ახალი ამბები

ანზორ ბოლქვაძე: ევროკავშირში უფრო დაცულები ვიქნებით

9 ივნისი, 2014 • • 2208
ანზორ ბოლქვაძე: ევროკავშირში უფრო დაცულები ვიქნებით

ბატონო ანზორ, გთხოვთ გაიხსენოთ, პირველად როდის იყავით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში და რა მიზნით?

2011 წელს ვიყავი ლიტვასა და პოლონეთში. პარლამენტის ვიცე–სპიკერი ვიყავი მაშინ. გვქონდა შეხვედრები ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, თემებში არსებულ მდგომარეობას, ბიუჯეტს, სამოქმედო გეგმებს ვეცნობოდით მაღალმთიან რეგიონებში, დაახლოებით ერთი კვირა ვიყავით იქ.

თავისუფალ დროს რას აკეთებდით?

ვათვალიერებდით კულტურულ ძეგლებს, ქალაქებს ზოგადად, მაგრამ ისეთი გრაფიკი იყო, დიდი დროც არ გვქონდა. ვეცნობოდით ცხოვრების სტილს და სხვა.

ამ ვიზიტის შედეგად რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ევროპაზე? როგორია ის?

რა თქმა უნდა, დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა. იგივე ინფრასტრუქტურის განვითარების დონე, კულტურული განვითარების  დონე, ფინანსური მდგომარეობა ძალიან მაღალია. მეტი გასაქანია, მეტი შესაძლებლობაა, გაჭირვებული ცოტაა, ანაზღაურება მაღალია, პენსიები მაღალია, ჯანმრთელობის დაცვის სისტემა მაღალია, სოციალური დაცულობის დონე ძალიან მაღალია.

ადამიანების უფლებებიც მეტად დაცულია. იქ უფრო მეტია განსხვავებული აზრი და ამის გამო დაპირისპირებები ძირითადად არ გვხვდება, ურთიერთპატივისცემაა. ქვეყანა, სადაც მეტი შემოსავალია, მეტი განვითარებაა, ადამიანის უფლებები მეტად არის დაცული.

ევროკავშირის ყველა ქვეყანა მოსაწონია და ჩვენს ქვეყანასაც ვუსურვებ, რომ ასეთივე სიძლიერე ჰქონდეს.

ანზორ ბოლქვაძე
ანზორ ბოლქვაძე

 

როგორ ფიქრობთ, საქართველო არის ევროპის ნაწილი თავისი ყოფითი კულტურით, ხალხით?

რა თქმა უნდა. საქართველო ისე ვითარდება, რომ არის და დღეს და ხვალ უნდა იყოს სრულად ევროპის ნაწილი, როცა ასოცირებას ხელი მოეწერება. ქართველი კაცის კულტურას შეიძლება არაფერი შეედაროს, მაგრამ მის გაჭირვებას სხვა თემა აქვს. ევროპის ნაწილია-თქო, ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც ის პატარა განვითარება, რაც აშენდა, აღორძინდა და გაკეთდა. ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავძლიერდეთ და განვვითარდეთ, რათა ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემაც მოგვარდეს.

გასაგებია აღმშენებლობა, მაგრამ მე უფრო ყოფით კულტურაზე გეკითხებით, ამ მხრივ რამდენად ევროპულები ვართ? ბოლო პერიოდში საქართველოს საზოგადოებაში მოხდა დაპირისპირება სექსუალური ორიენტაციის და რელიგიური აღმსარებლობის მიმართულებით, ასევე ხშირია ქართველების დაპირისპირება უცხოელებთან ეთნიკური ნიშნის გამო. როგორ შეაფასებთ აღნიშნულ შემთხვევებს?

ისეთი თაობა მოდის, ისეთი განათლებული სტუდენტობა და ახალგაზრდობა გვყავს, რომ ეს იძლევა იმედის განცდას, რომ ევროკავშირის წევრი უნდა ვიყოთ. რაც შეეხება რელიგიას, ჩემი აზრით ეს პრობლემა არ არსებობს და აღმსარებლობის თავისუფლება დღეს უფროა, ვიდრე ადრე. მე ვცხოვრობ მაღალმთიან რაიონში და იქ, როგორც არსებობს მეჩეთი, ასევე არის ეკლესიები. მე ოჯახები ვიცი, სადაც მუსლიმები და ქრისტიანები ცხოვრობენ. ადრე იყო დრო, როდესაც ამ რელიგიების წარმომადგენლების ერთმანეთთან შეხვედრაც კი პრობლემა იყო, ეს ასე აღარ არის. ეს ერთობა ჩვენი ქვეყნის წინსვლას ემსახურება.

რაზე დაყრდნობით გაქვთ ასეთი განწყობა? იგივე ბათუმში ხშირად გაიგონებთ სლოგანს, ბათუმი თურქების გარეშე. რას უკავშირებთ ანტითურქულ განწყობებს და გამოსავალი რაშია?

მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ შუღლი არ იყოს. რა თქმა უნდა, ინვესტორი უნდა შემოვიდეს ქვეყანაში. გვახსოვს ბათუმი თურქეთის სამასწლიანი ბატონობით და საპირისპიროც, ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და ახალ გზაზე უნდა გადავიდეთ. დღეისათვის ამ მიმართულებით შეიძლება ბევრი პრობლემაა, მაგრამ ხელი უნდა შევუწყოთ მათი ბიზნესის აქ წარმოებას და არ დავუშვათ მათი დამკვიდრება, ცხოვრება. როდესაც თურქი მოდის და რაღაცას ითხოვს და უნდა განავითაროს, ჩვენ ძირფესვიანად უნდა შევისწავლოთ, ის რას დაგვიტოვებს, რას მოემსახურება, რომელ გზაზე დაგვაყენებს. იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ მათთან მივდივართ, ისინი ამას სწავლობენ. ეგრე გერმანიაში ვიყავი და ძალიან ბევრი თურქია იქაც. ისინი ყველგან მოდებული არიან და ბიზნესს აწარმოებენ. ამის ჩანაცვლება შეიძლება იმით, რომ ჩვენც ვაწარმოოთ და გვქონდეს ჩვენი ბიზნესი ყველგან. მე ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთში გადაკიდებულები ვართ. თუ ბიზნესს აწარმოებენ, ქართველებიც დასაქმებულები არიან.

მომხრე ხართ, რომ ბათუმში ახალი მეჩეთი აშენდეს?

როდესაც აღმსარებლობის თავისუფლება გაქვს ქვეყანაში და სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეები გყავს, ისინი სალოცავებით უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ კიდეც. მეჩეთი ბათუმშიც არის, თბილისშიც, მაგრამ ხალხი გამრავლდა და ვერ ეტევიან. თუ ახალს ვერ ავაშენებთ, ძველი გავაფართოვოთ და შევიდნენ და ილოცონ. ჩვენ ნუ შეგვაგინებენ, სხვას ნუ შეაგინებენ და გალანძღავენ, თორემ ილოცონ.

მოგზაურობა მომიწია, ჩემთან ერთად იყვნენ მოლა და მამაო. როდესაც სუაბარი იყო, მამაომ ბრძანა, რომ ცოლი აჭარიდან მყავს და ერთი ჩემი შვილი მეჩეთში დადის, მეორე ეკლესიაში, ხოლო მესამე ვერსად შევიყვანე და ჩემი უბედურება ესააო. ილოცოს ადამიანმა, სწამდეს, იცხოვროს და ის ყველაფერს გააკეთებს, ხოლო ვინც არსად შედის, ურწმუნო ადამიანი ჩვენს ქვეყანას არ გამოადგება. მე, როგორც ხულოს მაჟორიტარ დეპუტატს, დღესაც მეკითხებიან, როდის შესრულდება მეჩეთის აშენების პირობა, ხალხის ნების ასრულება აუცილებელია.

ბატონო ანზორ, თქვენ თქვით, რომ ურწმუნო ადამიანი ქვეყანას არ გამოადგებაო, რატომ თვლით ასე?

რომელიც არც მეჩეთში შედის, არც ეკლესიაში და არც ერთი სარწმუნოება სწამს. იყო ასეთი მთავრობა, მე ზოგიერთებთან ბოდიშს ვიხდი, მაგრამ კომუნისტების დრო მახსოვს, როდესაც სამლოცველოები საწყობებად იყო გადაკეთებული და ქვეყანა დაქცევის პირას მივიდა ლამის. ამიტომ მოქმედი უნდა იყოს ერთიც და მეორეც და ადამიანს უნდა სწამდეს ღმერთის ძალა და ქვეყნის სიყვარული.

კი, მაგრამ, როდესაც აღმსარებლობის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, ხომ აქვთ ამ ადამიანებს უფლება, რომ ათეისტები იყვნენ? იგივე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და გარკვეულწილად ჩვენთანაც, არსებობენ ათეისტები, რომლებიც სხვებივით მონაწილეობენ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში.

კი, ბატონო. მე არ ვლაპარაობ, რომ თუ არ სწამთ… ჩვენ იმიტომ ვართ, რომ ეს თემები, უფრო მეტად ვისაუბროთ ამ თემებზე და რომელი თემებიც ჩვენს ქვეყანას წინ წასწევს… თუ ახლა კაცი გამოსწორების გზაზე არ არის და იმას ხუთი კიდევ დაუმატე, რა გვექნება მერე? იმ ხუთს დავაკლოთ და ორი იყოს, ის ორი ჩვენს გვერდზე იყოს, კიდევაც ავაშენებინოთ, კიდევაც ვაკეთებინოთ, მაგრამ მთლად ურწმუნო ნუ იქნება.

ევროკავშირის თემაზე საზოგადოებაში სხვადასხვა მოსაზრებები ვრცელდება, რომლებიც ძირითადად სინამდვილეს არ შეესაბამება, დავუშვათ ის, რომ ევროპა გარყვნილების ბუდეა და სხვა. თქვენ რა სტერეოტიპები გახსენდებათ?

სტერეოტიპები, რა თქმა უნდა, ცუდია. არა მარტო ჩვენთან, ევროკავშირის ქვეყნებშიც ბინძური რამ კეთდება ამ მხრივ, მაგრამ ჩვენ რაც კარგია, უნდა გადმოვიღოთ და ცუდზე უარი ვთქვათ.

თქვენ რას მოიაზრებთ ცუდში?

ჩვენს მენტალიტებს რაც არ შეესაბამება და არ ზის, იმას ვერც მივიღებთ.

მაგალითად რას, ბატონო ანზორ?

როგორც თქვენ თქვით რა, გარყვნილებაზეა აქ საუბარი.

ანუ თქვენი აზრით ევროპა გარყვნილია?

არა, გარყვნილი როგორ არის, მე არ მითქვამს, მაგრამ ისეთი რაღაცებია დამკვიდრებული, რაც ქართველებისთვის მიუღებელია. გარყვნილი როგორ შეიძლება იყოს?!

კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, რა არის მიუღებელი საქართველოსთვის?

ქართველებისთვის მიუღებელი რა უნდა იყოს?! – ეს  გადამეტებული, რა ვიცი… ქართველებს თავისი ტრადიცია აქვთ, თავისი მენტალიტეტი აქვთ, რაც მათში არ ზის, მიუღებელია, კონკრეტულად ახლა როგორ გითხრათ…ასე ძალიან ვერ დავკონკრეტდები ახლა.

ბოლო პერიოდში აქტუალურია მარიხუანის დეკრიმინალიზაციის თემა. საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ აღნიშნულ საკითხზე?

მე ვფიქრობ, რომ ასე მკაცრად არ უნდა ისჯებოდეს მოხმარება. კარგი იქნება, თუ პარლამენტი გადახედავს ამას. გასაღებას რაც შეეხება, ვემხრობი, რომ მკაცრად ისჯებოდეს. მომხმარებელი თავის ჯანმრთელობას თვითონ აზიანებს.

რატომ თვლით, რომ ჯანმრთელობას ვნებს, რაზე დაყრდნობით საუბრობთ?

სამედიცინო გამოკვლევებზე დაყრდნობით. სპეციალისტები, ექიმები ამბობენ ამას. სიგარეტია მავნე და ნარკოტიკი რა იქნება, აბა?!

კერძოდ, რომელ კვლევაზე ამბობთ?

ზოგადად ვამბობ. არიან ექიმები, რომლებიც ამას ამბობენ.

რომ არა საქართველო, ევროკავშირის წევრ რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?

ნებისმიერი ქვეყანა მისაღებია, მაგრამ უფრო სკანდინავიური ქვეყნები მომწონს, – ცხოვრების დონე მაღალია.

თქვენს რაიონში მცხოვრებ ხალხს რა სარგებელს მოუტანს ასოცირების ხელშეკრულება?

გააუმჯობესებს ხალხის ცხოვრების დონეს, ეს აისახება ხალხის ფინანსურ მდგომარეობაზე, უვიზოდ მიმოსვლა გახდება შესაძლებელი, უფრო დაცული ვიქნებით, კულტურულად და სოციალურად უფრო განვვითარდებით. ადამიანებს უფრო მეტი შესაძლებლობები ექნებათ.

ევროკავშირზე ფიქრისას რა გახსენდებათ ისეთი, რაც თქვენში ნეგატიურ განცდას იწვევს?

ევროკავშირში ყველაფერი მოსაწონია. ვერ ვხედავ ნეგატიურ რამეს.

ამ პროცესში რუსეთის ფაქტორზე რას იტყვით, რამდენად მოსალოდნელია საფრთხეები?

სავაჭრო ურთიერთობა სხვა თემაა, მაგრამ როდესაც ქვეყან ცდილობს შენი ტერიტორია ჰქონდეს ოკუპირებული, შენი მოსახლეობა იყოს გაჭირვებული და თან გეუბნება, რომ შენი ძმობა უნდა, ეს არარეალურია. რუსეთიდან გამომდინარე საფრთხეები არსებობს 1921 წლიდან და განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

მე სანამ პოლიტიკაში მოვიდოდი, კოდორის ხეობაში ძალიან ბევრი ვიმუშავე, ბევრი გავაკეთე, განმუხური ერთ დღეში დაიწვა და ჩემი გაკეთებული იყო, ჩემი აშენებული, რუსი არასოდეს შემიყვარდება, ვისაც როგორ უნდა ისე მიიღოს ეს ნათქვამი, იმიტომ, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენი ტერიტორიები დაეკავებინათ.

აქვს თუ არა საქართველოს ევროპულ არჩევანს ალტერნატივა?

არანაირი ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენ უფრო მეტად ვიქნებით დაცული და არავის მონა არ ვიქნებით. მეტი განვითარება იქნება, მეტი წინსვლა და მომავალ თაობას უფრო მეტი პერსექტივა ექნება.

როდესაც შემოვა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტი პარლამენტში რატიფიცირებისთვის, მხარს თუ დაუჭერთ?

რა თქმა უნდა.

 


საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება უკვე პარაფირებულია და 27 ივნისს მხარეები ხელს მოაწერენ, რის შემდეგაც საჭიროა საქართველოს პარლამენტში ამ დოკუმენტის რატიფიცირება. “ნეტგაზეთმა” გადაწყვიტა შემოგთავაზოთ ინტერვიუების სერია საქართველოს პარლამენტის წევრებთან ევროპისა და ევროკავშირის შესახებ და მათი პერსონალური გამოცდილება და მოსაზრებები გაგიზიაროთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი