ახალი ამბები

რატომ არ არის მზად სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტი

22 მარტი, 2018 • 2242
რატომ არ არის მზად სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტი

სექსუალური შევიწროების შესახებ საქართველოს პარლამენტს კანონპროექტი ჯერ არ მოუმზადებია მიუხედავად იმისა, რომ პეტიციით საკანონმდებლო ორგანოს 2017 წლის ნოემბერში მიმართეს. 

დღეს საქართველოში  სექსუალური შევიწროება არ ისჯება და არ განისაზღვრება დისკრიმინაციად, ამიტომაც “ქალთა მოძრაობამ” სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია მოამზადა  და პარლამენტს მიმართა. პეტიცია განსახილველად პარლამენტის გენდერულ საბჭოს გდაეცა. გენდერული თანასწორობის საბჭო 2010 წლიდან პარლამენტის მუდმივმოქმედი ორგანოა, რომლის მიზანიც გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფაა. საბჭოს 17 წევრიდან 14 ქალია, ხოლო 3 – კაცი.

გენდერული საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ პარლამენტი პეტიციის გარეშეც გეგმავდა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპრექტზე მუშაობას და 2017 წლის ბოლოსთვის ამ კანონპროექტის ინიცირებას, თუმცა, პეტიციამ ამ პროცესს ხელი შეუშალა. დეპუტატის განმარტებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია პეტიციის შინაარსმა, რომელიც ამბობს, რომ, მაგალითად, მიშტერება სექსუალური შევიწროების ერთ-ერთი ფორმაა.

დიმიტრი ცქიტვილის თქმით, სექსუალური შევიწროების შესახებ ინიცირებისთვის მზა კანონპროექტი ჯერ არ არსებობს და ამჟამად პარლამენტი გენდერული კვოტირების საკითხზე მუშაობითაა დაკავებული. როცა პარლამენტი საკითხის დამტკიცებაზე მსჯელობას დაასრულებს, შემდეგ დაიწყებენ სექსუალურ შევიწროების კანონპროექტზე მუშაობას. ცქიტიშვილი ზუსტ დროს ვერ ასახელებს.

გენდერული საბჭოს წევრის თქმითვე, მოიაზრება, რომ სექსუალური შევიწროება უნდა აიკრძალოს სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეშიც. მისივე თქმით, კანონის ეფექტური აღსრულების მექანიზმებზეც არის რიგირ სამუშაობი ჩასატარებელი.

“ქალთა მოძრაობის” წარმომადგენელი ბაია პატარაია “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ მოძრაობამ მოამზადდა კვლევა, სადაც სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო პრაქტიკაა მიმოხილული. მისივე თქმით, დეფინიციასთან დაკავშირებით პრობლემა საერთოდ არ არსებობს. საქართველოს აქვს ვალდებულება, შეასრულოს ევროდირექტივა, რომელიც სამუშაო ადგილზე კრძალავს სექსუალურ შევიწროებას და ეს 2018 წელს უნდა მოხდეს. როგორც ბაია პატარაია ამბობს, არსებული დეფინიციის გადმოტანა სრულიად შესაძლებელია. ევროდირექტივის თანახმად:

„შევიწროებაა არასასურველი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პიროვნების სქესთან და რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას, მსხვერპლისთვის მტრული, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, ან ძალადობრივი გარემოს შექმნას”.

„სექსუალური შევიწროებაა არასასურველი, სექსუალური ხასიათის, ვერბალური ან არავერბალური ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას, ან განსაკუთრებით მტრული, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, ან ძალადობრივი გარემოს შექმნას”.

ბაია პატარაიას თქმითვე, კანონში ვერ ჩაიწერება მიშტერება, თუმცა აუცილებლად უნდა იყოს არავერბალური კომუნიკაცია და კანონმა აუცილებლად უნდა მოიცვას არამხოლოდ სამუშაო ადგილი, ასევე საჯარო სივრცეც, რადგან, როდესაც ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობენ, ძირითადად, სწორედ საჯარო სივრცეში მომხდარ ინცინდენტებზე ჰყევბიან.


საქართველოში სექსუალურ შევიქროებასთან დაკავშირებული ყველაზე გახმაურებული საქმე არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” დირექტორის ზვიად დევდარიანის სახელს უკავშირდება. მას შემდეგ რაც დევდარიანი სახალხო დამცველმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა, ის არაერთმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი