„წლების განმავლობაში ვპირდებოდი მეუფეს, რომ ვესტუმრებოდი და დღეს არის ის ბედნიერი დღე, როდესაც შევძელი და გესტუმრეთ. მეუფე სპირიდონის საქმიანობა არის სამაგალითო. ის გვაძლევს მაგალითს, როგორი უნდა იყოს ღირსეული მამულიშვილი, ემსახუროს ღმერთს, სამშობლოს, ხალხს და მე თქვენგან ვიღებ მაგალითს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მეუფე სპირიდონის შესახებ, რომელიც არის აღნიშული უნივერსიტეტის რექტორი და სხალთის ეპისკოპოსი.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ეს უნივერსიტეტი, სადაც სწავლა უფასოა, ქველმოქმედების შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს:
„თქვენი უნივერსიტეტი დიდ არჩევანს სთავაზობს ახალგაზრდებს და მჯერა, რომ საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებებში, ბიზნესის, ჯანდაცვის დარგებში აქ მიღებული ცოდნა იქნება სათანადო ხარისხის. თქვენი ბაკალავრები და მაგისტრები კონკურენციას გაუწევენ წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უნივერსიტეტი ჩამოყალიბდება ერთ-ერთ მსხვილ საგანმანათლებლო ცენტრად და მოამზადებს მაღალკვალიფიციურ და კონკურენტუნარიან სპეციალისტებს. მე, როგორც მთავრობის მეთაური, მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ, რომ უნივერსიტეტი განვითარდეს და თქვენ, თითოეულ სტუდენტს გქონდეთ ყველა პირობა ხარისხიანი განათლების მისაღებად“, – მიმართა პრემიერმა სტუდენტებს.

ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნულ უნივერსიტეტს წლების მანძილზე ფინანსურად ეხმარებოდა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი:
„ვიცი, რომ ამ უნივერსიტეტს წლების განმავლობაში გვერდით უდგას ფონდი „ქართუ“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ვიცი, ბატონ ბიძინას არ უყვარს იმ უზარმაზარი ქველმოქმედების შესახებ საუბარი, რასაც აკეთებს ქვეყნისთვის და ხალხისთვის. თუმცა არ შემეძლო არ აღმენიშნა, რომ აქ, მაღალმთიან აჭარაში, განათლების ხელშეწყობა კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამ ადამიანის დამოკიდებულებასა და ღვაწლზე. მინდა თითოეული ჩვენგანის სახელით კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა მას ამისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, დღევანდელ შეხვედრას 600-მდე სტუდენტი დაესწრო.
დღესვე ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის რეგიონის გამგებლობის კანდიდატებს წარადგენს ბათუმში, ერას მოედანზე.
საქართველოს პრემიერი წინასაარჩევნო რეგიონული ტურნეს ფარგლებში უკვე იმყოფებოდა იმერეთში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, გურიაში, ქვემო ქართლსა და რაჭა-ლეჩხუმში.







