ლარიანი უმუშევრობის შემწეობის დაწესება, რომლის მიმღებიც იქნება დაახლოებით 40,8 ათასი ადამიანი, გამოიწვევს სიღარიბის დონის შემცირებას 0,8%-ით.

2017 წლის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 3 012 ათასი 15 წლის და უფროსი ადამიანია, მათგან 1 983 ათასი წარმოადგენს სამუშაო ძალას, ხოლო დასაქმებული 1 706 ათასი ადამიანია. სამუშაო ძალის 13,9%, ანუ 276 ათასი ადამიანი ოფიციალური მონაცემებით უმუშევარია. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი არც თუ ისე მაღალი ჩანს, მოსახლეობის 60%  თავს უმუშევრად თვლის.

როგორც ირკვევა ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე ფიქსირდება 20-24 წლის ასაკის მოქალაქეებში და შეადგენს 29,6%-ს. სოფლად უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად ჩამორჩება მაჩვენებელს ქალაქში. თუკი სოფლად უმუშევრობის დონე  2017 წელს 5,06%-ს შეადგენდა, ქალაქში უმუშევარი 22,78% იყო. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ უმუშევრობის ოფიციალური დონე შედარებით მცირეა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ხარჯზე, რომელთა უმეტესობა ჩართულია სოფლის მეურნეობაში. მიუხედავად იმისა, რომ მათი შემოსავალი განსაკუთრებით მცირეა, ისინი ითვლებიან დასაქმებულებად.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღნიშნული სტატისტიკის დათვლისას ეყრდნობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიას, რომელიც კარგად შეესაბამება განვითარებული ქვეყნების რეალობას, ხოლო ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა გარკვეულწილად ამრუდებს რეალურ სურათს, ვინაიდან საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში შრომის ნაყოფიერება მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება პროდუქტიულობას განვითარებულ ქვეყნებში. საქართველოში სადაც დასაქმებულთა 52% ჩართულია სოფლის მეურნეობაში, წარმოებული პროდუქცია არ არის საკმარისი ქვეყნის შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაც კი, მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობაში ჩაბმულია დასაქმებულთა 10% და ეს მცირე წილი სრულად უზრუნველყოფს მოსახლეობას საჭირო სურსათით.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ უმუშევრობა არის მოსახლეობაში სიღარიბისა და უთანასწორობის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. 2017 წლის მდგომარეობით სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო 455 813 ადამიანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 12 %-ია. სოციალური მომსახურების სააგენტო აღარ აქვეყნებს საარსებო შემწეობის მიმღებთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობას, რომელიც 2016 წელს 1,6 მილიონს აჭარბებდა. შესაბამისად, მოსახლეობის 43% თავს ღარიბად თვლის და სახელმწიფოსგან ითხოვს დახმარებას. საარსებო შემწეობის ოდენობა მერყეობს 30-დან 60 ლარამდე, რაც ბევრად ჩამორჩება იმ საარსებო მინიმუმსაც კი, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს და, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი ღირსეული ცხოვრებისათვის.

პროფკავშირების ანალიტიკოსები ამ მონაცემებზე დაყრდნობით ასკვნიან, რომ უმუშევრობის პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა სულ უფრო ღარიბდება და შესაძლოა სამუშაოს პოვნამდე უმუშევარი პირი და მისი ოჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდეს. სახელმწიფო უნდა ებრძოლოს სიღარიბეს ადრეულ ეტაპზე და არ დაელოდოს მოსახლეობის უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩენას. ამისი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა უმუშევრობის შემწეობის შემოღება, რომელიც ნაწილობრივ ჩაანაცვლებს საარსებო შემწეობას. შემწეობა უნდა აღემატებოდეს 4 სულიანი ოჯახის საარსებო შემწეობას, რათა უმუშევარს ჰქონდეს მეტი მოტივაცია დაიწყოს მუშაობა. ამჟამად სამსახურის დაწყების შემთხვევაში პირი და მისი ოჯახი კარგავენ საარსებო შემწეობას, რის გამოც მათ დასაქმების  ნაკლები მოტივაცია აქვთ დაბალანაზღაურებად სამუშაოზე. უკვე არსებობს ხელისუფლების მზაობა, რომ მომავალში მუშაობის დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობა შენარჩუნდეს – რაც მისაღებია.

უმუშევრობის შემწეობა უნდა იქცეს  გარკვეულწილად შემავსებელი საარსებო შემწეობის შემცირების და მუშაობის მოტივაციის შექმნის პოლიტიკაში.

პროფკავშირების გაანგარიშებით წლიურად სამუშაოს კარგავს დაახლოებით 40 ათასი ადამიანი, შესაბამისად სახელმწიფოს უმუშევრობის შემწეობაზე  ყოველწლიურად დახარჯავს არაუმეტეს 48 000 000 ლარს. მთლიანი წლიური ხარჯი შემწეობის მიმღებთა გადამზადების გათვალისინებით ასე გამოიყურება: უმუშევრობის შემწეობა 48 მილიონი + მომზადება გადამზადების პროგრამები წელიწადში 27 მილიონი. – საარსებო შემწეობაზე დაზოგილი ხარჯი 17 მილიონი,  ჯამში = 58 მილიონი.

აქვე აღსანიშნავია უმუშევრობის შემწეობის და დაზღვევის ევროპული გამოცდილება, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში  უმუშევრობის ბენეფიტების გაცემის პერიოდი მერყეობს 6 თვიდან 2,5 წლამდე (ბელგიაში უვადო). დაზღვევის/შემწეობის თანხა დამოკიდებულია მანამდე არსებულ ხელფასზე, მინიმალური დაზღვევის პერიოდი კი 6-12 თვეა.

ევროპული პრაქტიკის და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივით უმუშევრობის შემწეობის მიღება უნდა შეეძლოს პირს მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში და მას უნდა ჰქონდეს მანამდე უწყვეტი სამუშაო გამოცდილება ბოლო 12 თვე. სახელმწიფომ კი  აუცილებლად უნდა უზრუნველყოს უმუშევართა სპეციალური პროგრამებით გადამზადებაც.

პროფკავშირების ეკონომიკური ანალიტიკოსი, გიორგი ჭანტურიძე კვლევის მიზნებზე საუბრისას აცხადებს: “ჩვენი კვლევის მიზანი იყო წარმოგვედგინა გამოსავალი, რომელიც შეიძლება იყოს სიღარიბის შემცირება და უმუშევართათვის მინიმალური სახსრებით უზრუნველყოფა. კვლევის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს უმუშევრობის შემწეობა, რომელიც უნდა დაენიშნოთ ადამიანებს, ვინც მუშაობდა ბოლო 12 თვის განმავლობაში და დაკარგა სამსახური. ასეთ ადამიანებს უმუშევრობის შემწეობა უნდა დაენიშნოთ 6 თვის განმავლობაში და უნდა შეადგენდეს მინიმუმ 200 ლარს, რაც არის  საარსებო მინიმუმის დაახლოებითი თანხა.

ასევე, ეს არის ოთხსულიანი ოჯახისთვის საარსებო შემწეობაზე ოდნავ მეტი, რაც მოტივაციას მისცემს ადამიანებს, დაიწყონ მუშაობა. ბიუჯეტს რაც შეეხება, დაახლოებით 48 მლნ ლარია საჭირო, რათა 40 000 ადამიანმა, რომელიც საშუალოდ წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს, მიიღოს 200 ლარიანი შემწეობა 6 თვის განმავლობაში. ამასთან, პროფკავშირები მიიჩნევს, რომ ყველა უმუშევრისთვის სახელმწიფომ მომზადება-გადამზადების პროგრამა უნდა უზრუნველყოს, რაც საშუალებას მისცემთ მათ, კვალიფიკაცია აიმაღლონ და დასაქმების პერსპექტივა გაუჩნდეთ. დღეს არსებული მომზადება-გადამზადების კურსი წელიწადში ამზადებს დაახლოებით 2 000 ადამიანს, ხოლო 2 000 ადამიანის მომზადება ნიშნავს, რომ ყველა უმუშევრის გადამზადებას დასჭირდება 138 წელიწადი, შესაბამისად, ეს არის არაეფექტური პროგრამის ბიუჯეტის სიმცირიდან გამომდინარე“.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, იმედოვნებს, რომ ხელისუფლება პროფკავშირების ინიციატივის განხილვას ახლო მომავალში დაიწყებს. “საუბარია როგორც უმუშევრობის შემწეობაზე ასევე პროფესიულ გადამზადებაზე რაც ვფიქრობ, შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალია და პასუხი გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს. განსაკუთრებით მწვავე პრობლემებია – დასაქმება და უმუშევრობა. აუცილებელია პოლიტიკური ნება ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად. თუ საკანონმდებლო და აღმასრულებელი მთლიანად არ გაითვალისწინებენ ჩვენს რეკომენდაციებს, იმედია მნიშვნელოვანი ნაწილის იმპლემენტაცია მაინც მოხდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი ინიციატივა მოწონებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.”

კვლევაზე დაყრდნობით, პროფკავშირები ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევენ პარლამენტმა მიიღოს კანონი „უმუშევრობის შემწეობის შესახებ“. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს ახლო მომავალში გადაეგზავნება.

პროექტის მიხედვით უშუშევრობის შემწეობით სარგებლობას ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც სამსახურს კანონის დამტკიცების შემდეგ დაკარგავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი