ახალი ამბები

28 ნოემბერი: საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება

28 ნოემბერი, 2018 • 2484
28 ნოემბერი: საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური  იმართება

დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური  იმართება.

28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე, №5 და  სალომე ზურაბიშვილი №48.

ამ კანდიდატებმა არჩევნების პირველ ტურზე ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა დააგროვეს, თუმცა ვერ შეძლეს გამარჯვებისთვის საჭირო [არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობის 50% ზე მეტი] ხმების რაოდენობა.

სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი გუნდი “ქართული ოცნება” უჭერს მხარს, პირველ ტურში ხმების 38.64% მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი- 37.74%.

კანონმდებლობის თანახმად პრეზიდენტი ის კანდიდატი გახდება, რომელიც არჩევნების მეორე ტურში ხმების ყველაზე მეტ რაოდენობას დააგროვებს.

3 მილიონ 528 ათას 658 ამომრჩეველს ხმის მიცემის შესაძლებლობა 3 703 საარჩევნო უბანზე ექნება. აქედან 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.

ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის.

ამომრჩევლებს ხმის მიცემა 20.00 საათამდე შეეძლებათ. ამ დროს დაიხურება საარჩევნო უბნები. თუმცა საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურა გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე.

ავღანეთში მოსამსახურე ქართველმა სამხედროებმა 26 ნოემბერს მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. “მათი ხმები დაითვლება 28 ნოემბერს ცესკოში, საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ“, – აცხადებს ცესკო.

ცესკოს ცნობით, ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი:

“იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არცერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში”.

ცესკოს ცნობით, საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, რომლებიც დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე,  ასევე 4 უბნისთვის დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).

ცესკოს ცნობით, 28 ნოემბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე  მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი