ახალი ამბები

ემანუელ მაკრონი ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

29 ნოემბერი, 2018 • 1691
ემანუელ მაკრონი ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მაკრონის წერილი სალომე ზურაბიშვლის შტაბმა გაავრცელა.

მაკრონი ზურაბიშვილს წარმატებებს უსურვებს და აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ორ ქვეყანას შორის კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება:

„ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, მოგილოცოთ საფრანგეთისა და პირადად ჩემი სახელით საქართველოს მეთაურის პოსტზე არჩევა საარჩევნო პროცესის შედეგად, რომელმაც აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ქართველი ხალხის ერთგულება. გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი მანდატის შესრულებისას.

ვსარგებლობ შემთხვევით, რათა ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხსა და ხანგრძლივობას, რასაც თქვენ ასე უწყობდით ხელს, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება. მსურს დაგარწმუნოთ საფრანგეთის სრულ მზადყოფნაში, გააგრძელოს მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ვიმედოვნებთ, შეგხვდებით ჩვენი მომავალი კავშირების გასაძლიერებლად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი პატივისცემა, ქალბატონო პრეზიდენტო“, – წერს ემანუელ მაკრონი.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მეორე ტურში ხმათა 59.52 %-ით “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი იმარჯვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი