ახალი ამბებისაზოგადოება

როდიდან დაისჯება სექსუალური შევიწროება

4 დეკემბერი, 2018 •
როდიდან დაისჯება სექსუალური შევიწროება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს ქალთა ფონდის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ მეხუთე ქალს სექსუალური შევიწროება ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია. დაზარალებულებს შორის 70% სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა საჯარო სივრცეში, ხოლო 10% -სამუშაო ადგილზე. მიუხედავად ამისა, ქართული კანონმდებლობა ტერმინს – “სექსუალური შევიწროება” – დღემდე არ ცნობს.

სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევის მიზნით საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობს.თუმცა  აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა სექსუალური შევიწროებისთვის დისკრიმინაციის სტატუსის მინიჭების პირველი მცდელობა არ არის.

2017 წლის ნოემბერში “ქალთა მოძრაობამ” შექმნა პეტიცია სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით და განსახილველად გენდერულ საბჭოს გადასცა, თუმცა პარლამენტს მაშინ კანონპროექტი არ მოუმზადებია.

საბჭოს წევრმა, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ნეტგაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ პარლამენტი პეტიციის გარეშეც გეგმავდა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტზე მუშაობას და 2017 წლის ბოლოსთვის მის ინიცირებას, თუმცა პეტიციამ ამ პროცესს ხელი შეუშალა. დეპუტატის განმარტებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია პეტიციის შინაარსმა, რომელიც ამბობს, რომ, მაგალითად, მიშტერება სექსუალური შევიწროების ერთ-ერთი ფორმაა.

ზემოხსენებული პეტიციიდან ერთი წლის შემდეგ, “სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შესახებ მაღალი დონის შეხვედრამდე”, რომელიც თბილისში 30 ნოემბერს გაიმართა, ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ისინი ამ კანონპროექტზე უკვე მუშაობენ და იმედი გამოთქვა, რომ საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი მას მიიღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ კანონპროექტის შექმნაში გაეროს ქალთა ორგანიზაცია და USAID უკვე ჩართულია, თუმცა, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ფემინისტებთან საჯარო განხილვა ჯერ არ შემდგარა.

როგორი იქნება და რა საჭიროა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტი

იმის შესახებ, რომ საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის სექსუალური შევიწროება ყოველდღიური და მწვავე პრობლემაა, გარდა ადგილობრივი სამოქალაქო სექტორისა,  გაეროს ქალთა ორგანიზაციაც საუბრობს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა განმარტავს, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აღნიშნული პრობლემა კანონის ფარგლებში დაარეგულიროს.

“მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. საქსტატისა და გაეროს კვლევის მიხედვით, ქალთა 20% ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც განიცდის სექსუალურ შევიწროებას. თუმცა ეს კვლევა 2017 წელს იქამდე ჩატარდა, ვიდრე #metoo კამპანია დაიწყებოდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გლობალური კონტექსტისა და ცნობიერების ამაღლების ფონზე [დღეს] ეს მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია”, – ამბობს ერიკა კვაპილოვა.

ამის საპასუხოდ პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საკანონმდებლო რეგულაციაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, თუმცა ჩამოყალიბებული, დასრულებული კანონპროექტის სახით ჯერ არ არსებობს.

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე, ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ქვეყნისთვის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ეს ფარული ფორმა დიდ გამოწვევად რჩება.

“რადგან არ არსებობს სექსუალური შევიწროების ცნება და საკანონმდებლო რეგულირება, ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა ეს ყველა პრობლემას არ აღმოფხვრის. საჭიროა აქტიური ღონისძიებების გატარება პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების თვალსაზრისით, საჭიროა ცნობიერების ამაღლება იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს საერთოდ სექსუალური შევიწროება. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ადამიანები არიან სექსუალური შევიწროების მსხვერპლები, თუმცა თავად არ იციან ამის შესახებ,” – ამბობს სოფო ჯაფარიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილიც მიიჩნევს, რომ კანონი ყველა პრობლემას ვერ აღმოფხვრის, თუმცა მისი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ პოტენციური შემვიწროებლისთვის პრევენციული ეფექტი ექნება.

“საკანონმდებლო სივრცე გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ და დაზარალებულმაც სწორი განსაზღვრება ვიცოდეთ, რომ ეს არის შევიწოება და, შესაბამისად, ვიმოქმედოთ ამ მოცემულობიდან. ჩვენ გვექნება რეგულირებისა და რეაგირების საკნონმდებლო მექანიზმები. თუმცა, ამის ფონზეც კი, ყველაზე რთული საზოგადოებაში პრობლემის სწორი აღქმის დანერგვა არის, რა მიმართულებითაც ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა,” – ამბობს ცქიტიშვილი.

მისი თქმით, სექსუალური შევიწროებისთვის პროექტი ადმინისტრაციულ სასჯელს, კერძოდ კი, ჯარიმას ითვალისწინებს. თუმცა ცქიტიშვილი დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქმედება სხვა დანაშაულებრივ ქმედებაში გადადის, მაგალითად, ძალადობაში, მას სხვა, შესაბამისი მუხლებიც დაემატება.

“კანონპროექტი ცვლილებებს შრომით კოდექსში ითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო სივრცეში სექსუალური შევიწროების კონრტოლი და მონიტორინგი ევალება თავად დამსაქმებელსა და სახალხო დამცველის შესახებ კანონში შემავალი ცვლილებების მიხედვვით – ომბუდსმენსაც. ამასთანავე, შრომის კოდექსის ცვლილებების მაგვარი ცვლილებები შედის  საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც,” – ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი ნეტგაზეთთან.

მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სივრცის კონრტოლი და შესაბამისი სანქციების დაწესება პატრულს დაევალება, ხოლო ჯარიმები დაახლოებით 500 ლარიდან დაიწყება. ცქიტიშვილის განმარტებით, ჯარიმა გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ქმედება განმოერდება ან მას დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის არასრულწლოვნის ან ორსულის მიმართ ჩადენილი ქმედება ახლავს თან.

“რაც მთავარია, მოხდება ქმედების დეფიცინია, რომელიც აღებული არის სტამბულის კონვენციიდან. თუმცა ძნელი სათქმელია, არსებობს თუ არა პოლიტიკური მზაობა,” – დასძენს ცქიტიშვილი. 

ჟურნალისტებთან საუბარში ის აღნიშნავს, რომ კანონპროექტის მთავარი სირთულე აღსრულების მხარეს უკავშირდება. მისი თქმით, სექსუალური შევიწროების საქმეების განხილვის პრობლემა, ხშირ შემთხვევაში, მტკიცებულებების ნაკლებობაშია. თუმცა კი კანონს დიდი პრევენციული ეფექტი ექნება.

რაც შეეხება საჯარო ჩართულობას, მისი თქმით, მალე დაიწყება მისი საჯარო განხილვები, რომლებშიც გენდერულ საკითხებზე მომუშავე ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას შეეძლება ჩართვა.

რას ამბობს სახალხო დამცველის აპარატი და არასამთავრობო სექტორი

როგორც გენდერული საბჭოს წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, აღნიშნულ კანონონპროექტს პარლამენტის მხრიდან მიღების შანსი მართლაც აქვს. ლომჯარიას თქმით, კანონი საჭიროა იმიტომ, რომ სექსუალური შევიწროება როგორც საჯარო სივრცეში, ასევე სამუშაო ადგილზე ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.

ლომჯარიას თქმით, სექსუალური შევიწროება მწვავე პრობლემა იმიტომაც გახდა, რომ საზოგადოებაში სტერეოტიპები არსებობს. ლომჯარიას განმარტებით, აპარატის მიერ განხილულმა საქმეებმა აჩვენა, რომ როდესაც ქალები სექსუალური შევიწროების მსხვერპლები ხდებიან, ისინი სასამართლოსა და სახალხო დამცველს არ მიმართავენ ან ამას მათთვის სამარცხვინო ქმედებად მიიჩნევენ და თავად ანადგურებენ მტკიცებულებებს.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ დაზარალებულ ქალებს გადაწყვეტილების მიღებამდე როლური მოდელი ან წამახალისებელი სჭირდებათ.

როგორც ომბუდსმენი დასძენს, სწორედ იმიტომ, რომ სექსუალური შევიწროება ძალიან სუბიექტურია და არ არსებობს ამგვარი დისრკიმინაციის ერთი სტანდარტული სახე, საქმეების განხილვა უნდა ეფუძნებოდეს იმას, თუ რამდენად შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან დამთრგუნველი იყო ის მსხვერპლისთვის. ყველა შემთხვევა უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფასებული. ამასთანავე, თან უნდა ერთვოდეს გარემო-პირობების გათვალისწინებაც.

დეფინიციის არარსებობას ერთ-ერთ დიდ დაბრკოლებად აფასებს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძეც. ნეტგზეთთან საუბარში ის ამბობს, რომ კანონპროექტი, ცხადია, ვერ აღმოფხვრის შევიწროების ყველა შემთხვევას, თუმცა მას ექნება პრევენციული ეფექტი. მისივე თქმით, ტერმინისთვის მნიშვნელობის მინიჭება აუცილებელია იმისთვის, რომ როგორც პოლიციას, ასევე ყველა პასუხისმგებელ ორგანოს, ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია სტანდარტების შესახებ, რაც დღეს არსებული დამოკიდებულების აღმოფხვრისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

“ძალიან მნიშვნელოვანია, სექსუალური შევიწროება რეგულირდებოდეს როგორც საჯარო სივრცეში, ასევე სამუშაო პირობებში. სამუშაო ადგილზე შევიწროებას აქვს, როგორც წესი, სისტემატური ხასიათი და, შესაბამისად, მტკიცებულებების მოპოვება უფრო შესაძლებელია.

რაც შეეხება საჯარო სივრცეს, მოწმეთა ჩვენება, გამოკითხვა, პირდაპირი დაზარალებულის ჩვენება უნდა იყოს საფუძველი, რომ პოლიციამ შეაფასოს ესა თუ ის ქმედება,” – დასძენს სხილაძე.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, ნეტგაზეთთან ახალ კანონპროექტზე უფლებადამცველმა იდა ბახტურიძემ ისაუბრა და განმარტა, რომ მიუხედავად ასეთი კანონის არსებობის აუცილებლობისა, უფლებადამცველების უმეტესობას მისი პირველადი სახე არ უნახავს.

“როდესაც ჩვენ ავტორებს ვეკითხებით ვადებზე, გვაძლევენ გაურკვეველ და ბუნდოვან პასუხებს. ზუსტად ვერ აკონკრეტებენ, როდის აპირებენ დარეგსიტრირებას. მრჩება განცდა, რომ ისინი თვლიან, თითქოს ვადებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რაც ჩემთვის ძალიან მიუღებელია იმიტომ, რომ რამდენიმე წელიწადია, რაც ველოდებით ამ კანონის მიღებას,” – ამბობს იდა ბახტურიძე.

იდა ბახტურიძე განმარტავს, რომ ამგვარი კანონის გარეშე, მიუხედავად ქალების ბრძოლისა, არანაირი შედეგი არ დგება.

“ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ის, რომ როდესაც ქალები ბედავენ და ბრძოლას იწყებენ, ამ პროცესს სამართლებრივი ხასიათი ჰქონდეს და სამართლებრივი შედეგი დადგეს, იქნება ეს კომპენსაცია, იქნება გარკვეული ვალდებულებები თუ სხვა. ადამიანი, რომელიც, თუნდაც სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით არის შემავიწროებელი, დღეს კანონთან კონფლიქტში არ მოდის, ხოლო დაზარალებულისთვის ღირსების სამართლებრივი აღდგენა შეუძლებელია,” – ამბობს იდა ბახტურიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი